... (H-742), XIX ს.

1574. მეფე კოცნასა ლამობდა აღარა ცრემლნი სდენიან. ავთანდილ ფერხთა ეხვევის შუქნი ქვე დაუფენიან. უბრძანა აღჰსდეგ ნუ ირცხვი შენ ზნენი გამოგჩენიან. რადგან მერჩიო ნუ მერცხვი გავა რასაღა გრცხვენიან.

1575. მოეხვია გარდაჰკოცნა მან პირისა არე მარე. დამივსეო ცეცხლი ცხელი მაგრა წყალი არე მარე. ვინ გიშერი დააჯოგა და წამწმისა არემარე. გვალე შეგყრი ლომო მზესა თავი მისკენ არე მარე.

1576. მეფე ყელსა ეხვეოდა მას ლომსა და ვითა გმირსა. ახლოს უზის ეუბნების აკოცებს და უჭვრეტს პირსა. იგი მზე და ხელმწიფობა ასრე მიხვდა ვითა ღირსა. მაშინღაა ლხინი ამო რა გარდიხდის კაცი ჭირსა.

1577. ყმა მეფესა მოახსენებს მიკვირს სხვასა რად არ ბრძანებ. რად არ გინდა ნახვა მზისა ანუ რადღა აგვიანებ. მიეგებვი მხიარული სახლსა თქვენსა მოიყვანებ. შემოიმოს შუქთა მისთა ნათლად გარე მოივანებ.

1578. ტარიელსცა მოახსენა შეჰსხდეს ქალსა მიეგებნეს. მათ სამთავე გოლიათთა მზისა ფერად ღაწვნი ღებნეს. მიჰხვდეს მათსა საწადელსა იგი პოეს რაცა ძებნეს. ხელი ჰხადეს ხმალთა მათთა არა ცუდად წელთა ებნეს.

1579. მეფემან ქალს უსალამა მან შორით გარდახდომილმან. დაუყვნა თვალნი ელვამან მისთა ღაწვთაგან კრთომილმან. გამოეგება აკოცა კუბოსა შიგან ჯდომილმან. დაუწყო ქება მეფემან თვით ვერას ვერ მიხდომილმან.

1580. ეტყვის მზეო ვითა გაქო ნათელო და დარიანო. შენთვის ხელნი გონებანი არა ცუდათ არიანო. მზიანო და მთვარიანო ეტლად რაო და რიანო. თქვენ საჭვრეტლად აღარ მინდით არ ვარდნო და არ იანო.

1581. გაჰკვირდეს ყოვლნი მხედველნი მისთა ელვათა ფენასა. ვით მზემან დაჰყვნა მჭვრეტელთა თვალნი ნათლისა ჩენასა. მისგან დამწვარნი მისცნიან გულნი ჭვრეტითა ლხენასა. სითცა გამოჩნდის იქმოდეს ჯარნი მუნითკენ რბენასა

1582. შინა წავიდეს ყოველნი შესხდეს თავისა დარებად. ჰქონდეს შვიდნივე მნათობნი მის მზისა დასადარებად. არ მიიხდომის სიტურფე არს მათგან მიუმხვდარებად. ადრე მივიდეს მეფისა სახლად სამყოფად არებად.

1583. შევიდეს ნახეს თინათინ მჭვრეტთა მამცემი ჭირისა. სკიპტროსან გვირგვინოსანსა ჰშვენოდა ცმა პორფირისა. მოსრულთა პირსა შეადგა ელვა მისისა პირისა. შევიდა მეფე ინდოთა იგი მზე მსგავსი გმირისა.

1584. ტარიელ და ცოლმან მისმან ქალსა მდაბლად უსალამეს. მოეგებნეს აკოცეს და საუბარი დააამეს. იგი სახლი გაანათლეს არ ნათელი შეაღამეს. ბროლ ბალახში გააღაწვეს და გიშერი აწამწამეს.

1585. თინათინ ზედა აწვივა ტახტსა მეფეთა ზეთასა. ტარიელ უთხრა შენ დაჯე ჰსწადიან ბრჭესა ბრჭეთასა. დღეს ტახტი შენი შენ გმართებს მეტად ყოველთა დღეთასა. მე ლომი ლომთა დაგისვა გვერდსა შენ მზეთა მზეთასა.

1586. ორთავე ხელი მოჰკიდეს და დასვეს ტახტსა თავისსა. გვერცა დაუსვეს ავთანდილ სურვილსა მოეკლა ვისსა. უნახავსა და ნახულსა ჰსჯობს ყოვლსა სანახავისსა. ნუ ეჭვ მიჯნურად მათებრსა ნუცა თუ რამინს და ვისსა.

1587. ქალსა შესწბა გაუკვირდა ავთანდილის გვერცა ჯდომა. ფერი ჰკრთა და გაუფიცხდა შე და გამო გულმან კრთომა. მეფე ეტყვის შვილო ჩემგან გაქვს სირცხვილი ნუ რა ზომა. ბრძენთა უთქვამთ სიყვარული ბოლოდ მისი არ წახდომა.

1588. აწ შვილნო ღმერთმან თქუენ მოგცეს ათას წელ დღეთა გრძელობა. სვე სვიანობა დიდობა კვლავ ჭირთა გარდუხდელობა. ცამცა ნუ შეგცვლის მოგხვდების თვით მისებრ შეუცვლელობა. თქვენთა ხელითა მეღირსოს მიწათა შემომყრელობა.

1589. მართ მეფემან სპათა ბრძანა ავთანდილის თაყვანება. ესეაო მეფე თქვენი ასრე იქმნა ღმერთისა ნება. დღეს ამას აქვს ტახტი ჩემი მე სიბერე ვითა სნება. ჩემად სწორად მსახურებდით დაიჭირეთ ჩემი მცნება.

1590. ლაშქარნი და დიდებულნი დადრკეს მდაბლად ეთაყუანნეს. მოახსენეს მიწად ვექმნეთ ვინცა მიწად მიგვიყვანნეს. მორჩილ ქმნილნი დაგვადიდნეს ურჩნი მკვდართა დაგვაგვანნეს. მტერთა მკლავნი შეაძუნტნეს გულნი ჩვენნი აგულოვნნეს.

1591. ტარიელც უთხრა ქებითა იმედისა გათავება. ქალსა ეტყვის შემიყრიხართ აღარა გწვავს ცეცხლთა დება. ქმარი შენი ძმაა ჩემი მწადს აგრევე თქვენიდება. ორგულთა და შემცილეთა შენთა მე ვჰქნა გაფლიდება.

აქა ქორწილი ავთანდილისა და თინათინისა არაბთ მეფისაგან.

1592. მას დღე ავთანდილ ხელმწიფე ზის და ხელმწიფე ზენია. მასთანა მჯდომსა ტარიელს შვენიან სინაზენია. ნესტანჯარ უზის თინათინს ვინ მჭვრეტთა ამაზრზენია. ჰგავს თუ ცა მოდრკა ქვეყანად შეყრილან ოთხნი მზენია.