ვეფხისტყაოსანი, 1913 წ.

1813. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად, სახლსა მისსა მისაღებლად მის ყუელასა საჭურჭლისად; აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით წავლად გზისად, ავთანდილ არს გალეული შესაყრელად, მთუარე, მზისად.

1814. მიხუდეს არაბთა საზღვარსა, რა ვლეს მრავალნი ხანები. დახუდათ სოფლები, ციხები, ხშირ ხშირად თანის თანები, მუნ შიგან მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწუანები, ავთანდილისთუის ყუელაი ცრემლითა არს ნაბანები.

1815. ავთანდილ იცნეს, გაისმა ჴმა მათგან სიხარულისა დაიწყეს ყოვლგნით ლაშქართა ქნა მათკენ სიარულისა თაყუანის სცემდა სიმრავლე სპისა პირ მხიარულისა, ქალი ნახიან, შუენება, თქუიან, არს მზისა სრულისა.

1816. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა; შესთუალა: “გკადრებ, მეფეო, სურვილთა სიიეფესა; მე მოვალ მეფე ინდოთა დარბაზსა თქუენსა სეფესა, გიჩუენებ ვარდსა კოკობსა, უფრჭკუნელსა, მოუკრეფესა.

1817. მე ვით ვიმართლო თქუენს წინა შემცოდე ჩემი თავია! მქონდა მე მაშინ ხელ მქნილსა გული ცეცხლ შენართავია; ლაშქარი ვნახე, მამეცა ჭირი ჭირს დანართავია, აწ ლხინით ვნახოთ მგოსანნი და ჩანგთა გამმართავია.

1818. მაშინ თქუენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა, ცდა შეპყრობისა ავი ქენ, შემოტეობა ცხენისა; მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა, დავჴოცე მონა მრავალი, მსახურნი სრისა თქუენისა.

1819. აწ ამად მოვალ წინაშე, დავყარენ ჩემნი გზანია, შემინდოთ, რაცა შეგცოდე, ქმნნეთ გაწყრომისა კმანია. ძღუენი არა მაქუს, გვმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია, ოდენ ძღუნად თქუენი ავთანდილ მე თქუენთვის მომიტანია”.

1820. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა, ვით გაეხარნეს, ვერ იტყუის ენა ერთისა წამისა; თინათინს ღაწუთა ემატა ელვა შუქისა სამისა, ბროლსა და ლალსა აშუენებს მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა.

1821. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა ჴმა მაშინ თქართქარებისა. ლაშქარნი რბოდეს მიდამო, ქნა სწადდა მათკე რებისა. დაიწყეს მოსხმა ცხენისა, მოღება უნაგრებისა, შესხდა სიმრავლე მოყმისა მკლავ ფიცხელ, გულ მაგრებისა.

1822. მეფე შეჯდა; გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმის, მოვიდიან მას წინაშე სხუაგნით სხუანი. ყუელაკაი ღმერთსა მადლობს, გაამაღლეს მათნი ჴმანი, თქუეს: “ბოროტსა უმყოფოო, კეთილნია, შენთუის მზანი!”

1823. რა ერთმანერთი აუჩნდა მიგებულ მოსაგებავთა, ავთანდილ ეტყუის ტარიელს სიტყუათა დანაზებავთა: “აგერა ხედავთ მინდორთა, მტვერითა შენაღებავთა ამისთუის ვიწუი საჴმილი გულსა ედების ებავთა.

1824. ისია ჩემი გამზრდელი და ჩემთვის მოგებებულა. იქი ვერ მივალ, მრცხუენიან, გულსა საჴმილი დებულა, ჩემად არაკად სულ დგმული კაცი არ გაწბილებულა, რასაცა მიზამთ, თქუენ იცით, ფრიდონ თქუენდავე ხლებულა”.

1825. ტარიელ უთხრა: “კარგსა იქ შენ პატრონისა კრძალვასა. აწ დადეგ, იქი ნუ მიხუალ, იქმცა უჩემოდ ხალვასა. მე მივალ, უთხრობ მეფესა შენგან თავისა მალვასა, ვეჭუ, ღმრთითა ადრე შეგყარო მზესა მას, ტანად ალვასა”.

1826. მუნ დადგა ლომი ავთანდილ, დაიდგა მცირე კარავი. ნესტან დარეჯან მუნვე დგას, იგია მჭურეტთა მზარავი, მისთა წამწამთა ნიავი ქრის, ვითა ქარი არავი, წავიდა მეფე ინდოთა მისრული, მიუპარავი.

1827. ფრიდონ წაყუა; განაღამცა გავლეს ველი დიდსა ხანსა; ცნა მეფემან, ტარიელი მარტო მოვა, მოხრის ტანსა; გარდაჴდა და თაყუანი სცა მას უკადრსა, ლომებრ ჯანსა, სდებს პატივსა ინდოთ მეფეს, მართ მამისა შესაგუანსა.

1828. ტარიელცა თაყუანი სცა, მივა კოცნად, სასალამოდ; მეფე ყელსა აკოცებდა მართ ბაგისა დასაამოდ, გაკუირვებით ეუბნების, არის მისგან სათამამოდ: “შენ მზე ხარო, შენი გაყრა არის დღისა შესაღამოდ”.

1829. გაეკვირუა მეფე მისსა თუალადობა სიტურფესა, პირსა უჭურეტს გაკუირვებით, უქებს მკლავთა სიალფესა; კულა ფრიდონცა უსალამა, თაყუანი სცა მან მეფესა, მას მეფესა, ავთანდილის ნახუისათუის მოსწრაფესა.

1830. მეფე ტარიას ქებასა დაკრთების, დაეღონების. ტარიელ ეტყუის: “მეფეო, აწ გული შენ გემონების; მიკუირს, თუ ეგრე სიკეთე თქუენ ჩემი რად გეგონების! რადგან ავთანდილ შენია, სხუა რად ვინ მოგეწონების?

1831. კულა მეფე ჰკითხავს: “ რა უყავთ თქუენი უღირსი ძმობილი? თან რად არ გახლავსთ, ეს მიკუირს, სჭირს რამე დასაგმობილი? შენთა წამალთა ძებნითა გულსა ლაჴუარი სობილი, ამა ლაშქართა თავადი, ჩემგან ძეობით ჴმობილი?!

1832. ნუ გიკუირს მისი ვერ ნახვა და დაყოვნება ხანისა! მოდი და დავსხდეთ, მეფეო, ამოა კორდი მწუანისა, გკადრო მიზეზი მისისა თქუენს წინა ვერ მოტანისა, ვიაჯ რასამე, აწ მმართებს მოთხოვა მე ფარმანისა”.