... (H-742), XIX ს.

1399. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ჰზის არ ბარგოსანი. შეხედნა იცნა ტარიელ თანა ყმა ჭარმაგოსანი. ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი მგოსანი. მაშინვე იცნა ავარდა მოშლილი პერანგოსანი.

1400. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისვლა მოტირალისა. აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა. ზარ აღებული ავარდა ცნობა უძს ვითა მთვრალისა. არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა.

1401. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით. ჰე ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმერთისა ზენით. ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული რაცა გწადდა იგი ვქმენით. აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა: შრეტით ჭირთა ლხენით.

1402. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად. მან მიჰყო ხელი ალვასა შტო მოჰყვა მოსარხეველად. ყელსა და პირსა აკოცებს არის ცრემლისა მფრქვეველად. რა სცანო რა ჰქენ მიამბე ვტირ შენი მოაჯე ველად.

1403. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა. ალვისა შტო დამჭნარისა მთვარისა ფერ მიხდილისა. უთხრა თუ ნახე ნაწერი მის პატიჟ გარდახდილისა. მზე მოგვეახლა მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა.

1404. ასმათ რა ნახა უსტარი ჰსცნა მისი დანაწერობა. გაჰკვირდა ზარმან აიღო ათრთოლებს ვითა ხელობა. ტერფით თხემამდის გაუხდა მას დიდი საკვირველობა. იტყვის რა ვნახე რა მესმის არსცა ამისი მრთელობა.

1405. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის ეგე ამბავი მრთელია. ლხინი მოგვეცა მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია. მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია. ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია.

1406. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა. ერთმანერთსა ეხვეოდეს სიხარული ატირებდა. ვარდსა ზედან ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა. კაცსა ღმერთი არ გასწირავს თუმცა კაცი შეიგებდა.

1407. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი თქვეს გვიყოო რაცა სჯობდა. აწღა ვსცანით უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა. ინდოთ მეფე ხელ აპყრობით მხიარული ამას ჰხმობდა. ქვაბს შევიდეს მხიარულნი ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1408. ტარიელ ეტყვის ავთანდილ ისმინე სიტყვა ასები. გიამბობ რასმე ამბავსა მოანბვედ ნუ გენასები. მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ დავხოცე დევთა დასები. მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ ნაფასები.

1409. მე აგრე არა მინახავს მართ ვითა არა მნდომია. მოდი და გავხსნათ შევიგნეთ საჭურჭლე თუ რა ზომია. იამა ადგეს ორნივე არცა ქვე ასმათ მჯდომია. დალეწეს კარი ორმოცი მათგან არ ზედა ომია.

1410. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო კვლავ უნახავი თვალისა. მუნ იდვა რიყე თვალისა ხელ წმიდად განათალისა. ჩნდის მარგალიტი ოდენი ბურთისა საბურთალისა. ვინმცა ჰქმნა რიცხვი ოქროსა ვერვისგან დანათვალისა.

1411. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი. ჰპოეს ერთი ზარადახანი აბჯრისათვის ახლად ქნილი. მუნ აბჯარი ყოვლი ფერი ასრე იდვა ვითა მწნილი. შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი არ გახსნილი.

1412. ზედა ეწერა აქა ძეს აბჯარი საკვირველიო. ჯაჭვ მუზარადი აბჯარი ხმალი ბასრისა მჭრელიო. თუ ქაჯნი დევთა შეებნენ იყოს დღე იგი ძნელიო. უმისჟამისოდ ვინც გახსნას არის მეფეთა მკვლელიო.

1413. კიდობანი გახსნეს ჰპოეს მუნ აბჯარი სამი ტანი. რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი. ჯაჭვი ხრმალი მუზარადი საბარკული მათი გვანი. ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს ვითა ლუსკუმანი.

1414. თვითომან თვითო ჩაიცვეს თავის თავს გამოსცდიდიან. ჯაჭვ მუზარადსა აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან. ხმალი რკინასა მოჰკრიან ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან. მათ უღირს ყოვლად ქვეყანად შევატყევ არ გაჰყიდიან.

1415. ჰსთქვეს ესე ნიშნად გვეყოფის ვართო კარგითა ბედითა. ღმერთმან მოგხვედნა თვალითა ზეგარდმო მონახედითა. აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა. თვითო მათ ერთი ფრიდონის საძღვნობლად შეკრეს ღვედითა.

1416. ოქროც რამე წაიტანეს მარგალიტი ღარიბები. გამოვიდეს გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები. ავთანდილ ჰსთქვა ამას იქით დავამაგრო ხრმალსა ნები. ამას ღამე არსად წავალ რა გათენდეს არ დავდგები.

1417. აქა მხატვარო დახატე ძმად უმტკიცესად ძმობილნი. იგი მიჯნურნი მნათობთა სხვისა ვერვისგან სწრობილნი. ორნივე გმირნი მოყმენი მამაცობისა ცნობილნი. რა ქაჯეთს მივლენ გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი.

ტარიელისა და ავთანდილისაგან წასვლა ფრიდონისას.