... (H-742), XIX ს.

1476. რა კაცი ტარიელისა ესტუმრა ზღვათა მფლობელსა. წესია გული გაჰკრთების ამბავსა გასაკრთომელსა. მისცა მადლი და დიდება ღმერთსა მართლისა მბრჭობელსა. მაშინვე შეჯდა არ უნდა მისვლა სხვასაღა მხმობელსა.

1477. ბარგი აჰკიდა გააგო ქმნა ქორწილისა მათისა. მას მოაქვს რიცხვი ტურფათა არს სიდიადე სათისა. ფატმან ჰყავს თანა იარეს სავალი დღისა ათისა. უხარის ნახვა ლომისა და მზისა ხმელთა მნათისა.

1478. შორს გაეგებნეს სამნივე დიდსა მეფესა ზღვათასა. გარდაჰხდეს მდაბლად აკოცეს გარესწყდეს ჯარსა სპათასა. შეასხეს ქება ტარიელს მან მადლი გაუათასა. ქალი რა ნახეს ჰსტრფიალობს შუქსა მას ბროლ ბაკმათასა.

1479. ფატმან ხათუნს მისსა მჭვრეტსა ედებოდა ცეცხლი ნელი. მოეხვია გარდუკოცნა ხელი ფერხი პირი ყელი. იტყვის ღმერთო გემსახურო განმინათლდა რათგან ბნელი. ვსცან სიმოკლე ბოროტისა კეთილია შენი გრძელი.

1480. ქალი ფატმანს ეხვეოდა ტკბილად იტყვის არ გამწყრალი. ღმერთმან გული განმინათლა გახეთქილი გაცამწყრალი. აწ აგრე ვარ გავსებული წინას ვიყავ ვითა მცხრალი. მზემან შუქნი შემომადგნა ვარდი მით ვჩან არ დამზრალი.

1481. ზღვათა მეფე გარდაიხდის მუნ ქორწილსა მეტად დიდსა. ქაჯეთიცა დაუმადლა არ გაუშვა დღესა შვიდსა. უხვად გასცემს საბოძვარსა საჭურჭლესა ანაკიდსა. პერპერასა დაფანტულსა ზედა ჰსცვეთდეს ვითა ხიდსა.

1482. მუნ იდვის გორი ლარისა სტავრისა და ატლასისა. ტარიელს უძღვნა გვირგვინი ვერ დანადები ფასისა. იაგუნდისა მრთელისა ყვითლისა მეტად ხასისა. კვლავ ერთი ტახტი ოქროსა წითლისა მართ ხალასისა.

1483. ნესტან დარეჯანს ყაბაჩა უძღვნა შემკული თვალითა. იაგუნდითა წითლითა ბადახშითა და ლალითა. დასხდეს ორნივე ქალ ყმანი პირითა ელვა მკრთალითა. მათნი მჭვრეტელნი დაიწვნეს ცეცხლითა მართ ახალითა.

1484. ავთანდილს და ფრიდონს უძღვნა უსაზომო დიდი ძღვენი. ძვირფასისა უნაგირი უკეთესი თვითო ცხენი. თითო კაბა თვალიანი უცხო ფერთა შუქთა მფენი. მოახსენეს მადლი რა ვსთქვათ სვიანამცა დავლა თქვენი.

1485. ტარიელ მადლსა გარდიხდის ტურფა სიტყვითა ენითა. დიდად ვიამე მეფეო პირველ ნახვითა თქუენითა. მერმე აგვავსენ მრავლითა ტურფა ფერითა ძღვენითა. ვიცი შორი შორ არ ჩავლა ჩვენ თქვენი კარგად ვჰქენითა.

1486. ზღვათა მეფე მოახსენებს ხელმწიფეო ლომო ქველო. მოახლეთა სიცოცხლეო ვერ მჭვრეტელთა შორით მკლულო. მსგავსი თქვენი რამცა მეძღვნა შვენიერო სანახველო. რა მოგშორდე რა მერგების საჭვრეტელად სასურველო.

1487. ტარელ ფატმანს უბრძანა მე თავი შენი მიდია. დავ გული შენი ჩემზედა გარდაუხდელი დიდია. აწ რაცა ქაჯთა საჭურჭლე ქაჯეთით ამიკიდია. მომიცემია წაიღე არ კიდე მომიყიდია.

1488. ფატმან ხათუნ თაყვანისცა ჰკადრებს მადლსა მეტის მეტსა. მე მეფეო შენი ნახვა მიდებს ცეცხლსა დაუშრეტსა. რა მოგშორდე რა ვიქნები მე დამაგდებ ვითა რეტსა. ახ ნეტარძი მოახლეთა ვაგლახ თქვენსა ვერა მჭვრეტსა.

1489. ზღვათა მეფესა ეტყვიან ორნივე შუქთა მაფენი. კბილნი ბროლნი და ბაგენი სადაფთა მოსადაფენი. უთქვენოდ მყოფთა არ გვინდა ნიშანი ნაჩანგ დაფენი. მაგრა გაგვიშვენ ჟამია წავიდეთ ვართ მოსწრაფენი.

1490. შენ იყავ მამა მშობელი და ჩვენი საესავიო. მაგრა ამასცა ვიაჯით გვიბოძოთ ერთი ნავიო. მეფემან ჰბრძანა არა მშურს სამიწოდ თქვენად თავიო. რადგან ისწრაფი რა გკადრო წა გიწინამძღვრდეს მკლავიო.

1491. ნეფემან ნავი ხვამალდი მოჰკაზმა ზღვისა კიდესა. გამოემართა ტარიელ გამყრელნი ცრემლსა ღვრიდესა. თავსა იცემდეს იგლეჯდეს თმა წვერსა გაიყრიდესა. ფატმანის ცრემლთა შედენით თვით ზღვაცა გაადიდესა.

1492. გამოვლნეს ზღვანი სამთავე ერთგან ძმად შენაფიცართა. კვლავ ამტკიცებდეს სიტყვათა მათ პირველ დანამტკიცართა. ჰშვენის მღერა და სიცილი მათ მისთა არ უიცართა. ბაგეთათ შუქი შეადგის ზედან ბროლისა ფიცართა.

1493. მუნით კაცი ასმათს თანა მათ გაგზავნეს მახარობლად. კვლავ ფრიდონის თავადთასა ნაომართა მათთა მთხრობლად. მანდა მოვა მოიმაღლებს მზე მნათობთა მამაგრობლად. ჩვენ დამზრალნი აქანამდის აწ ვიქინებთ დაუზრობლად.

1494. იგი მზე შესვეს კუბოსა იარეს გზა ზღვის პირისა. მიყმაწვილობდეს უხარის მათ გარდახდომა ჭირისა. მივიდეს სადა ქვეყანა იყო ნურადინ გმირისა. მოეგებნიან ისმოდის ხმა სიმღერისა ხშირისა.

1495. მუნ მიეგება ყოველნი ფრიდონის დიდებულები. ასმათი სავსე ლხინითა მას აღარ აჩნდა წყლულები. ნესტან დარეჯანს მოიჭდო რომე ვერ გახსნის ცულები. აწ გაუსრულა ყოველი მან მისი ნაერთგულები.