ვეფხისტყაოსანი, 1914 წ.

134. კვლაცა ჰკადრა: “აჰა, მზეო, ღმერთმან რათგან მზედ დაგბადა, მით გმორჩილობს ზეციერი მნათობია რაცა სადა; მე რომ თქვენგან მოვისმინენ წყალობანი, მედიადა, და ვარდი ჩემი არ დაჭკნების, შუქი შენი იეფადა”.

135. კვლა შეჰფიცეს ერთმანერთსა, დააპირეს ესე პირი; გასალდეს და გაამრავლეს საუბარი სიტყვა-ხშირი. გაადვილდა, აქანამდის გარდეჴადა რაცა ჭირი; და თეთრთა კბილთა გამოჰკრთების თეთრი ელვა ვითა ჭვირი.

136. ერთგან დასხდეს, ილაღობეს, საუბარი ასად აგეს, ბროლ-ბადახში შეხვეული და გიშერი ასადაგეს; ყმა ეტყუის თუ: “შენთა მჭვრეტთა თავი ჴელი ასადაგეს! და ცეცხლთა, მანდით მოდებულთა, გული ჩემი ასადაგეს”.

137. ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა, უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა, ბროლსა სეტყუს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა, და გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.

138. თქვა: “მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე, ბროლი და ლალი გასრულ ვარ ქარვისა უყუითლესად-რე. მაშინ რაღა ვქმნა, ვერ-ჭვრეტა რა მომხუდეს კვლა უგრძესად-რე! და ჴამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესად-რე”.

139. საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეჴოცების, ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების; რა მილულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების, და შეკრთის, დიდნი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების.

140. მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ, ცრემლსა, ვითა მარგალიტსა სწვიმს ვარდისა დასანაზოდ. რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ, და ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

141. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია, შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია: ყოველი პირი მიწისა თქვენ ჴრმლითა დაგიმონია, და აწ თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია.

142. “მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ჴელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვგმირო, მორჩილ-ქმნილთა გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო, და ძღვენი გკადრნე ზედას-ზედა, არ სალამი დავაძვირო”.

143. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა, ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გარდაუჴდელობა აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქუელობა. და წა, მაგრა მამხუდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!”

144. ყმა შევიდა, თაყვანი-სცა, მადლი რამე მოაჴსენა: ჴელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა?! აწ ნუთუ კვლა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა. და პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა”.

145. მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაჰკოცნა ვითა შვილი, სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი! ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი; და როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ბილი.

146. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მჴნე, ლაღად მავალი. ოც დღე იარა, ღამესა დღეს ზედა წართო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი, და არ მისცილდების თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.

147. რა მოვიდა, სიხარული შიგან გაჰჴდა სამეფოსა. მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღუნიდეს იეფოსა. იგი პირ-მზე არ მოსცდების სიარულსა სასწრაფოსა. და მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

148. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა, გარე კლდე იყო, გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა, ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა, და გამზრდელი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

149. ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული, თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული. მან არ იცოდა აქამდის მის ყმისა ცეცხლი დებული, და აწ გაუცხადა სიტყვები მის მზისა იმედებული.

150. უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხუენიან, ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან, მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან! და მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

151. “მოუკლავარ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა, ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა, ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა, და აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.

152. “მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, სრულ-ვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა, ქმარი არ მინდა უშენოდ, მომხუდესცა ხისა რგულისა”, და მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

153. “პირველ, ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად, — ჴამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად,— მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად. და ჴამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუჴდეს მამაცურად.