... (S-4997), XIX ს.

40. დღე ერთ გარდახდა პურობა სმა ჭამა იყო ლხილობა ნადიმად მჯდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს რა სჭირსო შექმნეს ამისი ცილობა

41. თავსა ზის პირ მზე ავთანდილ მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი თვით მასთანავე მჯდომია თქვეს თუ რა უმძიმს მეფესა ანუ რად ფერი ჰკრთომია

42. თქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა თუარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქნილა ავთანდილ თქვა სოგრატ ვჰკითხოთ გვითხრას რაცა შეგვეცილა ვკადროთ რამე სალაღობო რასათვისმცა გაგვაწბილა

43. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა თვითო აივსეს ჭიქები მივლენ ქცევითა წყნარითა წინა მიუსხდეს მუჴლ მოყრით პირითა მოცინარითა ვეზირი ლაღობს ენითა წყლიანად მოუბნარითა

44. დაგიღრეჯია მეფეო აღარ გიცინის პირიო მართალ ხარ წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ ჴშირიო ყოლამცა მეფედ ნუ დასვი თავსა რად უგდე ჭირიო

45. რა მეფემან მოისმინა გაცინებით შემოხედნა გაუკვირდა ვით მკადრაო ან სიტყვანი ვით გაბედნა კარგა ჰქენო დაუმადლა ბრძანებანი უიმედნა ჩემი ძრახვა სიძუნწისა ტყუვის ვინცა დაიყბედნა

46. ეგე არ მიმძიმს ვეზირო ესეა რომე მწყენია სიბერე მახლავს დავლიე სიყმაწვილისა დღენია კაცი არ არის სითგანცა საბრძენებელი ჩვენია რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია

47. ერთაი მიზის ასული ნაზარდი სათუთობითა ღმ~თმან არ მომცა ყმა შვილი ვარ საწუთროსა თმობითა ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად ანუ კულავ ბურთობითა ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე განაზარდობითა

48. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა თავ მოდრეკით გაიღიმნა გაცინება დაუშვენდა თეთრთა კბილთათ გამომაკრთალთა შუქსა ველთა მოაფენდა მეფე ჰკითხავს რას იცინი ანუ ჩემგან რა შეგრცხვენდა

49. კულავ უბრძანა თავსა ჩემსა რას იცინი რას დამგმეო ყმამან ჰკადრა მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო რაცა გკადრო არ გეწყინოს არ გარისხდე არ გასწყრეო არ გამჴადო კადნიერად არ ამიკლო ამაზეო

50. უბრძანა რამცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა ფიცა მზე თინათინისა მის მზისა მოწუარისა ავთანდილ იტყვის დავიწყო კადრება საუბარისა ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა

51. მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია ნაძლევი დავდვათ მოვასხნეთ მოწმად თქვენივე სპანია მოასპარეზედ ვინ მგავსო ცუდიღა უკუთქმანია გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მაედანია

52. მე არ შეგარჩენ თქვენ ჩემსა მაგისა დაცილებასა ბრძანე ვისროლოთ ნუ იქო შედრეკილობა კლებასა კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა მერმე გამოჩნდეს მოედანს ვისძი უთხრობდენ ქებასა

53. ავთანდილცა დამორჩილდა საუბარი გარდაწყვიდეს იცინობდეს ყმაწვილობდეს საყვარლად და კარგად ზმიდეს ნაძლევიცა გააჩინეს ამა პირსა დაასკვნიდეს ვინცა იყოს უარესი თავ შიშველი სამ დღე ვლიდეს

54. კულავ ბრძანეს მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად მოსახმარებლად ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად ნასროლ ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად მიუმცდარებლად

55. მონადირეთა უბრძანა მინდორნი მოიარენით სადაცა დაგხვდესთ ნადირნი სრულასად აქ შემოყარენით დასცევით ჯოგი მრავალი თავნი ამისთვის არენით გაყარეს სმა და ნადიმი მუნ ამაოდ გავიხარენით

56. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი ძოწეულითა მოსილი პირად ბროლ ბალახჩოსანი პირს ოქრო რიდე ეხვია შვენოდა ქარქაშოსანი მეფესა გასლვად აწვევდა მოდგა თეთრ ტაიჭოსანი

57. შეეკაზმა მეფე შეჯდა ნადირობას გამოვიდეს მგრგულივ მინდორსა მოსდგომოდეს ალყად გარე შემოჰყრიდეს ზეიმი და ზარი იყო სპანი ველთა დაჰფარვიდეს ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს

58. უბრძანა მონა თორმეტი მოდით ჩვენთანა ვლიდითა მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით ისარსა მოგვართმიდითა ნაკრავსა შეადარებდით ნასროლსა დასთვალვიდითა დაიწყო მოსულა ნადირმან ყოველთ მინდორთა კიდითა

59. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ მიუწთომელი ირემი თხა და კანჯარი ქურციკი მაღლა მხლტომელი მას პატრონ ყმანი გაუხდეს ჭრეტამცად სჯობდა რომელი აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი