... (H-742), XIX ს.

1341. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად. გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად. მომიგონებდი გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად. ვზი მზრდელი სიყვარულისა მის ჩემგან დანერგულისად.

1342. სხვად ჩემო ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების. ენა დაშვრების მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა ღმერთიმცა მის ეტერების. აწ კვლავ ჰქმნა იგი სოფელმან რაცა მას შეეფერების.

1343. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა მიმისართა. არ დასჯერდა ბედი ჩემი მას პატიჟთა მრავალ გვართა. კვლავცა მიმცა შესაბყრობლად ქაჯთა ძნელად საომართა. ბედმან გვიყო ყოვლი კაი ჩემო რაცა დაგვემართა.

1344. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა თვალნი ძლივ გარდასწვდებიან. გზა გვირაბითა შემოვა მცველნი მაზედა დგებიან. დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან. მათთა შემბმელთა დაჰხოცენ მართ ცეცხლად მოედებიან.

1345. ნუთუ ესენი გეგონენ სხვათა მებრძოლთა წესითა. ნუცა მე მამკლავ ჭირითა ამისგან უარესითა. შენ მკვდარსა გნახავ დავიწვი ვითა აბედი კვესითა. მოგშორდი დამთმე გულითა კლდისაგან უმაგრესითა.

1346. შენ საყვარელო ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა. ჩემი სთქვა სხვათა მიხვდების იგი ალვისა ტანითა. არამ სიცოცხლე უშენო ვარ აქამდისცა ნანითა. ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ ანუ მოვიკლავ დანითა.

1347. შენმან მზემან უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი. შენმან მზემან ვერვის მიხვდეს მოცავიდენ სამნი მზენი. აქა თავსა გარდავიქცევ ახლოს მახლვან დიდნი კლდენი. სული ჩემი შეივედრე ზეცით მამხვდენ ნუთუ ფრთენი.

1348. ღმერთსა შემვედრე ნუთუ კვლავ დამხსნა სოფლისა შრომასა. ცეცხლსა წყალსა და მიწასა ჰაერთა თანა ძრომასა. მამცნეს ფრთენი და ავჰფრინდე მივხვდე მას ჩემსა ნდომასა. დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1349. მზე უშენოდ ვერ იქნების რადგან შენ ხარ მისი წილი. გაღანამცა მას იახლე მისი ეტლი არ თუ წბილი. მუნა გნახო მანდვე გსახო განმინათლო გული ჩრდილი. თუ სიცოცხლე მწარე მქონდეს სიკვდილიმცა მქონდეს ტკბილი.

1350. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს შემოგვედრებ რადგან სულსა. მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე ჩამრჩა გულსა. მომეგონოს მოშორვება მემატების წყლული წყლულსა. ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ ჩემო ჩემსა სიყუარულსა.

1351. წადი ინდოეთს მიმართე არგე რა ჩემსა მშობელსა. მტერთაგან შეიწრებულსა ყოვლგნით ხელ აღუპყრობელსა. გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა. მომიგონებდი მტირალსა შენთვის ცრემლ შეუშრობელსა.

1352. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა კმა საჩივარად. ჰსცან სამართალი მართალი გულისა გულსა მივარად. შენთვის მოვკვდები გავხდები ყორანთა დასაყივარად. ვირემ ვჰცოცხალ ვარ გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1353. აჰა ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა. გარდმიკვეთია ალამი ჩემი ერთისა კიდისა. ესეღა დამრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა. რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა.

1354. ესე წიგნი საყვარელსა მისსა თანა მინაწერი. რა დასწერა გარდაკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი. თავ მოხდილსა დაუშვენდა სისხო სიგრძე თმათა წვერი. ალვისაგან სული მოქრის ყორნის ფრთათათ მონაბერი.

1355. იგი მონა წამოვიდა გულანშაროს მიმავალი. წამ ერთ მიხდა ფატმანისსა დღე იარა არ მრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი. ხელ აღპყრობით ღმერთსა მადლობს ცნობა სრული არა მთვრალი.

1356. ფატმანს უთხრა გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი. დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი. წავალ დგომად აღარა მცალს დრო მოსრულა შარშანდელი. ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ ამწყვედელი.

1357. ხათუნმან უთხრა ჰე ლომო ცეცხლი აწ უფრო ცხელდების. მოეშორვების ნათელსა გული ამისთვის ბნელდების. ისწრაფე ჩემი ნუ გაგვა ხელი ეგრეცა ხელდების. თუ ქაჯნი მოგესწრებიან მუნ მისლვა გაგიძნელდების.

1358. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა მასთანა ხლებულნი. უბრძანა მკვდარნი აქამდის აწყა ვართ დაცოცხლებულნი. ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი. რაცა გვინდოდა მისითა სმენითა გაახლებულნი.

1359. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ ნაცქაფავი. მე ვერა ვნახამ ვისწრაფი გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გაახაფოს ხმა ხაფი კვლავ უფრო განახაფავი. თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე ჩემი ნაალაფავი.

1360. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი თქვენგან დანადები. მადლსა სხვაებრ გარდავიხდი თუღა ფრიდონს შევეყრები. აწ წაიღეთ ყველაკაი მეკობრეთა წანაღები. ამის მეტსა ვერას მოგცემ ვიცი ამად გეძუნწები.