... (S-4997), XIX ს.

60. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს მიჴოცდეს და მიესროდეს მინდორს სისხლთა მიასხმიდეს რა ისარი დაელივნის მონანი ვე მოართმიდეს მჴეცნი მათგან დაკოდილნი წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს

61. იგი ველი გაირბინეს ჯოგი წინა შემოისხეს დახოცეს და ამოწყვიტეს ცათა ღ~თი შეარისხეს ველნი წითლად შეეღებნეს ნადირთაგან სისხლი ისხეს ავთანდილის შემხედველთა ჰგავს ალვაა ედემს ისხეს

62. იგი მინდორი დალივეს მართ მათგან განარბენია მინდორსა იქით წყალი დისდა წყლისა პირსა კლდენია ნადირნი ტყესა შეესწრეს სადა ვერა რბის ცხენია იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს რაზომცა მჴნენია

63. ერთმანერთსა თუ მე გჯობო სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს იქით და აქათ დგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი რომელნი უკან ჰყვებოდეს უბრძანეს თქვითო მართალი ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს

64. მონათა ჰკადრეს მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისა დარებით აწეცა დაგვხოც ვერა ჰგავ ვერათ ვერ მოგეჴმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავნ მჴეცნი ვერ წაღმა წარებით

65. ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია არ დასცდომია ერთიცა რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი დაგვიჴოცია

66. მეფესა ესე ანბავი უჩანს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა მიჯნურობა აქვს ამისი ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა გულით ამოსლვა დარდისა

67. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შექნეს მოდენა მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უდგს მონა თორმეტი უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ხეთასა აქა ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა და მათგან მაზედან მისვლა

68. ნახეს უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ აბჯარ უნაგირსა ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა გულსა მდუღრად ანატირსა

69. მას ტანსა კაბა ემოსა გარე თმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა ჴელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უმსხოსი მკლავისა ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა

70. მოვიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ მდუღარისად თავ ჩამოგდებით მტირლისა არ ჭვრეტით მოლიზღარისად მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა ჰგია გიშრისა ღარისად ახლოს მივიდა მოსცალდა სიტყვის თქმა აღარისად

71. ვერა ჰკადრა საუბარი მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით თუცა გული უმაგარდა მოახსენა გიბრძანებსო ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი ტირს და არა ესმის მისგან გაუუმეცარდა

72. მის მონისა არა ესმა სიტყვა არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ძახილისა იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკვნიდა გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა გასდის ვითა ნაგუბარი

73. სხვაგან ქნის მისი გონება მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კულავ ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი არცარა გაიგონა მან არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან

74. რა პასუხი არა გასცა მონა გარე შემობრუნდა მეფეს ჰკადრა შემიგტყვია იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს გული მეტად შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი მით დავყოვნე ხანი მუნ და

75. მეფე გაჰკვირდა გაცაწყრა გული უცს მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ჴელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მამგვარეთ ვინ არის იქი მჯდომარე

76. მონანი მიდგეს მივიდეს გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა ტირს მეტად გულ მდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვამეო სხვად არას მოუბარია

77. თვალთა ჴელი უკუივლო ცრემლნი ცხელნი მოიწურნა ხმალ კაპარჭი მოიმაგრამკლავნი გაიმამაცურნა ცხენთა შეჯდა მონათამცა საუბარნი რად იყურნა სხვასა მხარსა გაემართა მათი ჭირნი არა განჰკურნა

78. მონათა ჴელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად მან გლახ იგინი დაჴადნა მტერთაცა საწყალობლად ჰკრა ერთმანერთსა დაჴოცნა თავის ჴელ აუპყრობელად ზოგსა გადაჰკრის მათრახი მკერდამდის გასაპობელად

79. მეფე გასწყრა გაგულისდა მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის არ უჭურიტა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს ყოვლნი მკუდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოსტყორცნა როსტან ამად ივაგლახნა