... (H-742), XIX ს.

1379. ხრმალი გასტყორცა ტარიელ მიმართა მისსა ძმობილსა. ყმა ცხენისაგან გარდიჭრა მიმართა მისსა ძმობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს ჰგვანან ყელ გარდაჭდობილსა. ხმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა ხშირ ხშირად პობილსა.

1380. ტარიელ მოჰსთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი მჭევრები. სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები. ალვისა წყარო ცრემლისა მორწყავს ნაკადი ბევრები. რადგან შენ გნახე რა მგამა პატიჟი მჭირდეს მე რვები.

1381. ტარიელ ჰსტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა. გაღიმდის ძოწი გააპის კბილთაგან ელვა კრთებოდა. იტყოდა ვსცანო ამბავი შენ რომე გიამებოდა. აწ გაახლდების ყვავილი ვარდი აქამდის ჭკნებოდა.

1382. ტარიელ ჰსტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა. გაღიმდის ძოწი გააპის კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა. იტყიდა ვსცანო ამბავი შენ რომე გიამებოდა. აწ გაახლდების ყვავილი ვარდი აქამდის ჭკნებოდა.

1383. რა ტარიელ არ შესჯერდა ავთანდილცა არ დასწყნარდა. მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო აუჩქარდა. გამოიღო რიდე მისი ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა. რა ტარიელ ნახა იცნა გამოუღო შემოვარდა.

1384. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან. პირსა დაიდვა დაეცა ვარდმან ფერითა მკრთალამან. სულნი გაექცნეს მოდრიკნა თავი გიშრისა ტალამან. მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ ვერცა სალამან.

1385. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს უსულოდ ქვე მდებარესა. შეჰფრინდა შველად მიჰმართა მას ტკბილად მოუბარესა. ვერა ვერ არგო დამწვარსა სრულად ცეცხლ ნადებარსა. მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

1386. ავთანდილ დაჯდა ტირილად ტირს ხმითა შვენიერითა. ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად აფრთხობს ბროლისა ჭერითა. გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა. მუნით წყარონი გამოხდეს ძოწსა ვამსგავსე ფერია.

1387. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა. რაცა ვქმნო არ უქნია არცა შმაგსა არცა რეტსა. წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა ძნელად დაშაშრეტსა. ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის მეტსა.

1388. მე მოვკალ ჩემი მოყვარე რა მმართებს გაწბილებულსა. თავსა ვაბრალობ საქმესა არ დასმით გაგონებულსა. ცრუ კაცი კარგა ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა. თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა.

1389. უცნობო ქნილი ტარიელ ძეს მსგავსად ნატუსალისად. ავთანდილ ადგნა გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად. მან ჰპოვა სისხლი ლომისა მოაქვს სავსებლად ალისად. მკერდსა დაასხა გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1390. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა. ტარიელ შეჰკრთა შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა. თვალნი აახვნა მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა. ლურჯათ ჩანს შუქი მთვარისა მზისგან შუქ ნაკრთომისა.

1391. ზამთარი ვარდთა გაახმობს ფურცელნი ჩამოსცვივიან. ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს გვალვასა ჩივიან. მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ჰყივიან. სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს წყლულნი ორჯელვე სტკივიან.

1392. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია. ჭირსა და ლხინსა ორზედვე ზედან მართ ვითა ხელია. მიწყივ წყლულდების საწუთრო მისი აროდეს მრთელია. იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია.

1393. ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა. იკითხავს თუცა აშფოთებს კითხვა წიგნისა მისისა. დავუყვის ცრემლმან სინათლე ბნელად ჩანს შუქი დღისისა. ავთანდილ ადგა დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა.

1394. იტყვის თუ ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლილისა. აწ რადღა გვმართებს ტირილი ჰხამს დავსხდეთ ქნად ღიმილისა. ადეგ წავიდეთ საძებრად მის მზისა წახდომილისა. ადრე მიგიყვან მიყვანა არს შენგან მონდომილისა.

1395. ვითა გვმართებს გახარება პირველ აგრე გავიხარნეთ. მერმე შევსხდეთ გავემართნეთ ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ. ხრმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ მათნი ზურგით დავიყარნეთ. უჭირველნი შემოვიქცეთ იგი მძორთა დავადარნეთ.

1396. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს აღარა ბნდებოდა. შეხედნის თვალნი ამართნის შავ თეთრი ელვა ჰკრთებოდა. მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა. ვინ ღირსა თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა.

1397. ავთანდილს მადლი უბრძანა ქმნა უყო საუბარისა. მე შენი ქება ვითა ვსთქვა ბრძენთაგან საქებარისა. ვითა ზე მთისა წყარომან მომრწყე ყვავილი ბარისა. დამწყვიტე დენა ცრემლისა ნარგისთა ნაგუბარის.

1398. მე ვერა გიყო ნაცვალსა ღმერთი გარდგიხდის ციერი. ზეგარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი. შესხდეს და შინა წავიდეს მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი. აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ აქამდის მშიერი.