ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

212. უთხრა, თუ:”ძმანო, ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმა ყმისა საძებრად მოვჰშორდი საგაზრდილოსა, აწ თქვენგან მივხუდი საქმესა ყოლა არ საადვილოსა, და ღმერთიმცა ნურას ნუღარ იქს თქვენსა დასაღრეჯილოსა!

213. “ვითა მე მივხუდი წადილსა, ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იქს ძმისა თქვენისა ვნებასა!” უჩვენა მისი სადგომი: “მიდითო ნება-ნებასა, და ჩრდილსა გარდასვით, მაშურალი მიეცით მოსვენებასა”.

214. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქვსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა, არ გაშვებული ხეზითა, ან მთვარე, მზისა შემყრელი, მზე სინათლითა ზეზითა; და დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა.

215. მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ჴამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, და არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს.

216. “რადგან ისი არის რადმე უცნობოდ და ისრე რეტად, რომე კაცსა არ მიუშვებს საუბრად და მისად ჭვრეტად, მივეწევი, შევიყრებით ერთმანერთის ცემა ჟლეტად, და ანუ მომკლავ, ანუ მოვკლავ, დავიკარგუვით მეტის-მეტად.’’

217. ავთანდილ იტყვის: “ ეზომნი ჭირნიმცა რად ვაცუდენი, რაცაღა არის, არა არის, თუცა არ ედგნეს ბუდენი; სადაცა მივა, მივიდეს, რაზომც მოვლიდეს ზღუდენი, და მუნაღა ვძებნნე ღონენი ჩემნი არ დასამრუდენი”.

218. წინა-უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშურალნი, არ შეჭამადთა მჭამელნი, არსადა ხანი არ დაყუეს, ერთნი თვალისა წამენი. და მათ თვალთა ცრემლნი სდიოდა, მინდორთა მოსალამენი.

219. დღისით ვლეს და საღამო-ჟამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთა შიგან ქვაბნი იყუნეს, პირსა წყალი ჩანადენი, წყლისა პირსა, არ ითქმოდა, შამბი იყო თუ რასდენი, და ხე დიდროან, თვალ უწდომი, მაღლა კლდემდის ანაყრდენი.

220. მან ყმამან ქვაბსა მიმართა, გავლნა წყალნი და კლდენია; ავთანდილ ცხენსა გარდაჴდა, მონახნა დიდნი ხენია, მას ზედა ჭვრეტად გავიდა, ძირსა დააბა ცხენია, და მუნით უჭვრეტდა. იგი ყმა მივა ცრემლ მინადენია.

221. რა ტყენი გავლნა მან ყმამან, მოსილმან ვეფხის ტყავითა, ქვაბისა კარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა, და იგი ყმა ცხენსა გარდაჴდა, ყელსა მოეჭდო მკლავითა.

222. ყმა-მან უთხრა: “დაო ასმათ, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს, ვეღარ მივხვდით ჟამიერად ჩვენ ვისიცა ცეცხლნი გვწვიდეს” ესე სთქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლნი გარდმოჰსწვიმდეს, და ქალი შებნდა, მოეხვივა, ერთმანერთსა სისხლი სწმიდეს.

223. იგი ტევრი გაეხშირა დანაგლეჯსა მათსა თმასა, ერთმანერთსა ეხვეოდეს: ყმა ქალსა და ქალი ყმასა; იზახდიან, მოსთქმიდიან, ჴმას სცემდიან კლდენი ჴმასა. და ავთანდილ სჭვრეტს გაკუირვებით მათსა ეგრე ქცევა ზმასა.

224. სული დაიღო მან ქალმან, დათმო გულისა წყლულობა, ქვაბს შეიყვანა ტაიჭი, მოჰჴადა აკაზმულობა, მას ყმასა შეჴსნა, შეიღო აბჯრისა წელ მორტყმულობა; და შინა შევიდეს, მას დღესა გარდაჴდა გამოსრულობა.

225. ავთანდილს უკვირს: “ამბავი ისი თუ ვცნაო მე რითა?!” გათენდა, ქალი გარდმოდგა, მოსილი მითვე ფერითა, შავსა აუდვა ლაგამი, სწმედდა რიდისა წვერითა, და შეჰკაზმა, მოაქვს აბჯარი წყნარად, არ რამე ჩხერითა.

226. მის მოყმისა წესი იყო, მეტსა თურე არას ეჯდა. ქალი ტირს და მკერდსა იცემს, თმისა ტევრსა გაიგლეჯდა; ერთმანერთსა მოეხვივნეს, აკოცა და ცხენსა შეჯდა; და ასმათ, აგრე დაღრეჯილი, კვლა უფრორე დაიღრეჯდა.

227. ავთანდილ ახლოს კვლა ნახა სახე მისივე კაცისა, ულვაშ-აშლილი, წვერ გამო, “ნუთუ მზეაო”, თქვა, “ცისა?” ეყნოსა სული ალვისა, ქართაგან მონატაცისა; და ასრე უჩნს მოკლვა ლომისა, მართ ვითა ლომსა ვაცისა.

228. მასვე გზასა წამოვიდა, რომე გუშინ შეეარა, შამბი გავლო, გაეშორა, თავი მინდორს გააგარა; ავთანდილ სჭვრეტს გაკუირვებით, მალვით ხესა მოეფარა, და თქვა თუ: “ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა.

229. “აწ ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვაჯობინო? ქალი შევიპყრა, მის ყმისა ამბავი ვაამბობინო, ჩემიცა ვუთხრა ყველაი, მართალი გავაბრჭობინო, და მას ყმასა ჴრმალი არა ვჰკრა, არცა მას დავასობინო”

230. ჩამოვიდა, ცხენი აჴსნა, მისგან ხესა შემობმული, ზედა შეჯდა, გაემართა, ქვაბი დახვდა კარ გაჴმული. მუნით ქალი გამოიჭრა გულ მდუღარე, ცრემლ დასხმული, და ეგონა, თუ: დაბრუნდაო პირი ვარდი, ფერ ბაკმული.

231. ვერ იცნა, სახე არ ჰგვანდა მისი მის ყმისა სახესა; ფიცხლა გაიქცა, მიჰმართა ზახილით კლდესა და ხესა; ყმა გარდაიჭრა, დააბა, ვითა კაკაბი მახესა; და ჴმას სცემდეს კლდენი ქალისა ზახილსა მუნ ერთ სახესა.