... (H-742), XIX ს.

1457. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად. მათ შიგანთა ვერა იგრძნეს ვერცა დახვდეს გულ ხმიერად. გულსა შიში არა ჰქონდა ამოდ დგეს და ნებიერად. მიდგეს გარე მუზარადი დაიხურნეს ჟამიერად.

1458. ანაზდად ცხენი გაქუსლეს მათრახმან შექნა წრიალი. რა ნახნეს კარნი გაახვნეს ქალაქით გახდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიმართეს თავსა მით უყვეს რიალი. იკრეს ნობსა და დაბდაბსა შეიქნა ბუკთა ტკრციალი.

1459. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმერთისა. კრონოს წყრომით შემხედველმან მოიშორვა სიტკბო მზისა. მთვარე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა. ველნი მკვდართა ვერ იტევდა გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1460. კაცსა უკრავად დაბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა. აბჯარსა ჰფრეწდის გაცუდდეს სიმაგრე ჯავშან ქაფისა. სამგნითვე კართა შესჯარნეს ჭირი არ ნახეს კაფისა. რა ქალაქს შეჰხდეს შეიქნა სიხარკე ციხეს სწრაფისა.

1461. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს. მტერნი სრულად აეწყვიტნეს სისხლი მათნი მოეღვარნეს. უყივლეს და ერთმანერთი ნახეს დიდად გაეხარნეს. თქვეს ტარიელ რა იქნაო მისთვის ჭვრეტად თვალნი არნეს.

1462. ერთმანცა არა იცოდა ვერა სცნეს ტარიერისა. ციხესა კარსა მიჰმართეს რიდი არ ჰქონდა მტერისა. მუნ ნახეს რიყე აბჯრისა ნალეწი ხმალთა წვერისა. ათი ათასი ნობათი უსულო მსგავსი მტვერისა.

1463. ციხისა მცველნი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული. თავით ფერხამდინ დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული. ციხისა კარნი განხმულნი კართა ნალეწი სრეული. ჰსცნეს ნაქმრად ტარიელისად საქმე არს ეს მისეული.

1464. გზანი დაჰხვდეს შეკაზმულნი ავიდეს და აძურეს ხვრელსა. ნახეს მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა. მუზარადი მოეხადა შვენის აკვრა თმასა ლელსა. მკერდი მკერდსა შეეწება გარდაეჭდო ყელი ყელსა.

1465. ეხვეოდეს ერთმანერთსა აკოცეს და ცრემლნი ღვარნეს. ამას ჰგვანდეს ოდეს ერთგან მუშთარ ზუალ შეიყარნეს. მზე რა ვარდსა შემოადგეს დაშვენდენ და შუქნი არნეს. აქანამდის ჭირ ნახულთა ამას იქით გაიხარნეს.

1466. მათ ერთმანერთსა აკოცეს დგანან ყელ გარდაჭდობილნი კვლავ შეეწებნეს ხშირ ხშირად ვარდნი ბაგეთათ პობილნი. აწ ესენიცა გავიდეს შეკრბეს სამივე ძმობილნი. მას მზესა მისცეს სალამი წარდგეს მართ ვითა ხმობილნი.

1467. მზე მოეგება პირითა ტურფითა მოცინარითა. აკოცა მისთა მშველელთა ლაღმან ცნობითა წყნარითა. მათ მდაბლად მადლი უბრძანა სიტყვითა მით ნარნარითა. ორივე ერთგან უბნობდეს ტურფითა საუბარითა.

1468. ტარიელსცა უსალამეს მას ალვისა მორჩსა ვით ხეს. მიულოცეს გამარჯვება ერთმანერთი მოკითხეს. არა ჰსჭირდა არ ინანეს რომ აბჯარი არ გაითხეს. თავნი მათნი გაალომეს მათნი მბრძოლი იშვლეს ითხეს.

1469. სამასისა კაცისაგან ასსამოცი შეჰყოლოდა. ფრიდონს უმძიმს სპათა მისთა მაგრა ერთკერძ უხაროდა. მონახეს და არ აცოცხლეს რაცა მბრძოლი დარჩომოდა. რომე ჰპოვეს საჭურჭლენი აწმცა თვალვით ვით ითქმოდა.

1470. მოჰკრიფეს ჯორი აქლემი რაცა ვით პოვეს მალები. სამიათასსა აჰკიდეს მარგალიტი და თვალები. თვალი ყველაი დათლილი იაგუნდი და ლალები. იგი მზე შესვეს კუბოსა არს მათგან განაკრძალები.

1471. სამოცი კაცი დააგდეს ქაჯეთს ციხისა მცველია. წამოიყვანეს იგი მზე მათიღა წაგვრა ძნელია. ზღვათა ქალაქსა დამართეს თუმცა გზა მუნით გრძელია თქვეს ფატმან ვნახოთ მუქაფა გვაც მისი გარდუხდელია.

მისვლა ტარიელისაგან ზღვათა მეფისას და ფრიდონისასა.

1472. ზღვათა მეფესა წინაშე გაგზავნა მახარობელი. შეჰსთვალა მოველ ტარიელ მტერთა მძლე მოსრვით მსპობელი. ქაჯეთით მამყავს ჩემი მზე ჩემი ლახვართა მსობელი. მწადიან გნახნე პატივით ვითა მამა და მშობელი.

1473. აწ მე მაქვს ქაჯთა ქვეყანა და მათი დანადებია. მეფეო კარგი ყველაი მე თქვენგან წამკიდებია. ფატმანს უხსნია ჩემი მზე დედებია და სდებია. მისად მუქაფად რა გიძღვნა მძულს ცუდი ნაქადებია.

1474. მოდი გვნახენ გავიარდეთ ქვეყანასა შენსა ვირე. სრულად ქაჯთა სამეფოსა გიძღვნი ჩემგან შეიწირე. კაცნი შენნი შეაყენენ ციხე მაგრად დაიჭირე. მე ვისწრაფი ვერა გნახავ შენ წამოდი ჩემ კერძ ირე.

1475. თქვენ უბრძანე ჩემმაგიერ უსენს ქმარსა ფატმანისსა. გამოგზავნოს იამების ნახვა მისი ხსნილსა მისსა. მისგან კიდე ინატრიდა ჭვრეტასამცა სხვადღა ვისსა. ვინ მზესაცა უნათლეა ასრე ვითა ბროლი ფისსა.