... (H-742), XIX ს.

1633. ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე. რომე ჩაცმა დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე. ერთი თვალი წამღებელსა არა ჰსთქვას თუ ცუდად ვზიდე. ღამე მზეებრ განანათლოს ჩნდის სადაცა შეხედვიდე.

1634. ავთანდილ შეჯდა წავიდა ტარიას გაესალამა. იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა. სრულად ჰინდონი მიჰსტირან ცრემლმან მინდორი დალამა. ავთანდილ იტყვის მამკლაო სოფლისა მე სამსალამა.

1635. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი. გზამან გაჰყარნა წავიდეს თავის თავ ანატირენი. კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი. ავთანდილ მიხდა არაბეთს ნახნა არ ცუდნი ჭირენი.

1636. გამოეგებნეს არაბნი სამეფო დააშვენა მან. ნახა მზე მისი მირიდა მისთა სურვილთა წყენამან. მის თანა ტახტსა დავესჯდა ილხინა მჭვრეტთა ლხენამან. გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.

1637. მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს. ერთმანერთსა ნახვიდიან საწადელნი გაუსრულდეს. ბრძანებისა შემცილენი მათთა ხლმითა დავეწყლულდეს. მოიმატეს სამეფონი გახელმწიფდეს გამორჭმულდეს.

1638. ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს. ობოლ ქვრივნი დაამდიდრეს და გლახაკნი არ ითხოვდეს. ავთა მქნელი დააშინნეს კრავნი კრავსა ვერ სწოვდეს. შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად ჰსძოვდეს.

1639. გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა. გარდახდეს გავლეს სოფელი ნახეთ სიმუხთლე ჟამისა. ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა არის ერთისა წამისა. დავსწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა და მისა.

1640. ქართველთა ღვთისა დავითის ვის მზე მსახურებს სარებლად. ესე ამბავი გავლექსე მე მათად მოკამათებლად. ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად. ორგულთა მათთა დამწველად ერთგულთა დამამაგრებლად.

1641. დავითის ქნანი ვითა ვსთქვნე სიჩალხე სიხაფეთანი. ესე ამბავნი უცხონი უცხოთა ხელმწიფეთანი. პირველ ზნენი და საქმენი ქებანი მათ მეფეთანი. ვპოვე და ლექსად გარდავთქვენ ამითა ვილაყფეთანი

1642. ესე ასეთი სოფელი არვისგან მისანდობელი. წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი. რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ ბედია მაყივნებელი. ვის არ შეუცვლის კარგია ორისავ იყოს მხლებელი.

1643. ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა. აბდულ მესია შავთელსა ლექსი მას უქეს რომელსა. დილარგეთ სარგის თმოგველსა მას ენა დაუშრომელსა. ტარიელ მისა რუსთველსა მისთვის ცრემლ შეუშრომელსა.