... (H-742), XIX ს.

1496. ნესტან დარეჯან ეხვევის პირსა აკოცებს პირითა. უბრძანა ჩემო ვაგლახ მე შენცა აგავსე ჭირითა. აწ ღმერთმან მოგვცა წყალობა ვსცან მისი არ სიძვირით ა. მე გულსა შენსა ეზომსა არ ვიცი გარდვიხდი რითა.

1497. ასმათ ჰკადრა მადლი ღმერთსა ვარდნი ვნახენ არ დაზრულნი. ბოლოდ ესრე გააცხადნა გონებამან დაფარულნი. სიკვდილიცა სიცოცხლედ მჩანს ოდეს გნახენ მხიარულნი. ჰსჯობს ყოველთა მოყვარულთა პატრონ ყმანი მოყვარულნი.

1498. დიდებულთა თაჰყვანისცეს მოახსენეს დიდი ქება. რომე ღმერთმან გაგვახარნა კურთხეულა მისი ღ~თება. ჩვენ გვიჩვენა პირი თქვენი აღარა გვწვავს ცეცხლთა დება. წყლულსა მისგან დაკოდილსა მასვე ძალ უც განკურნება.

1499. მოვიდეს და პირი ხელსა დასდვეს აგრე გარდაჰკოცნეს. მეფე ეტყვის ძმათა თქვენთა თავნი ჩვენთვის დაიხოცნეს. იგი შვებას საუკუნოს ცხადად პოვეს არ იოცნეს. ერთსა მიხვდეს საზიაროდ დიდებანი იასოცნეს.

1500. თუცა მე მათი დახოცა მტკივის და სატკივარია. მაგრა მათ მიხვდა უკვდავი მუნ დიდი საჩუქარია. ესე ჰსთქვა ნელად ატირდა და წვიმა თოვლსა არია. ნარგისთათ იძვრის ბორიო ვარდსა ზრავს იანვარია.

1501. მუნ ატირდეს ყველაკანი რა ტირილად იგი ნახეს. რაცა ვისრა დაჰკლებოდა მათ ტირილით სულთქმით ახეს. დადუმდეს და მოახსენეს რადგან ბრძენთა მზეებრ გსახეს. თქვენთა მჭვრეტთა მღერა მართებს რასათვისმცა ივაგლახეს.

1502. ვინ ღირსა თქვენსა ეგზომსა ტირილსა შეჭირვებასა. თქვენთვის სიკვდილი დია ჰსჯობს მიწათა ზედან რებასა. კვლავ ფრიდონ ჰკადრა მეფესა ნურათ იქთ გამწარებასა. ღმერთიმცა მუქფად მოგიზღავს ათასსა გახარებასა.

1503. ავთანდილცა მიუმტკივნა იტყვის დიდსა სიმძიმილსა. მათ შეასხეს ქება უთხრეს თავნი მივჰსცნეთ აწ ღიმილსა. რადგან მიხვდა დაკარგული ლომი მზესა წახდომილსა. აღარა ვსტირთ სატირალსა აღარ დავსდებთ თვალთა მილსა.

1504. მივიდეს სადა ქალაქი დიდი მულღაზანზარია. ჰსცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა გახდა ზათქი და ზარია. დაბდაბისა და ქოსისა ხმა ტურფად შენათხზარია. მოატყდეს მოქალაქენი დააგდეს მუნ ბაზარია.

1505. შუკათათ მოდგნეს ვაჭარნი ყოვლგნით მჭვრეტელთა ჯარია. შორს უარებდეს სარანგნი ხელთა აქვს მათ აბჯარია. მოიჯრებოდეს ჯალაბნი სარანგთა დამსაჯანია. მათად საჭვრეტლად მიშვება მუნ მათგან სააჯარია.

1506. გადახდეს ფრიდონისასა სრა ნახეს მოსაწონები. გამოეგება მრავალი ოქროს სარტყლითა მონები. ფერხთა საფენლად ოქსინო მართ მათგან არს ნაქონები. თავსა აყრიდეს ოქროსა ხვეტს ჯარი მუნ ნარონები.

ქორწილი ტარიელისა და ნესტან დარეჯანისა ფრიდონისაგან.

1507. მათ ქალ ყმათათვის საჯდომი დაედგა თეთრ ძოწეული. წითელ ყვითლითა თვალითა ზედა კეკლუცად ფრქვეული. ავთანდილისთვის ყვითელი და შავი ერთგან რეული. მოვიდეს დასხდეს მჭვრეტელნი ვსცან მათი სული ლეული.

1508. მგოსანნი მოდგეს ისმოდა ხმა სიმღერისა ტკბილისა. ქორწილი ჰქმნეს და გამრავლდა ძღნობა ლარისა ლბილისა. ფრიდონის პურად კარგისა არ მასპინძლისა წბილისა. ნესტან დარეჯანს უშვენის ღიმილი ჩენა კბილისა.

1509. მოიღეს ძღვენი უსახო ფრიდონის არ ალქატისა. ცხრა მარგალიტი სიდიდით მართ ვითა კვერცხი ბატისა. კვლავ ერთი თვალი სამსგავსო მზისა შუქ მონამატისა. მას წინა ღამით ძალ ედვის მხატვარსა ხატვა ხატისა.

1510. კვლავ უძღვნა თვითო ფარღული გარდასაყრელი ყელისა. მრგვლად გათლილისა თვალისა იაგუნდისა მრთელისა. კვლავ მოაქვს ერთი ტაბაკი მძლედ საჭირავი ხელისა. ავთანდილისთვის ლომისა ძღვენი ფრიდონის ქველისა.

1511. იგი ტაბაკი სავსეა მარგალიტითა მსხვილითა. ავთანდილს უძღვნა ყველაი არა სიტყვითა წბილითა. აივსო სახლი სტვირითა და ოქსინოთა ლბილითა. ტარიელ მადლი უბრძანა ლაღმან სიტყვითა ტკბილითა.

1512. ფრიდონისგან უსაზომო ქორწილია დღესა რვასა. ყოვლთა დღეთა მიართმიდეს უფასოსა ძღვენსა მზასა. დღე და ღამე არ გასწყვეტდის ჩაღანა და ჩანგი ხმასა. აჰა მიჰხვდეს შესაფერნი ყმა ქალსა და ქალი ყმასა.

1513. ტარიელ ფრიდონს უბრძანა დღე ერთ სიტყვები გულისა. არს გული თქვენი საჩემო უფროსი ძმისა სრულისა. არ გემუქფების სიცოცხლე არცა მოცემა სულისა. მე თქვენგან ვჰპოვე მოკვდავმან ჩემი წამალი წყლულისა.

1514. ავთანდილისგან შენც იცი ჩემთვის თავისა დადება. აწ მე მაქვს ნაცვლად მისისა მოხმარებისა წადება. შენ მიდი ჰკითხე რა უნდა მან ქნას ამისი ცხადება. ვითა დამივსო სახმილი ეგრე მისიცა კმა დება.