ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

154. “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ჴმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად სხვათა ყმათასა, და ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.

155. “ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, პატრონობდი; დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი, წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღნობდი, და აქა სადმე არ-ყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

156. “ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე, აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე, მე ნუთუცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე, და არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე.

157. “მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკვდილი, — იყავ მართ ვითა მთვრალია, მიხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია. და გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და თვალია.

158. “მაშინ უფრო მომეჴმარე ამისგანცა უფრო მჴნედ-რე, ნუ, თუ ადრე დამივიწყო, მაჴსენებდე ზედა ზედრე! მეტად კარგად დამიურვე, სული ჩემი შეივედრე, და ზრდანი ჩემნი მოიგონენ, გული შენი მოიმდედრე”.

159. რა მონამან მოისმინა, გაუკვირდა, შეეზარა, თვალთა, ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოღვარა, მოაჴსენა: “უშენომან გულმან რამცა გაიხარა! და ვიცი, რომე არ დასდგები, მაგრა გიშლი ამად არა.

160. განა ქნა ლომმან იმედი, დაგედვას რაცა მისადა, მეფისა ცამდის მაღლისა, მზისაცა უფრო მზისადა; უთქვენოდ მყოფი არ ვარგვარ, არცა თუ აქა, ვზი სადა, და მარტოსა თავი ვით დაგიც სავალად მაგა გზისადა?

161. “ჩემად ნაცვლად დაგაგდებო,” — ესე სიტყვა ვით მიბრძანე? რაგვარა ვქმნა პატრონობა? რამც გიფერე, რამც გიგვანე? შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა ვიაკვანე! და სჯობს ორნივე დავიკარგნეთ, წამოგყვები, წამიტანე!”

162. ყმამან უთხრა: “მომისმინე, მართლად გითხრობ, არა ჭრელად: რა მიჯნური ველთა რბოდეს, მარტო უნდა გასაჭრელად. მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად. და კაცი ცრუ და მოღალატე ჴამს ლახვართა დასაჭრელად.

163. “ვისმცა ვუთხარ ხვაშიადი? შენგან კიდე არვინ ვარგა, უშენოსა პატრონობა ვის მივანდო, ვინ ქნას კარგა? სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა! და კვლა ნუთუცა შემოვიქეც, ღმერთმან სრულად არ დამკარგა.

164. ფათერაკი სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოება ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი; აქათ სამ წელ არ მოვიდე, მაშინ გმართებს გლოვა, ფლასი; და წიგნსა მოგცემ, გმორჩილობდეს, ვინცა იყოს ჩემი ხასი”.

აქა წიგნი ავთანდილისა ყმათა მიმართ

165. დაწერა, თუ: “ჩემნო ყმანო, გამზრდელნო და ზოგნო ზრდილნო, ერთგულნო და მისანდონო, ამას ზედა გამოცდილნო, თქვენ ჩემისა საწადილსა მიდგომილნო, ვითა ჩრდილნო, და წიგნი ჩემი მოისმინეთ, ყოვლნო, ერთგან შემოყრილნო!

166. “მიწაცა თქვენი ავთანდილ, ისმინეთ, გიწერ მე რასა: თვით ვიქმ ჴელითა ჩემითა ამა წიგნისა წერასა, ცოტასა ხანსა ვარჩივე გაჭრა სმასა და მღერასა, და პურად და საჭმლად მივენდევ ჩემსა მშვილდსა და ცერასა.

167. “საქმე რამე მიც თავისა ზე სადმე გარდსახვეწელი, დავყო მარტოდ და ღარიბად ესე წლეული მე წელი, გემუდარები ამისთვის, ვარ თქვენი შემომხვეწელი, და მე დამახვედროთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.

168. “მე შერმადინ დამიგდია, ჩემად კერძად პატრონობდეს, სიკვდილსა და სიცოცხლესა სადამდისცა ჩემსა სცნობდეს, ყოვლთა მზეებრ მოგეფინოს, ვარდსა არა, არ აჭკნობდეს, და შემცოდესა ყველაკასა, ვითა ცვილსა, დაადნობდეს.

169. “თქვენცა იცით, გამიზრდია, ვითა ძმა და ვითა შვილი. ამას ასრე ჰმორჩილობდით, არის ვითამც ავთანდილი, ბუკსა იკრას, აქმნევინეთ ყოვლი საქმე, ჩემგან ქმნილი; და მე თუ დრომდის არ მოვიდე, გლოვა გმართებს, არ სიცილი”.

170. ესე წიგნი გაასრულა წყლიანმან და სიტყვა-ნაზმა, წელთა ოქრო შემოირტყა, საღარიბოდ მოეკაზმა, ბრძანა: “მინდორს შევჯდებიო”, ლაშქარიცა დაერაზმა; და მასვე წამსა წამოვიდა, შინა ხანი არა დაზმა.

171. ბრძანა: “წადით ყველაკაი, აქა მომჴრედ არვინ მინა”. მონებიცა მოიშორვა, თავი გაითავისწინა, მარტო გარე შემობრუნდა, შამბი შიგან გაირბინა, და მიწყივ მისად საგონებლად მისი მკულელი თინათინ-ა.

172. იგი ველი გაირბინა, ლაშქართაგან გაეკიდა. ვინმცა ნახა სულიერმან, ანუ ვინმცა გაეკიდა? ვის მახუილი ვერას ავნებს, იმას ვინცა წაეკიდა! და მისგან ტვირთი კაეშნისა ტვირთად ვარგად აეკიდა.