... (H-742), XIX ს.

1535. რა ავთანდილ ტარიასგან ცნა წასვლასა არ დაშლიდა. არღა ჰკადრა შეცილება საუბარსა ზედან რთვიდა. ფრიდონ კაცსა დარჩეულსა სათანაოდ გარდასთვლიდა. თანა წაჰყვა გაღანამცა მას თანავე გზასა ვლიდა.

ტარიელისაგან ქვაბსვე მისვლა მეორედ და საჭურჭლეთა ნახვა.

1536. ამ საქმესა დაფარულსა ბრძენ დიონოს გააცხადებს. ღმერთი კარგსა მოავლინებს არ ბოროტსა არ დაბადებს. ავსა წამ ერთ შეამოკლებს კარგსა ხანგრძლად გააკვლადებს. თავსა მისსა უკეთესსა უზადო ჰყოფს არ აზადებს.

1537. ფრიდონისით გაემართნეს იგი ლომნი იგი მზენი. თანა მიჰყავს პირი მზისა ქალი მჭვრეტთა ამაზრზენი. ჰკიდავს ბროლსა ყორნის ბოლო ჩაწყობილი დანათხზენი. მუნ ბალახშსა აშვენებდეს სინატიფე სინაზენი.

1538. იგი მზე უჯდა კუბოსა და აგრე არონინებდეს. მინადირობდეს ნადირსა მუნ სისხლსა დაადინებდეს. სადაცა დახვდის ქვეყანა მჭვრეტელთა მოალხინებდეს. მოეგებნიან ჰსძღნობდიან აქებდეს არ აგინებდეს.

1539. მას ჰგვანდეს თუცა სამყაროს მზე უჯდა შუა მთვარეთა. იარნეს დღენი მრავალნი ლაღთა ბრძნათ მოუბარეთა. შიგან მათ დიდთა მინდორთა ყოვლგნით კაც მიუმხვდარეთა. სად ყოფილ იყო ტარიელ მიხვდა მის კლდისა არეთა.

1540. ტარიელ ბრძანა მე მმართებს დღეს თქვენი მასპინძელობა. მუნ მივალ სადა ვყოფილ ვარ მჭირდა სადამდის ხელობა. მუნ გვიმასპინძლოს ასმათმან მას უძს ხორცისა ხმელობა. მე რომე გიძღვნი ტურფათა აქოთ ლარისა ჭრელობა.

1541. მივიდენენ შიგან გარდახდეს ქვაბსა მას დიდთა კლდეთასა. ასმათს უძს ხორცი ირმისა იქს მასპინძლობა კვეთასა. ამხანაგობდეს ლაღობდეს წასვლასა მათ საქმეთასა. ღმერთსა მადლობდეს შეცვლასა ლხინად ჭირისა დღეთასა.

1542. მოიარეს ქვაბოვანნი თამაშობდეს მხიარულნი. ჰპოვნეს იგი საჭურჭლენი ტარიასგან დაბეჭდულნი. ვერცა ვისგან დანათვალნი ვერცა ვისგან შეგებულნი. არ იტყვიან არა გვაქვსო იგ ამისთვის გულ ნაკლული.

1543. უბოძა ტურფა მრავალი მათ მათი შესადარები. კვლავ ფრიდონისნი აავსნა სპა ჰყვა თუ სპასალარები. აივსო კაცი ყველაი მაშინ მათ თანა ნარები. მაგრა ჰსძეს რომე საჭურჭლე გვანდა კაც დაუკარები.

1544. ფრიდონს უთხრა ვალი შენი ჩემგან ძნელად გარდიხდების. მაგრა თქმულა კარგის მქნელი კაცი ბოლოდ არ წახდების. აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ჰძეს და ან იდების. შენი იყოს ყველაკაი შენ წაიღე ვითა გხვდების.

1545. ფრიდონ მდაბლად თაყვანისცა ჰკადრა მადლი მეტის მეტი. მე მეფეო რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი. მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს ვინმცა იყო ვითა კეტი. ჩემი ლხინი მუნამდისა ვირე ვიყო შენი მჭვრეტი.

1546. ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხმელად აქლემისად. სახლსა მისსა მისაღებლად მის ყველასა საჭურჭლისად. აწ მუნითგან გაემართნეს არაბეთით მივლად გზისად. ავთანდილა გალეული შესაყრელად მთვარე მზისად.

1547. მიხვდეს არაბთა საზღვარსა რა ვლეს მრავალნი ხანები. დახვდეს სოფლები ციხები ხშირ ხშირად თანის თანები. მუნ შიგა მყოფსა ემოსა ტანსა ლურჯი და მწვანები. ავთანდილისთვის ყველაი ცრემლითა არს ნაბანები.

1548. ტარიელ კაცი გაგზავნა წინაშე როსტან მეფესა. შესთვალა გკადრებ მეფეო სურვილთა სიიეფესა. მე მოვალ მეფე ჰინდოთა დარფაზსა თქვენსა სეფესა. გიჩვენებ ვარდსა კოკობსა უფრჭკვნელ მოუკრეფელსა.

1549. მაშინ თქვენ ჩემი გეწყინა ნახვა მიწისა შენისა. ცდა შეპყრობისა ავი ჰქმენ შემოტევება ცხენისა. მე შენთა სპათა ვაჩვენე ნიშანი რამე წყენისა. დავხოცე მონა მრავალი მსახურნი სრისა თქვენისა.

1550. აწ ამად მოვალ წინაშე დავყარენ ჩემნი გზანია. შემინდოთ რაცა შეგცოდეთ ჰქმნეთ გაწყრომისა კმანია. ძღვენი არა გვაქვს გმოწმობენ ფრიდონ და მისნი ყმანია. ოდენ ძღვნად თქვენი ავთანდილ მე თქვენთვის მამიტანია.

1551. რა მიუვიდა მეფესა მახარობელი ჟამისა. ვით გაეხარნეს ვერ იტყვის ენა ერთისა წამისა. თინათინს ღაწვთა ემატა ელვა შუქისა სამისა. ბროლსა და ლალსა აშვენებს მუნ ჩრდილი წარბ წამწამისა.

1552. ტაბლაკსა ჰკრეს და გაისმა სიცილი თქართქარებისა. ლაშქარნი რბოდეს მი და მო ქმნა სწადდა მათკენ რბენისა. დაიწყეს მოსხმა ცხენისა მოღება უნაგრებისა. შეჰსხდეს სიმრავლე მოყმისა მკლავ ფიცხელ გულ მაგრებისა.

1553. მეფე შეჰსჯდა გაეგებნეს თავადნი და სრულად სპანი. ვისცა ესმის მოვიდიან მას წინაშე სხვაგნით სხვანი. ყველაკაი ღმერთსა მადლობს გაამაღლნეს მათნი ხმანი. ჰსთქვეს ბოროტსა უმყოფოა კეთილნია შენთვის მზანი.