... (W-17), XVII ს.

1564. თინათინს ჰკადრეს ყოველი მეფეთა ნაუბარია მწადიან მიხუდეს ავთანდილს პირ ბრძენთა საქებარია ინდოთა მეფე შექნილა ჩვენს შუა დამწყობარია აწყა გათავდეს ყუელაი გული გულს შენებარია

1565. ქალმან ჰკადრა თუ მეფეო რადღა ვიხმარებ ენასა მაგრამ მოველი მშობლურად თქვენთაგან არავე წყენასა თუ თქვენ გაწყინო ნუმც ოდეს მოველი ზეცით ლხენასა ბრძანებას ვექმნე მორჩილი ესე თურე სწადს ზენასა

1566. თუ შეგერთო ერთი მონა თქუენთვის არცა მაშინ მშურდა ვინცა გკადრა შეცილება უშმაგომცა ვით მოგმდურდა თუ ავთანდილ არ მიყუარდა აგრე მისთვის რად მომსურდა დია ღ~თო წინაშე ვარ ესე ჩემგან დადასტურდა

1567. რა ტარიელ მეფისაგან ესე სიტყუა მოისმინა დადრკა მდაბლად ეთაყვანა პირსა ზედა დაეფინა კულავ მეფემან თაყუანისცა წამორევლო წადგა წინა ერთმანერთი მოიმადლეს მათ ერთსაცა არ ეწყინა

1568. ტარიელ ფრიდონ გაგზავნა მის ყმისა მოსაყვანელად შესთვალა მოდი გიბრძანებს იგი შენ ვისად სჩანს ელად ჭირნი გარდაჴდეს მოგაკლდა ცრემლი ღაწვისა მბანელად ნუღარ ეშიშვი სახმილსა შენი დამწველია ნელად

1569. ფრიდონ შეჯდა ავთანდილის მახარობლად გაექანა ესდენ დიდი სიხარული გაეხარნენ მასმცა განა წავიდა და წამოუძღვა მოიყუანა მოჰყუა თანა მაგრა ირცხვის მეფისაგან შუქი ბნელად მოევანა

1570. მეფე ადგამოეგება ყმა გარდაჴდა რა მივიდა ჴელთა ჰქონდა ჴელმანდილი პირსა მითა იფარვიდა მზე ღრუბელსა მოფარვოდა ქუშდებოდა ვარდსა ზრვიდა მაგრა მისსა შვენებასა რამცა ვითა დაფარვიდა

1571. მეფე კოცნასა ლამობდა აღარა ცრემლნი სდენიან ავთანდილ ფერჴთა ეხუევის შუქნი ქუე დაუფენიან უბრძანა ადეგ ნუ ირცხვი შენ ზნენი გამოგჩენიან რადგან მერჩიო ნუ მერცხუი გაე რასაღა გრცხუენიან

1572. მოეხვია გარდაჰკოცნა მან პირისა არემარე დამივსეო ცეცხლი ცხელი მაგრა წყალი არე მარე ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემა რე გვალე შეგყრი ლომო მზესა თავი მისკენ არე მარე

1573. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა ახლოს უზის ეუბნების აკოცებს და უჭვრეტს პირსა იგი მზეა ჴელმწიფობა ასრე მიხვდა ვითა ღირსა მაშინ ლხინი ამო არის რა გარდიჴდის კაცი ჭირსა

1574. ყმა მეფესა მოახსენებს მიკუირს სხვასა რად რას ბრძანებ რად არ გინდა ნახვა მზისა ანუ რადღა აგვიანებ მიეგებვი მხიარული სახლსა თქუენსა მოიყვანებ შემოიმოს შუქთა მისთა ნათლად გარე მოივანებ

1575. ტარიელსცა მოახსენა შესხდეს ქალსა მიეგებნეს მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს მიხუდეს მათსა საწადელსა იგი პოვეს რაცა ძებნეს ჴელი ჰჴადეს ჴმალთა მათთა არა ცუდად წელთა ებნეს

1576. მეფემან ქალს უსალამა მან შორით გარდახდომილმან დაუყუნა თვალნი ელვამან მისთა ღაწვთაგან კრთომილმან გამოეგება აკოცა კუბოსა შიგან მჯდომილმან დაუწყო ქება მეფემან თვით ვერას ვერმიხვდომილმან

1577. ეტყვის მზეო ვითა გაქო ნათელო და დარიანო შენთვის ჴელნი გონებანი არა ცუდად არიანო მზიანო და მთვარიანო ეტლო კარგო გვარიანო თქუენ საჭურეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო

1578. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა ვით მზემან დაყუნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა სითაც გამოჩნდის იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა

1579. შინა წავიდეს ყოველნი შესხდეს თავისა დარებად ჰგვანდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად არ მიიწდომის სიტურფე არს მათგან მიუხუდარებად ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად არებად

1580. შევიდეს ნახეს თინათინ მჭურეტთა მიმცემი ჭირისა სკიპტროსანგვირგვინოსანსა შვენოდა ცმა პორფირისა მისრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა შევიდა მეფე ინდოთა იგი მზე მგზავსი გმირისა

1581. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს მოეგებნეს აკოცეს და საუბარი დააამეს იგი სახლი გაანათლეს არ ნათელი შეაღამეს ბროლ ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს

1582. თინათინ ზედა აწვივნა ტახტსა მეფეთა ზეთასა ტარიელ უთხრა შენ დაჯე სწადიან ბრჭესა ბრჭეთასა დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზესა მზეთასა

1583. ორთავე ჴელი მოჰკიდა და დასვეს ტახტსა თავისსა გვერდსა დაუსვეს ავთანდილ სურვილსა მოეკლა ვისსა უნახავსა და ნახულსა სჯობს ყოვლსა სანახავისსა ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა ნუმცა თუ რამინს და ვისსა