ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

35. უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა: რა ვარდმან მისი ყვავილი გააჴმოს, დაამჭნაროსა, იგი წაჴდების, სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა, – და მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსუჭვრეტთ, ღამესა უმთვაროსა.

36. “მე გარდასრულ ვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! და ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

37. ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა? ვარდი თუ გაჴმეს, ეგრეცა გუმართებს მისივე ჯერობა: მისივე ჰმეტობს ყვავილსა სული და ტურფა ფერობა. და მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა!

38. “მაგას ნუ ბრაძანებთ, მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭნობია, თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია; ჴმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია: და სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.

39. “თუცა ქალია, ჴელმწიფედ მართ ღმრთისა დანაბადია; არ გათნევთ, იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კვლა დია; შუქთა მისთაებრ საქმეცა მისი მზებრ განაცხადია. და ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.

40. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირ-სპასალარისა, საროსა მჯობი ნაზარდი, მგზავსი მზისა და მთვარისა, ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა; მას თინათინის შვენება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა.

41. გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად; რა მოჰშორდის, ვერ-მჭვრეტელმან ვარდი შექმნის ფერ-ნაკლულად; ნახის, ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად. და საბრალოა, სიყვარული კაცსა შეიქმს გულ-მოკლულად!

42. რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიხვდა სიამე, ვსება სჭირს მის სოქ ალისა; თქვა: “ზედაზედა მომხუდების ნახვა მის ბროლ-ფიქალისა, და ნუთუ მით ვპოო წამალი მე ჩემი ფერ-გამქრალისა!”

43. არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან: “თინათინ ჩემი ჴელმწიფედ დავსვი მე, მისმან მშობელმან, მან გაანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათლობელმან. და მოდით და ნახეთ ყოველმან შემსხმელმან, შემამკობელმან!”

44. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი განმრავლდა ხასისა: ავთანდილ პირ-მზე, სპასპეტი ლაშქრისა ბევრ-ათასისა, ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა; და მათ რომე დადგეს საჯდომი, თქვეს: “უთქმელია ფასისა!”

45. თინათინ მიყავს მამასა პირითა მით ნათელითა, დასვა და თავსა გჳრგჳნი დასდგა თავისა ჴელითა, მისცა სკიპტრა და შემოსა მეფეთა სამოსელითა. და ქალი მზეებრ სჭვრეტს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა.

46. უკუ-დგეს და თაყვანი სცეს მეფემან და მისთა სპათა, დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა, ბუკსა ჰკრეს და წინწილანი დაატკბობდეს მათთაჴმათა. და ქალი ტირს და ცრემლთა აფრქუევს, ხრის ყორნისა ბოლო-ფრთათა.

47. მამისა ტახტსა საჯდომლად თავი არ ეღირსებოდა, ამად ტირს, ბაღი ვარდისა ცრემლითა აივსებოდა; მეფე სწურთის: ”მამა ყოველი ძისაგან ითავსებოდა, და ამისად ქმნამდის დამწველი ცეცხლი არ დამევსებოდა”.

48. უბრძანა: “ნუ სტირ, ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი: დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ჴელმწიფედ ჴმობილი, აქათგან ესე სამეფო მართ შენია მონდობილი. და ხარმცა ბრძნად მქნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი!

49. “ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წურილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! უხვი აჴსნილთა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ების. და უხვად გასცემდი, ზღვათაცა შესდის და გაედინების.

50. “მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია: უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; სმა-ჭამა — დიდად შესარგი, დება რა სავარგულია? და რასაცა გასცემთ, შენია; რაც არა, დაკარგულია!”

51. ამა მამისა სწავლასა ქალი ბრძნად მოისმინებდა, ყურსა უპყრობდა, ისმენდა,წურთასა არ მოიწყინებდა; მეფე სმასა და მღერასა იქს, მეტად მოილხინებდა; და თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა.

52. მოიჴმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: “ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი”. და მოართვეს. გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი.

53. მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: “ვიქ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, და ჩემსა ნუვინ ნუ დამალავთ საჭურჭლესა დადებულსა”.

54. უბრძანა: “წადით, გაჴსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!” მოიღეს. გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. და ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია.