... (H-742), XIX ს.

1613. მათდავე სახედ რომელსა ესენი დაუბადიან. იგივე გაყრის სიშორე არა თუ ნებით სწადიან. ვარდსა ჰსწებვენ და აპობენ ტირან და ცრემლნი ჩადიან. მათთა გამყრელთა ყველთა სიცოცხლე არ იქადიან.

1614. ნესტან დარეჯან თქვა ნეტამც ყოლე არ შემოგცნებოდი. მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავსდნებოდი. ამბავსა სცნევდი მაცნევდი წიგნითა მეუბნებოდი. ვითა მე შენთვის დამწვარვარ აგრე შენ ჩემთვის დნებოდი.

1615. თინათინ უთხრა ჰე მზეო შენთა მჭვრეტელთა ლხინებო. რამცა გაგწირე თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო. ღმერთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო. აგრემცა მივი რაზომსა ცრემლსა მე დავიდინებო.

1616. კვლავ აკოცეს ერთმანერთსა გაიყარნეს იგი ქალნი. ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიტნა ყოლე თვალნი. იგი იჭვრეტს უკუღმავე ედებოდა ამით ალნი. რომე მწადდეს ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

1617. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების. ათასჯერ იტყვის ვაგლახსა არ სულთქმა უერთხელდების. ცხელი ჰსდის წყარო ცრემლისა მართ ვითა ქვაბი ჰსცხელდების. ტარიელ არის დაღრეჯით ფიფქი ნაზდების თხელდების.

1618. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით. იტყვის თუ თქვენი სიახლე მიჩნს აქამდისცა ოცებით. რადგან მოგშორდი დავრჩები პატიჟთა გასაოცებით. შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიხოცებით.

1619. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი გამომსალამე. სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი მინდორთა სალამე. მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე. უბრძანა თქვენთვის მტირალსა ყოლა არ მიჩნდეს სალა მე.

1620. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა. ტარიელ ფრიდონ ავთანდილ თავითა მეტად კარგითა. კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა. მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1621. სამთავე ვლეს ღმერთო მათებრ სხვა ნურა ნუ დაბადოსა. მოეგებნიან მტერობა ვერავინ დაიქადოსა. მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა. ვითა მართებდათ პურობა ღვინოსა სვემდეს არ დოსა.

1622. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი. შვიდი ტახტი სახელმწიფო საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი. ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1623. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს. ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს ქოსნი ხმასა დაატკბობდეს. მისცეს კლიტე საჭურჭლეთა თავთა მათთა მიანდობდეს. ესეაო მეფე ჩვენი იზახდეს და ამას ჰხმობდეს.

1624. ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი დაამზადნეს. ზედა დასხდეს ხელმწიფურად დიდებანი უდიადნეს. ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს. ამბობდიან ჭირთა მათთა ყველაკასა გაუცხადნეს.

1625. სმა პურობა გახარება ქნეს ჯალაბი გაადიდეს. ვითარიცა ქორწილობა ჰხამს ეგეთსა გარდიხდიდეს. მათ ოთხთავე თავის თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს. გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ჰყრიდეს.

1626. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ ხადიან. თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი მართ იმას მოიტყოდიან. ვითა პატრონსა სჭვრეტდიან რაც სწადდის მას იქმოდიან. სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.

1627. ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს მისსა შეკდომილსა. რაცა შენ ჰქენ არ უქმნია არ გამზრდელსა არცა ზრდილსა. აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა. ზედან დაგსვამ შენი იყოს გვმსახურებდიტკბილი ტკბილსა.

1628. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთევ სამეფოსა ეპატრონე. მუნიდაღმე გვმსახურებდი თავი შენი დაგვამონე. ასმათ ფერხნი გარდუკოცნა შენგანაო ჩემი ღონე. მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე რამც ვიქონე.

1629. ერდგან სამთავე ძმობილთა დაყუნეს ცოტაი დღენია. თამაშობდიან უსახო მოუდიოდეს ძღვენია. რა მარგალიტი ღარიბი რა უკეთესი ცხენია. მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.

1630. ტარიელ ჰსცნა ამა ყმისა ცოლისათვის მოესურვა. უბრძანებდა გული შენი გაღანამცა მამემდურვა. აწ ვაგლახ მე ჭირი შენნი გონებამან შვიდი თუ რვა. მოგშორდები ლხინი ჩემი საწუთრომან დამიშურვა.

1631. კვლავ ფრიდონცა დაეთხოვა წავიდეო სახლსა ჩემსა. ზედა ზედა დავსტკეპნიდე დარბაზსა და ამა თემსა. სამსახურსა მიბრძანებდი უხუცესი ვითა მრწემსა. თქვენისათვის ასრე მამსურდების წყაროსათვის ვით ირემსა.

1632. როსტანისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფები ჯუბაჩები. კვლავ ჭურჭელი თვალთა თლილთა არ კოვზები არ ჯამები. ჩემაგიერ მიუტანე წაო ნურას მეუბნები. ავთანდილ ჰსთქვა არა ვიცი მე უშენოდ ვით დავრჩები.