ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

75. უბრძანა: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგუცემდით, ისარსა მოგუართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!” და დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

76. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშ–მიუწვდომელი: ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხტომელი. მას პატრონ-ყმანი გაუჴდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! და აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

77. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს. მიჴოცდეს და მიისროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს, რა ისარი დაელივის, მონანიყე მიართმიდეს. მჴეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

78. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დაჴოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს,ნადირთაგან სისხლი ისხეს. და ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”.

79. იგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა კლდენია. ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია. და იგი მაშურალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მჴნენია.

80. ერთმანერთსა თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს, ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ სდგებოდეს. მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყუებოდეს, და უბრძანა: “თქვიათო მართალი, ჩვენ თქვენგან არა გუთნებოდეს”.

81. მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცდარებით; მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით, აწემცა დაგუჴოც, ვერა ჰგავ, — ვერათ ვერ მოგეჴმარებით, — და ვისგან ნაკრავი გვინახვან მჴეცნი ვერ წაღმა წარებით.

82. “ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუჴოცია: არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია, და თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიჴოცია”.

83. მეფესა ესე ამბავი უჩანს, ვით მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა, აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, და სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსვლა დარდისა.

84. იგი ორნივე საგრილად გარდაჴდეს ძირსა ხეთასა. ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა. ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმჴნესი სხვათა მჴნეთასა. და თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის-ტყაოსნისა

85. ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა, ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა. და ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

86. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე-თმა ვეფხის ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა, ჴელთა ნაჭედი მათრაჴი ჰქონდა უსხოსი მკლავისა; და ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

87. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულ-მდუღარისად, თავ-ჩამოგდებით მტირლისად, არ ჭვრეტით მოლიზღარისად, — მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად,— და ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

88. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდხან უჭვრეტს გაკუირვებით, თუცა გული უმაგარდა; მოაჴსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა. და იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.

89. მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი, მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი, უცხოდ რასმე ამოსკუნიდა გული ცეცხლთა ნადებარი, და ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

90. სხვაგან ქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან! ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან, და არცა გახლიჩა ბაგეთა თავი ვარდისა კონამან.

91. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა, როსტანს ჰკადრა: “შემიტყუია, იმას თქვენი არა უნდა; თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული მეტად შემიძრწუნდა, და ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და-“

92. მეფე გაკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე; გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე, უბრძანა: “ჴელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე და მიდით და აქა მომგუარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე”.

93. მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია; მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულ-მდუღარია, თვალნი მოარნა ყოველგნით, ნახა ლაშქართა ჯარია, და ერთხელ ესე თქვა: “ვაი მეო”, სხვად არას მოუბარია.