ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

192. ყოვლნი არსნი ცათ ქუეშეთნი ერთობ სრულად მომივლიან, მაგრა საქმე მის კაცისა ვერა სადა შემიგნიან; უღონიოდ მართალ იყუნეს, რომელთაცა ქაჯად თქვიაან. და აწ ტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემლნი რასა მდიან!”

193. მთით ჩამოვიდა ავთანდილ, გავლო წყალი და ტყენია, მინდორს აცორვებს ტაიჭსა, შეჟღრენით მონაწყენია. გასცუდებოდეს მკლავნი და მისნი სიამაყენია, და ბროლისა ველსა სტურფობდეს გიშრისა მუნ საყენია.

194. მობრუნება დააპირა, სულთქნა, მერმე ივაგლახა, მას მინდორსა დაემართა, გზა თვალითა გამოსახა; თვესა ერთსა სულიერი კაცი არსად არ ენახა, და მჴეცნი იყუნეს საშინელნი, მაგრა არა შეუზახა.

195. თუცა მჴეც ქნილი ავთანდილ გულ ამოსკუნით და კუნესითა, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა, ისრითა მოკლის ნადირი, როსტომის მკლავს უგრძესითა. და შამბისა პირსა გარდაჴდა, ცეცხლი დააგზო კუესითა.

196. ცხენსა მისცა საძოვარი, ვირე მწვადი შეიწოდეს; ექუსნი რამე ცხენოსანნი, ნახა, მისკენ მოდიოდეს; თქვა თუ: “გვანან მეკობრეთა, თვარამ კარგი რამც იცოდეს! და აქა კაცი ჴორციელი კვლა ყოფილა არაოდეს”.

197. “ ჩვენ ასრე მყოფნი არ ვარგვართ, რა გუნახვენ, ვეჯაბანებით”. შეირტყა წეთა აბჯარი, შეჯდა ტანითა ჯანებით; მზად აქვს მშვილდი და ისარი, ჴრმალი მოიმარჯვა ნებით და მისგან მებრძოლმან ყველამან გაყრამცა იაჯა ნებით.

198. უყივლა თუ: “ძმანო, ვინ ხართ? მეკობრეთა დაგამზგავსე!” მათ მიუგეს: “დაგვიწყნარდი, გვიშველე რა, ცეცხლი ავსე, ვერა გვარგო, მოგვიმატენ, ჭირნი ჭირთა მოგვისავსე, და სატირელნი მოგვიტირენ, ღაწვნი შენცა დაიმხავსე”.

199. ავთანდილ მიდგა, ეუბნა მათ კაცთა გულ მდუღარეთა; მათ უთხრეს მათი ამბავი ტირილით მოუბარეთა: “ჩვენ ვართო ძმანი სამნივე, მით ვიდენთ ცრემლთა მწარეთა, და დია გვაქვს ციხე ქალაქი ხატაეთს არემარეთა.

200. “კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით, გუყუეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავჴედით, სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არვდექით, და ვჴოცდით მჴეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

201. “ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით, მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით: “მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო”, სიტყვანი ვავაქილენით, და ვერ გავაჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ, ვითაკილენით.

202. “დღეს ავჰყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტყავითა, ვთქვიათ: “გავაჩინოთ მართალი, ვინ ვსჯობთ თავისა მკლავითა, თავსა ვეახლნეთ მარტონი, დავდგეთ თავის თავითა, და თვით დანახულსა მოვჰკლვიდეთ, ნუ ვისრვით დამნახავითა”.

203. “ჩვენ ვიახლენით სამთავე სამნივე მეაბჯრენია, ლაშქართა წასვლა უბრძანეთ, მით არას მოაზრენია, მოვინადირეთ მინდორი, ისი ტყენი და ღრენია, და დავჴოცეთ მჴეცი, მფრინველი, რაცა ზე გარდაგუფრენია.

204. “ანაზდად მოყმე გამოჩნდა კუშტი, პირ გამქუშავია, ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია; თავსა და ტანსა ემოსა გარე-თმა ვეფხის ტყავია, და ჯერთ მისი მგზავსი შვენება კაცთაგან უნახავია.

205. “უჭვრიტეთ, მისთა ელვათა შუქნი ძლივ გავიცადენით, ვთქვიათ, თუ: “მზეაო ქუეყნად, ნუ ვეუბნებით ცადენით!” მისი მოგვინდა შეპყრობა, ვჰკადრეთ და შევეცადენით, და ასრე სულთქმით და ვაებით მით ვართ, ცრემლისა დადენით.

206. “მე უხუცესმან უმცროსთა კაცი დავსთხოვე ქენებით; ჩემან შედეგმან ტაიჭი მისი მით აქო ჴსენებით; ამან მართ ოდენ მორევნა გვითხრა, უალლეთ ჩვენ ნებით, და მივმართეთ, იგი აგრევე წყნარად მივა და შვენებით.

207. “ბროლმან, ლალსა გარეულმან, ვარდნი თხელნი ანატიფნა, იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის მეტად გაამყიფნა: არ აგვიხვნა, არცა დაგვსხნა, ყოლა არად ამოგვკრიფნა, მისნი მკუახედ მოუბარნი მათრაჴითა შეგუამწიფნა!

208. “უმცროსსა ძმასა მივეცით, უფროსსა დავეზიდენით; ჴელი მოჰკიდა, “დადეგო!” ესეცა ჰკადრა კიდ ენით; მან ჴრმალსა ჴელი არ მიჰყო, ჩვენ ამად დავერიდენით, და თავსა გარდაჰკრა მათრაჴი, ვნახეთ სისხლისა კი დენით.

209. “მით ერთითა მათრაჴითა თავი ასრე გარდაჰფრიწა, ვითა მკვდარი უსულო ქნა, ვითა მიწა დაამიწა, მისი რასმე მკადრებელი მოამდაბლა, მოამიწა, და თვალთა წინა წაგვივიდა ლაღი, კუშტი, ამაყი, წა!

210. “აღარ დაბრუნდა, წავიდა წყნარად და აუჩქარებლად; აგერა მივა, ნახეო, იგი მზეებრ და მთვარებლად”. შორს უჩვენებდეს ავთანდილს მტირალნი გაუხარებლად, და ოდენ ჩნდა შავი ტაიჭი მისი მის მზისა მარებლად.

211. აჰა, მიხვდა ავთანდილსა ღაწვთა ცრემლით არ დათოვნა, რადგან ცუდად არ წაუჴდა მას ეზომი გარეთ ყოვნა. კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს,უნდა პოვნა, და მაშინ მისგან აღარა ჴამს გარდასრულთა ჭირთა ჴსოვნა.