... (H-742), XIX ს.

1515. უთხრა ძმაო რა გარდიხდის შენგან ჩემსა ჭირნახულსა. ღმერთი მოგცემს წყალობასა მისგან ზეცით შესახულსა. თუ ვერა ვიქმ საწადელსა შენსა შენთვის გაზრახულსა. არა ვნახავ სახლსა ჩემსა არ დარბაზსა არცა ხულსა.

1516. აწ მითხარ ჩემგან რა გინდა ანუ რით მოგეხმარები. ვარჩევ წავიდეთ არაბეთს იყავ ჩემიცა მარები. ტკბილი სიტყვითა გავმართოთ და ხმლითა საომარები. თუ შენ შენს ცოლსა არ შეგრთავ მე ჩემსა არ ვექმარები.

1517. რა ფრიდონ უთხრა ავთანდილს ტარიას მოციქულობა. მას გაეცინნეს გაღიმდა შვენოდა მხიარულობა. თქვა თუ მეშველი რად მინდა მჭირს არავისგან წყლულობა. ჩემი მზე არცა ქაჯთა ჰყავს არცა სჭირს ლხინ ნაკლულობა.

1518. ჩემი მზე ტახტსა ზედა ზის მორჭმული ღმერთისა ნებითა. საკრძალავი და უკადრი ლაღი არვისგან ვნებითა. არცა რა უმძიმს ქაჯთაგან არცა გრძნეულთა გრძნებითა. მაზედა შველა რად მინდა რად მეჭვ რასაცა თნებითა.

1519. რა მოვა ჩემთვის განგება ზეცით მოსრულნი ზენანი. ღმერთი იწადებს მომივლენ გულის სახმილთა ლხენანი. მაშინღა მამხვდეს მოკვდავსა მზისა ელვათა ფენანი. უმისჟამისოდ ცუდია ჩემგან მი და მო რბენანი.

1520. მიდი და ჰკადრე ტარიელს პასუხი ჩემგან თხრობილი. მადლი რად უნდა მეფეო ხარ რაზომ გინდა ლმობილი. ვარ მუცლითგანვე დედისა თქვენად სამონოდ შობილი. ღმერთმან მუნამდის მიწა მყოს ვირ მეფე იყო ცნობილი.

1521. გებრძანა შეყრა მწადიან საყვარელისა შენისა. ეგე არს მსგავსი გულისა ლმობიერისა თქუენისა. მუნა მე ხმალი არ მიკვეთს არცა სივრცელე ენისა. მიჯობს მოლოდნა საქმისა მის განგებისა ზენისა.

1522. ესეა ჩემი საწადი და ჩემი მოსანდომარე. ინდოეთს გნახო მორჭმული საჯდომთა ზედა მჯდომარე. გვერდსავე გიჯდეს მნათობი პირი ელვათა მკრთომარე. მებრძოლნი თქვენნი მოგესრნეს არვინ ჩნდეს მუნ მეომარე.

1523. რა გამისრულდენ ესენი ჩემნი გულისა ნებანი. მაშინღა მივალ არაბეთს მამხვდეს მის მზისა ხლებანი. ოდისცა ჰსწადდეს დამივსნეს ამა ცეცხლისა დებანი. სხვა თქვენგან არა არ მინდა მძულან რასაცა თნებანი.

1524. რა ფრიდონ ჰკადრა ტარიელს ესე სიტყვანი ყმისანი. მან ბრძანა მაგას არა ვიქმ ამას არ უნდა მისანი. ვითა მან ჰპოვა მიზეზი ჩემისა სულთა დგმისანი. ეგრევე მანცა სამისოდ ნახნეს ძალ გულნი ძმისანი.

1525. მიდი უთხარ ჩემაგიერ სიტყვა ჩემგან არ სათნები. მე შენისა გამზრდელისა უნახავად არ დავდგები. ვეჭვ მრავალი დამეხოცოს მონა მისგან საყვარლები. ვითხოვ ხოლო შენდობასა ეგეთიღა მოვბრუნდები.

1526. ესე უთხარ ამის მეტსა მოციქულობ ნურას ნუო. ხვალე წასლვა არ დავშალო არცა სიტყვა გავათუო. მე არ მიზამს როსტან მეფე რომე სიტყვა გავიცრუო. ამოდ ვთხოვო ქალი მისი შევეხვეწო შევაგუო.

1527. უამბო ფრიდონ ავთანდილს ტარიას მოციქულობა. არ დადგებისო ცუდია შენგან ცდისაღა თქმულობა. მას დაუმძიმდა მოედვა კვლავ გულსა კვამლ ალმულობა. ასრე ჰხამს რიდი მეფეთა ყმათაგან მოკრძალულობა.

1528. ავთანდილ მივა მუხლ მოყრით ტარიას შესახვეწელად. ფერხთა ეხვევა აკოცებს აღარ შეხედავს ზე წელად. ეტყვის კმა რაცა შევცოდე როსტანს წლეულად მე წელად. კვლავ ნუ მიქ ერთგულობასა გამტეხლად დაცამლეწელად.

1529. რასაცა ლამი არ მოგცემს მას ღმერთისა სამართალია. გამზრდელსა ჩემსა ვით ვკადრო მე საქმე სამუხთალია. მე მისთვის ხელი ვით გავძრა ვინ ჩემთვის ფერ ნამკრთალია. ვით მოიხმაროს მონამან პატრონსა ზედა ხმალია.

1530. ეგე საქმე მე და ჩემსა საყვარელსა შეგვამდურვებს. ვაი თუ გაწყრეს გაგულისდეს კუშტი გულსა შიაურვებს. ამბავსაცა დამიძვირებს ჭურეტისათვის მამასურვებს. შენდობასა ხორციელი კაცი ვერა დამიურვებს.

1531. ტარიელ უთხრა სიცილით მან მზემან შუქ ნაფენამან. ხელი მოჰკიდა ავთანდილს ამართა ააყენა მან. მიყოო კარგი ყველაი მომართებამან შენამან. მაგრა ჰსჯობს შენცა გალხინოს ჩემან შენითა ლხენამან.

1532. დია მძულს მეტი მოყვრისა შიში კრძალვა და რიდობა. მძულს გაუწყვედლად კუშტობა და სულ მძიმობა დიდობა. თუ მოყვარეა გულისა ჰქმნას ჩემკენ მონაზიდობა. თვარე მე ჩემად იგ მისად დია სჯობს კიდის კიდობა.

1533. მე ვიცი გული საშენოდ შენისა საყვარელისა. არ ეწყინების სტუმრობა შენისა მე შემყრელისა. რადმცა რა ვკადრე მეფესა თხრობა რასაცა ჭრელისა. ოდენ ნახვისა მათისა ნატრა მაქუს სანატრელისა.

1534. ამას ოდენ მოვახსენებ მუდარით და შეპოვნებით. რომე მოგცეს ქალი მისი მან მისითა მოგონებით. რადგან ბოლო შეყრავეა სიშორესა ვით ეთნებით. დააშვენეთ ერთმანერთი თავის თავის ნუ დასჭკნებით.