ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

173. რა ლაშქართა ინადირეს და პატრონი მოითვალეს, იგი პირ-მზე ვეღარ ჰპოვეს, პირი მათი იფერმკთალეს, მათსა დიდსა სიხარულსა სიმძიმილი ანაცვალეს, და ყოვლგან რბოდეს საძებარად, ვინცა იყო უცხენმალეს.

174. “ღმერთი, ლომო, შენად ნაცვლად სხვასა ვისმცა დაჰნერგვიდეს,” დარბოდეს და სხვა-გნით სხვათა მოამბეთა მოასხმიდეს ვეღარა ცნეს მისი საქმე, გაიარა აქათ კიდეს, და მისნი სპანი გულ-მოკლულნი ცრემლსა ცხელსა გარდმოჰყრიდეს.

175. შერმადინ ერთგან შეყარნა ხასნი და დიდებულები, უჩვენა იგი უსტარი, ამბავი მისი თქმულები. რა მოისმინეს, ყველაი დარჩა გულ-დანაწყლულები, და თავსა იცემდეს, არ იყო გული უცრემლო, ულები.

176. ყოვლთა ჰკადრეს: “თუცა ყოფა ჩვენ უმისოდ გვეარმისცა, უშენოსა საჯდომი და ტახტი მისი ვისმცა მისცა? განაღამცა გმორჩილობდით, თუ გვიბრძანო რაცა ვისცა!” და იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანის-სცა.

წასვლა ავთანდილისა ძებნად ტარიელისა

177. ამ საქმესა მემოწმების დიონოსი ბრძენი, ეზროს: საბრალოა, ოდეს ვარდი დაეთრთვილოს, დაცაეზროს. ვის ბალახში არა ჰგვანდეს და ლერწამი ტანად ეზროს, და იგი სადმე გაღარიბდეს, სამყოფთაგან იაბეზროს.

178. ავთანდილ იგი მინდორი ოთხ აჴმით გარდაიარა, დააგდო მზღვარი არაბთა, სხვათ მზღვართა არე იარა, მაგრა მის მზისა გაყრამან სიცოცხლე გაუზიარა; და თქვა: “თუ მე მასმცა ვიახელ, აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა”.

179. ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა; მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიმართის დანასა; თქვიას: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა, მოვშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”

180. ვარდი მის მზისა გაყრილი უფრო და უფრო ჭკნებოდა, გულსა უთხრის, თუ: “დასთმეო”, ამად არ დია ბნდებოდა. უცხო უცხოთა ადგილთა საძებრად იარებოდა, და მგზავრთა ჰკითხევიდის ამბავთა, მათ თანა ემოყურებოდა.

181. მუნ ეძებს, ცრემლით მტირალი სდის ზღვათა შესართავისად. უჩნდის ქვეყანა ტახტად და მკლავი სადებლად თავისად. თქვიას: “საყვარელო, მოგშორდი გული შენ დაგრჩა, ვთქვა ვისად? და შენთვის სიკვდილი მეყოფის ლხინად ჩემისა თავისად”.

182. ყოვლი პირი ქუეყანისა მოვლო, სრულად მოიარა, ასრე რომე ცასა ქუეშე არ დაურჩა, არ იარა, მაგრა იგი მის ამბისა მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა. და ამაშიგან წელიწადი სამი სამ თვედ მიიყარა.

183. მიხვდა რასმე ქვეყანასა უგემურსა, მეტად მქისსა, თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს, ვერას შვილსა ადამისსა, იგი ჭირი არ უნახავს არ რამინს და არცა ვისსა, და დღე და ღამე იგონებდა საყვარელსა მასვე მისსა.

184. მას მიხვდა წევრი სადგურად მაღლისა მთისა დიდისა, გამოჩნდა მუნით მინდორი, სავალი დღისა შვიდისა. მის მთისა ძირსა წყალი დის, არად სანდომი ჴიდისა, და ორგნითვე ტყესა შეეკრა ნაპირი წყლისა კიდისა.

185. ზედ წაადგა, შეექცევის, დროთა, დღეთა ანგარიშობს; თვენი ესხნეს ორანიღაა, ამად სულთქვამს, არა იშობს; “ვაი თუ საქმე გამიმჟღავნდეს! კვლა ამისთვის გულმოშიშობს, და ავსა კარგად ვერვინ შესცვლის, თავსა ახლად ვერვინ იშობს”.

186. საგონებელი შეექნა, დადგა საქმისა მრჩეველად. თქვა: “თუ დავბრუნდე, ეზომი ხანი რად დავყავ მე ველად? ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა, ვიყავ რად დღეთა მლეველად, და მისი ვერა ვცნა ჭორადცა, ვარ ვისთა გზათა მკვლეველად?”

187. თუ არ დავბრუნდე, საძებრად დავყვნე სხვანიცა ხანანი, რომელსა ვეძებ, ვერა ვსცნე ამბავნი მე მისთანანი, დრო გარდაუწყდეს შერმადინს, მიხვდეს ღაწვისა ბანანი, და მივიდეს, ჰკადროს მეფესა საქმენი დასაგვანანი!”

188. “უამბოს ჩემი სიკვდილი, თვით ჩემგან დავედრებული, მათ შექმნან გლოვა ტირილი, ქნან საქმე გამწარებული: მერმე მივიდე ცოცოხალი, მე სხვაგან სადმე რებული!”– და ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული.

189. იტყვის: “ღმერთო, სამართალნი შენნი ჩემთვის რად ამრუდენ! მე ეზომი სიარულნი კიდე რად, გლახ, გამიცუდენ! გულით ჩემით სიხარულნი აღფხურენ, ჭირნი დააბუდენ, და დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი ვერათოდეს დავიყუდენ”.

190. თავს უთხრა: “მოჰკვე, გიჯობსო სიცოცხლეს აუგიანსა, მიხვალ დაგხვდების თინათინ, ანათებს დღესა მზიანსა გკითხოს მის ყმისა ამბავი, რა გმართებს ვაგლახიანსა”. და იგონებს წამწამ, მიჰყვების ტყის პირსა შამბნარ-წყლიანსა.

191. კვლაცა იტყვის: “დათმობა სჯობს”, და თავსავე ეუბნების: “დღეთა მეტად ნუ მოჰკვდები, გული ჩემი ნუ დადნების, უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების, და განგებასა ვერვინ შესცვლის, არ საქნელი არ იქნების”.