ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

94. თვალთა ჴელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა, ჴრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა, ცხენსა შეჯდა, — მონათამცა საუბარნი რად იყურნა! და სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განჰკურნა.

95. მონათა ჴელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად. მან, იგინი, გლახ დაჴადნა მტერთაცა საწყალობელად: ჰკრნა ერთმანერთსა, დაჴოცნა თავსა ჴელ-აუპყრობელად, და ზოგსა გადაჰკრის მათრაჴი, მკერდამდის გასაპობელად.

96. მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა; მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტნა, არცა ნახნა, რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა, და კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა.

97. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად. იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად, ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად, და შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.

98. რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრაჴი მისსა ცხენსა. მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა, ჰგვანდა ქუესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა; და ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

99. კვალი ძებნეს და უკვირდა ვერ-პოვნა ნაკვალევისა, აგრე კვალ-წმიდად წაჴდომა კაცისა, ვითა დევისა; ლაშქარნი მკვდართა ტიროდეს, სწრაფა აქუთ წყლულთა ხვევისა. და მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.

100. ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქანამდის ჩემი შვება, ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანაღულება, სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალ-უც განკურნება. და მას ვემადლი! ასრე იყო წადილი და მისი ნება”.

101. ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა, არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა; ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მჴეცთა სრვიდა; და ზოგთა თქვეს, თუ: “მართალია”, ზოგი, ღმერთო, უზრახვიდა.

102. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი; მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი. ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი. და გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

103. თინათინს ესმა ეგეთი მამისა დაღრეჯილობა, ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა, – მოლარე იჴმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღვიძილობა?” და მან მოაჴსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერშეცვლილობა.

104. “ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა; უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა“ თინათინ ბრძანა: “ აწ წავალ, შესვლა არ ჴამს ჟამით-ა, და მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა”.

105. ხანი გამოხდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?” მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწაღა ფერ ნამკრთალიო, და დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.

106. უბრძანა, თუ: “წადი, უჴმე! უმისობა ვით გავსძლეო? მოაჴსენე: “რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო? მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო, და გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო””.

107. თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა, უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა. მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნება-ნებასა, და უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?”

108. ქალმან ჰკადრა: “ჴელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს! თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს! კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭუ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

109. უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია, მომქარვებელი სევდისა, მართ ვითა მუფარახია. და ვეჭუ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულ-თქმა და ახია.

110. “უცხოსა და საკუირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე, მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ჴმელთა კიდე. რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე; და ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

111. “მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიჴოცნა. შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიჴოცნა, ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა, და ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

112. “ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს, დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს. ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს, და სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”

113. ქალმან ჰკადრა: “მოგაჴსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა? რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? და ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!