ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

114. “მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი, შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანება-მიუთხრობელი. გაგზავნე კაცი, ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი, და ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

115. მოასხნეს კაცნი, გაგზავნეს ოთხთავე ცისა კიდეთა, უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა! მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა, და მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

116. კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია, მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია, ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია, და ცუდად მაშურალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

117. მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ჴმელნი მოვიარენით, მაგრა ვერ ვჰპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, მისსა მნახავსა სულ-დგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით, და ჩვენ ვერას გარგეთ, საქმენი სხვანი რამ მოიგვარენით”.

118. მეფე ბრძანებს: “მართალ იყო ასული და ჩემი ძეო, ვნახე რამე ეშმაკისა სიცუდე და სიბილწეო, ჩემად მტერად წამოსრული, გარდმოჭრილი ზეცით ზეო. და გამიშვია შეჭირვება, არა მგამა ყოლა მეო”.

119. ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიადა. მგოსანი და მუშაითი უჴმეს, პოვეს რაცა სადა. დია გასცა საბოძვარი, ყველა დარბაზს შემოხადა. და მისი მგზავსი სიუხვითა ღმერთმან სხვამცა რა დაბადა!

120. ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი; და მოაჴსენა: “გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი”.

121. ავთანდილს მიხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა; უხარის შეყრა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა. და ამაოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა!

122. ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან რცხვენოდა, მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა; იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მგზავსად შვენოდა, და მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაფენოდა.

123. გაძრცვლისა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი, შვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, და მას თეთრსა ყელსა ეკიდნეს გრძლად თმანი არუჴშირონი.

124. დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა, ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა. მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა. და პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა.

125. ყმამან ჰკადრა: “საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების? მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, დაცაჭნების; აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების, და თქვენვე ბრძანეთ, რაცა გიმძიმს, ანუ რაცა გეკურნების”.

126. ქალმან უთხრა საუბარი კეკლუც-სიტყვა არ დუხჭირად; იტყვის: “თუცა აქანამდის ჩემგან შორს ხარ დანამჭირად, მიკვირს, მოგხვდა წამის ყოფად საქმე შენგან საეჭვი რად, და მაგრა გითხრა პირველ ხვალმე, სენი მე მჭირს რაცა ჭირად.

127. “გახსოვს, ოდეს შენ და როსტანს მინდორს მჴეცი დაგეჴოცა, ყმა გენახა უცხო ვინმე, რომე ცრემლი მოეჴოცა? მას უკანით გონებამან მისმან ასრე დამამჴოცა, და შენ გენუკევ მონახვასა, კიდით კიდე მოლახო ცა.

128. “აქანამდის ნაუბნარსა თუცა ვერას ვერ გეტყვია, მაგრა შორით სიყვარული შენგან ჩემი შემიტყვია, ვიცი, რომე გაუწყუედლად თვალთა ღაწვი გისეტყვია, შეუპყრიხარ სიყვარულსა, გული შენი დაუტყვია.

129. “ასრე გითხრა, სამსახური ჩემი გმართებს ამად ორად: პირველ ყმა ხარ, ჴორციელი არავინ გვყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ, დასტურია, არ ნაჭორად; და წა და იგი, მოყმე ძებნე, ახლოს იყოს თუნდა შორად.

130. “შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე, რომე დამჴსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე, გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე, და მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.

131. “სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებარი; ჰპოვო, მოდი გამარჯვებით, მხიარულად მოუბარი; ვერა ჰპოვებ, დავიჯერებ, იყო თურე უჩინარი; და კოკობი და უფურჭვნელი ვარდი დაგხუდე დაუმჭნარი.

132. “ფიცით გითხრობ: შენგან კიდე თუ შევირთო რაცა ქმარი, მზეცა მამხუდეს ჴორციელი, ჩემთვის კაცად შენაქმარი, სრულად მოვსწყდე სამოთხესა, ქუესკნელს ვიყო დასანთქმარი, და შენი მკვლიდეს სიყვარული, გულსა დანა ასაქმარი”.

133. მოაჴსენა ყმამან: “მზეო, ვინ გიშერი აწამწამე, სხვა პასუხი რამცა გკადრე, ანუ რამცა შევიწამე? მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე, და ვითა მონა, სამსახურად განაღამცა წავეწამე!”