... (S-4997), XIX ს.

158. ჴელთა ჰქონდა მშვილდი ისარი მათკენ მივა მხიარული ორთა კაცთა წვეროსანთა ყმა მოჰყვანდა უწვერული თავსა იყო დაკოდილი შეებნიდა სისხლსა გული ტიროდეს და იჭიროდეს ცოტა ედგა მას გლახ სული

159. უყივლა თუ ძმანო ვინ ხართ მეკობრეთა დაგამსგავსე მათ მიუგეს დაგვიწყნარდი გვიშველე რა ცეცხლნი ავსე ვერა გვარგო მოგვიმატენ ჭირი ჭირთა მოგვისავსე სატირელნი მოგვიტირენ ღაწვნი შენცა დაიმხავსე

160. ავთანდილ მიდგა ეუბნა მათ კაცთა გულ მდუღარეთა მათ უთხრეს მათი ანბავი ტირილით მოუბარეთა ჩვენ ვართო ძმანი სამნივე მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა დიდი გვაქვს ციხე ქალაქი ხატაეთს არე მარეთა

161. კარგი გვესმა სანადირო ნადირობას წამოვედით გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი წყლისა პირსა გარდავხედით სანადირო მოგვეწონა თვესა ერთსა არ წავედით ვხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით

162. ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით მე უკეთ მოვკლავ მე გჯობო სიტყვანი ვავაქილენით ვერ გავაჩინეთ მართალი ვისარჩლეთ ვითაკილენით

163. დღეს ავყარენით ლაშქარნი სავსენი ირმის ტყავითა ვთქვით გავაჩინოთ მართალი ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა თავსა ვიახელენით მარტონი დავდგეთ თავის თავითა თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ ნუ ვესვრით დამნახავითა

164. ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია ლაშქართა წასლვა უბრძანეთ მით არას მოაზრენია მოვინადირეთ მინდორი ისი ტყენი და ღრენია დავხოცეთ მჴეცნი ფრინველი რც ზედა გარდაგვფრენია

165. ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი პირ გამქუშავია ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა მერანი რამე შავია თავსა და ტანსა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავია ჯერ მისი მგზავსი შვენება კაცთაგან უნახავია

166. უჭურიტეთ მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით ვთქვით თუ მზეაო ქვეყნად ნუ ვეუბნებით ცად ენით მისი მოგვინდა შეპყრობა ვჰკადრეთ ცრემლისა ნადენით ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ ცრემლისა დადენით

167. მე უხუცესმან უმცროსსა კაცი დავსთხოვე ქენებით ჩემან შედეგმან ტაიჭი მისი თვით აქო ხსენებით ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა უალეთ ჩვენებით მივმართეთ იგი ეგრევე წყნარად მივა და შვენებით

168. ბროლმან ლალსა გარეულმან ვარდნი თხელნი ანატიფნა იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა არა გვიხვნა არცა დაგვსხნა ყოლე არად ამოგვკრიფნა მისნი მკვახედ მოუბარნი მათრახითა შეგვამწიფნა

169. უმცროსსა ძმასა მივეცით უფროსსა დავეზიდენით ჴელი მოჰკიდა დადეგო ესეცა ჰკადრა კიდ ენით მან ხმალსა ჴელი არ მიჰყო ჩვენ ამად დავერიდენით თავსა გარდაჰკრა მათრახი ვნახეთ სისხლისა კი დენით

170. მით ერთითა მათრახითა თავი ასრე გარდაჰფრიწა ვითა მკუდარი უსულო ქმნა ვითა მიწა დაამიწა მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა აამიწა თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი კუშტი ამაყი წა

171. აღარ დაბრუნდა წავიდა წყნარად და აუჩქარებლად აგერა მივა ნახეო იგი მზისებრივ მთვარულად შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად

172. აჰა მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა რადგან ცუდად არ წაუხდა მას ეზომი გარეთ ყოვნა კაცსა მიხვდეს საწადელი რას ეძებდეს მისი პოვნა მაშინ მისგან აღარა ხამს გარდასრულთა ჭირთა ჴსოვნა

173. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა მე იმა ყმისა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა აწ თქვენგან მივხვდი საქმესაყოლა არ საადვილოსა ღ~თიმცა ნურას ნუღარ იქმს თქუენსა დასაღრეჯილოსა

174. ვითა მე მივხვდი წადილსა ჩემის გულისა ნებასა აგრემცა ღ~თი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა უჩვენა თვისი სადგომი მიდითო იქს ნება ნებასა ჩრდილსა გარდასვით მაშურალნი მიეცით მოსვენებასა

175. ესე უთხრა და წავიდა ცხენი გაქუსლა დეზითა ან მთვარე მზისა შემყრელი მზე სინათლითა ზეზითა ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა

176. მიეწურა იგონებდა ახლოს შეყრა ვითა აგოს საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიძაგოს

177. რადგან ისი არის სადმე უცნობოდ და ისრე რეტად რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისსა ჭურეტად მივეწევი შევიყრებით ერთის ცემა გვექმნის ჟლეტად ანუ მოვკლა ანუ მამკლავს დავიკარგეთ მეტის მეტად