... (H-742), XIX ს.

1418. რა გათენდა გაემართნეს წაიტანეს ასმათ თანა. ნურადინის ქვეყანამდი შეისვიან მათ უკანა. მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა არ უძღვანა. ავთანდილ კმა ყოლაოზად სხვამცა ვინღა წაიტანა.

1419. იარეს და ზედა შეხვდეს ნურადინის მეჯოგეთა. ჯოგი ნახეს მოეწონა ფრიდონისთვის ეაგეთა. მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის გაქნევ კარგთა სიშმაგეთა. მოდი ფრიდონს გავლაღობნეთ ჯოგსა მისსა მოვადგეთა.

1420. ჯოგი წაუღოთ მოსრულნი ვესმით ჯოგისა წაღებად. გამოემართვის საომრად ხელთა სისხლისა დაღებად. ანაზდად გვიცნობს განკრთების გულსა შეელმის დაღებად. ამოა კარგი ლაღობა ლაღსავე შეიქს ლაღებად.

1421. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა ფრიდონის უკეთესებსა. მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნა ეკრა კვესებსა. უყივლეს ვინ ხართ მოყმენო ვინ იქთ საქმესა ზესებსა. ჯოგი მისია ვინ მტერსა ჰკრავს ხრმალსა არ აკვნესებსა.

1422. მათ მშვილდები დაიწვადეს მეჯოგეთა გაეკიდნეს. მეჯოგენი მიიზახდეს ხმანი მათნი გაადიდნეს. გვიშველეთო გვიშველეთო მეკობრეთა ამოგვწყვიტნეს. ხმა შეიქნა შეიყარნეს ფრიდონს ჰკადრეს არ დარიდნეს.

1423. შეეკაზმა ფრიდონ შეჰსჯდა შეკაზმული გამოვიდა. ხმა შეიქნა შეიყარნეს რაზმი ველთა დაჰფარვიდა. იგი მზენი მოეგებნეს ვის ზამთარი ვერ დაზვრიდა. დაეხურნეს ზარადები პირსა მათსა უფარვიდა.

1424. რა ტარიელ ფრიდონ იცნა აწ ვნახეო ვინცა მინა. მუზარადი მოიხადა გაიღიმდა გაიცინა. ფრიდონს უთხრა რასა ლამი ჩვენი მოსლვა რას გეწყინა. პურად ავი მასპინძელი მოგვეგებვი ომად წინა.

1425. ფრიდონ ფიცხლა გარდაიჭრა დავარდა და თაყვანის ჰსცა. იგინიცა გარდაუხდეს მოეხვივნეს აკოცესცა. ფრიდონ ღმერთსა ხელაპყრობით უსაზომო მადლი მისცა. დიდებულნი აკოცებდეს იცნობდიან იგი ვისცა.

1426. ფრიდონ უთხრა რასა ჰსდეგით მოგელოდი უწინარე. მე მზა ვარო სამსახური თქვენი რამცა დავიზარე. ჰგვანდა თუმცა შეყრილ იყვნეს ორნი მზენი ერთი მთვარე. ერთმანერთი დააშვენეს გაემართნეს იქცეს გარე.

1427. ფრიდონის სახლსა გარდახდეს ორნივე ტურფად გებულსა. ახლოს დაისვამს ავთანდილს მისსა ძმად შეფიცებულსა. ტარიელ დაჰსჯდა საჯდომსა ოქსინო გარდაგებულსა მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს ჭაბუკად ქებულსა.

1428. უთხრეს ჯერთ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია. მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია. მან დაჰსდვა პირი მიწასა არ დაიყოვნა ხანია. ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია.

1429. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა. აბანოს ჰბანნა აავსნა შესამოსლისა ძღნობითა. დამოსნა ტურფა ტურფითა ერთმანერთისა მჯობითა. თვალ მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1430. უთხრა თუ ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა. ჰგავს მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა ვითა ხელისა. მაგრა აწ ყოვნა არა ვარგა წავლა სჯობს გზისა გრძელისა. თუ ქაჯნი მოგვესწრებიან საეჭვი არს სიძნელისა.

1431. დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა კარგნი გვინდან და ცოტანი. სამასი კაცი გვეყოფის წავიდეთ მართ მეოტანი. ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა მეომრად დავაგნეთ ხრმალსა კოტანი. მას ადრე ვპოებთ ვისიცა მოგვკლავს ალვისა მოტანი.

1432. ქაჯეთს ერთხელ კვლაც ვყოფილვარ ნახავთ თქვენცა გემაგრების. ყოვლგნით კლდეა გარეშემო მტერი ვერა მოადგების. თუ იდუმალ არ შეუვალთ ცხადად შებმა არ ეგების. მით ლაშქარი არად გვინდა რაზმი მალვით ვერ მოგვყვების.

1433. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისა ნაუბარსა. მუნ დააგდეს ქალი ასმათ ფრიდონ მისცემს საჩუქარსა. თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს გმირთა დარსა. ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა პირველ შენაზარსა.

1434. ზღვა გაიარეს სამთავე ერთგან ძმად შეფიცებულთა. ფრიდონ გზა იცის იარეს დღისით და ღამით რებულთა. ფრიდონ ჰსთქვა ვახლავთ არეთა ჩვენ ქაჯეთს მიახლებულთა. აქადგან ღამით ვლა გვინდა მით არას გამჟღავნებულთა.

1435. ამა ფრიდონის თათბირთა სამნივე ერთგან ზმიდიან. რა გაუთენდის დასდგიან და ღამით ფიცხლა ვლიდიან. მივიდენ აჩნდა ქალაქი მცველთა ვერ დასთვალვიდიან. გარე კლდე იყო გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

1436. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია. მათ ლომთა ნახეს ქალაქი მთვარე დგას მუნ ნათელია. ჰსთქვეს ვითათბიროთ ვითა ვქმნათ აწ გამორჩევა ძნელია. ასი ათასსა აჯობებს თუ გამორჩევით მქმნელია.

თათბირი ფრიდონისა ავთანდილისა და ტარიელისა ქაჯეთის ციხის აღებაზედ