... (H-742), XIX ს.

1437. ფრიდონ ჰსთქვა ვიტყვი სიტყვასა ვეჭვ ჩემი არ დამცდარია. ჩვენ ცოტანი ვართ ქალაქი დიდთაგან საომარია. პირისპირ ომი არ ძალ გვაქვს არ ჟამი საკვეხარია. ათას წელ ვერსით შევუვალთ თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1438. ჩემსა სიმცროსსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან. მასწავლნეს მათი საქმენი მახტუნებდიან მწვრთიდიან. ასრე გავიდა საბელსა რომ თვალნი ვერ მამკიდიან. ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი იგიცა ინატრიდიან.

1439. აწ ვინცა იცით უკეთე შეტყორცა საგდებელისა. მან ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა. მას ზედა გავლან ადვილად მიჩანს მართ ვითა ველისა. თქვენ ჭირად გიყო შიგანთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1440. აბჯრითა გავლა არად მჩანს ჭირად გატანა ფარისა. შიგან ჩავხტები კისკასად ვეცემი მსგავსად ქარისა. ლაშქართა დავხოც გავახვამ ნახოთ გაღება კარისა. თქვენცა მუნ მოდით სადაცა გესმას ზრიალი ზარისა.

1441. ავთანდილ უთხრა ჰე ფრიდონ მოყვასნი ვერ გიჩივიან. ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს არა წყლულნი გტკივიან. ჰსთათბირობ ძნელთა თათბირთა მტერთა ივაგლახივიან. მაგრა თუ გესმის გუშაგნი რა ახლო ახლო ყივიან.

1442. რა გახვიოდე გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება. გიგრძნობენ თოკსა მოჰკვეთენ ამისი ჰხამს დაჯერება. წაგიხდეს ცუდად ყველაი დაგრჩეს ცუდიღა ფერება. ეგე თათბირი არ ვარგა სხვაებრ ვქნათ თავის ტერება.

1443. ჰსჯობს დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა. ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა. სავაჭროდა შევეკაზმი ვიქ საქმესა მე მუხთალსა. ერთსა ჯორსა გარდავკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ხრმალსა.

1444. სამთავე შესვლა არ ვარგა თუ გვიგრძნან არს სათუები. მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები. მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გავსჩნდები გავეცრუები. ღმერთმან ჰქმნას უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები.

1445. შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისა. თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მზგავსად გმირისა. კლიტეთა დავლეწ გავახვამ ნახოთ გაღება კარისა. თუ რა სხვა ჰსჯობდეს თქვენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისა.

1446. ტარიელ უთხრა მე თქვენი ვსცან გმირთა მეტი გმირობა. თქვენსა ძალგულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა პირობა. ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი ხრმალთა ღირობა. კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს რა ომმან ქნას გაჭირობა.

1447. მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა. ხმა ესმას ჩემსა ხელ მქმნელსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა. თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა. ესე მე დამსურის ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.

1448. მაგა თათბირსა ესე ჰსჯობს ვჰქნათ ჩემი მონახსენები. გავიყოთ კაცი ას ასი რა ღამე ჩნდეს ნათენები. სამთავე სამგნით მივმართოთ ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები. მოგვეგებვიან ვემცრობით ჩვენ ხრმალსა მივსცემთ მძლედ ნები.

1449. ფიცხლად შევებნეთ შევსჯარნეთ ვერ მოგვასწრებენ კარებსა. სამთაგან ერთი შეუვალთ სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა. მან ერთმან შიგნით შიგანი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა. ხელი კვლავ ვჰხადოთ აბჯარსა მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა.

1450. ფრიდონ უთხრა შემიგია გამიგია ვიცი მე რა. მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კართა ვერა. ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა. თვარა ყოლა არ გიძღვნიდი ჩემი გითხრა სიძუნწე რა.

1451. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა. ამაზედან გაიცინნეს მათ წყლიანთა სიტყვა ბრძენთა. ერთმანეთსა ალაღობნეს ლაღობათა მათთა ფერთა. გარდახდეს და დაეკაზმნეს უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1452. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ მკვახები. დაასკვნეს იგი თათბირი ტარიას განაზრახები. გაიყვეს კაცი ას ასი ყველაი გმირთა სახები. ცხენებსა შესხდეს აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1453. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა. მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა. ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა. დალივნეს მტერნი ომითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1454. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია. რა ზედა ჰწვიმდეს ღრუბელი და მთათა აღტყდეს ღვარია. მოვა და ხევთა მოგრაგნის ისმის ზათქი და ზარია. მაგრა რა ზღვათა შეერთვის მაშინ ეგრეცა წყნარია.

1455. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწდომნია. მაგრა ტარიას შემბმელნი არვისგან მოსანდომნია. მზე მნათობთაცა დაჰფარავს არცაღა ნათლად ხომნია. აწ იყურებდით მსმენელნო გესმნენ ფიცხელი ომნია.

1456. სამთავე სამად გაიყვეს თვითომან თვითო კარები. თანა ჰყვათ კაცი სამასი ყველაი გმირთა დარები. მას ღამით უქნეს სადარნო უცრუო ანაჩქარები. გათენდა გაჩნდეს მიმართეს თავის თავ ჰქონდა ფარები.