ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

55. ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქუე-ნაბამსა, ნასუქალსა, რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა; და არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა.

56. დღე ერთ გარდაჴდა. პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა. მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. და “ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?”-შექნეს ამისი ცილობა.

57. თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია; ვაზირი ბერი სოგრატი თვით მას თანავე მჯდომია. და თქვეს, თუ: “რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?”.

58. თქვეს, თუ: “ მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, თუარა აქა სამძიმარი მათი ყოლა არა ქმნილა”. ავთანდილ თქვა: “სოგრატ, ვჰკითხოთ, გვითხრას, რამცა შეგვეცილა? და ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა?”

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თვითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუჴლ-მოყრით, პირითა მოცინარითა, და ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

60. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ: წაჴდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო, ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო; და ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”

61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოჰხედნა, გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?! “კარგი ჰქენო, — დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, — და ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუის, ვინცა დაიყბედნა!

62. “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიე სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია, და რომე მას ჩემგან ესწავლნენ სამამაცონი ზნენია.

63. “ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა; ღმერთმან არ მომცა ყმა-შვილი, — ვარ საწუთროსა თმობითა, ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუ კვლა ბურთაობითა; და ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.

64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთა გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. და მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?”

65. კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან ჰკადრა:”მოგაჴსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გაჰრისხდე, არ გასწყრეო, და არ გამჴადო კადნიერად, არ ამიკლო ამადზეო”.

66. უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისი, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: და ნუ ვმშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა,

67. “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე ყმანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო? — ცუდიღა უკუთქმანია. და გარდამწყვეტელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

68. მეფე ლაღი დაწყლიანი გამხიარულდა მეტადრე; სიცილით უთხრა ავთანდილს: “ შვილად გაგზარდე, მით მკადრე; იცი არ ვიწყენ, გაზრდილო, მით შემომიხველ ზედადრე და თუ არ გასწბილდე, მაჯობო, ბედი გეყოფის ბედადრე.

69. “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისსა დაცილებასა. ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქმო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, და მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

70. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდასწყუიტეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკუნიდეს: და “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”

71. კვლა ბრძანა: “ მონა თორმეტი შევსხათ ჩვენთანა მარებლად, თორემტი ჩემად ისრისა მომრთმევლად, მოსაჴმარებლად. – ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, – და ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდეს უტყუვრად, მიუმცდარებლად”.

72. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დასცევით ჯოგი მრავალი, თავნი ამისთვის არენით”. ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით”. და გაყარეს სმა და ნადიმი. მუნ ამოდ გავიხარენით.

73. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლ–ბალახშოსანი, პირ-ოქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი, და მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრ-ტაიჭოსანი.

74. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობად გამოვიდეს; მგრგულივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს, და ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.