... (H-742), XIX ს.

1323. ქაჯმან უთხრა ვინ გგონივარ ანუ აგრე რად დაბნდები. მე ვარ მონა ფატმანისა თქვენს წინაშე ნამგზავრები. ამა წიგნმან გამამართლოს არ ტყუილად გეუბნები. მზისა შუქნი მოიცადე ვარდო ადრე ნუ დასჭნები.

1324. პირ მზე გაჰკვირდა ფატმანის ამბითა საკვირველითა. ნუშნი გააპნა შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა. მას იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა. სულთქვამს იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა.

1325. მონასა ჰკითხა მიამბე ვინ არის ჩემი მძებნელი. ანუ ვინ მიცის ცოცხალი მიწასა ზედან მტკეპნელი. მან მოახსენა ვიკადრებ რასაც ოდენ ვარ მცნებელი. რა წამოსრულ ხარ მას აქეთ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

1326. ფატმანის გული მას აქეთ ლახვართა შენახევია. მას რომე ცრემლი ჰსდიოდეს ზღვათაცა შენართევია. მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლავ მიმირთმევია. ღმერთსა ვიმოწმებ მას აქათ ტირილი არ დამლევია.

1327. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა. მან უთხრა წვრილად ყველაი თქვენ ხართ რათაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი მკლავითა ვითა გმირითა. მე გამომგზავნეს დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა.

1328. ქალმან უთხრა მემართლების ყმაო შენი ნაუბარი. ფატმან ჩემი რა იცოდა ვიყავ ვისი წანაგვარი. უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მამდებარი. მე მიუწერ შენცა ჰკადრე ვარ ვითამცა გულ მდუღარი.

წიგნი ნესტან დარეჯანისა ფატმანთან მიწერილი.

1329. პირ-მზე ვსწერ აჰა ხათუნო დედისა მჯობო დედაო. მისგან ტყვე ქმნილსა სოფელმან რა მიყო ამას ხედაო. მე გლახ მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო. აწ ვნახე შენი უსტარი მე დიდად მეიმედაო.

1330. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა გამიადვილე ჭირები. აწ ასრე სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები. ერთსა მცავს ერთი სამეფო ბევრჯელ ათასი გმირები. ავად მამიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები.

1331. სხვა ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე. ქაჯთა მეფე არ მოსულა არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე. მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფერე. რასა ჰქვია ძებნა ჩემი არ ეგების დაიჯერე.

1332. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა ცუდ მაშვრალია. იჭირვის იწვის ენთების ჩემი ჰსწვავს ცეცხლებრ ალია. მაგრა მას ვნატრი უნახავს მზე ამად არ დამზრალია. უმისოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ბრალია.

1333. შენ ამბავი არ გიამბე მაშინ ამად დაგიმალე. ვერ იტყოდა ენა ჩემი თავი ჭირთა განვაკრძალე. გეხვეწები საყვარელსა შემახვეწე შემაბრალე. ნუ წამოვა ძებნად ჩემად მიუწერე შეცასთვალე.

1334. მე რომ მჭირს კმარის ნუ მამკლავს ამისითავე სწორითა. მას მკვდარსა ვნახამ მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს დასტურად ვიცი არ რამე ჭორითა. არ დაგმორჩილდეს დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.

1335. გეთქუა ნიშნისა გაგზავნა აწ ესე განამჟღავნია. მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია. ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია. თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მგზავსად შავნია.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელსა თანა მიწერილი.

1336. აწ საყვარელსა მიუწერ გულ ამოსკვნილი მტირალი. მისმანვე ცრემლმან დაუვსის ვის ედებოდა ვის ალი. დასწერა წიგნი მსმენელთა გულისა გასაგმირალი. ვარდი გააპის გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი.

1337. ჰე ჩემო ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები. ტანი კალმად მაქვს კალამი ნაღველთა ამონაწები. მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები. გულო შავ გულო დაბმულხარ ნუ აეხსნები აწ ები.

1338. ხედავცა ჩემო სოფელი რათა საქმეთა მქნელია. რაზომცა ჰნათობს სინათლე ჩემთვის ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ ჰსწუნობენ მით მათგან საწუნელია. უშენოდ ჩემი სიცოცხლე ვამე რა დიდი ძნელია.

1339. ჰხედავ ჩემო ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან. ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან. ნეტარ რა ქნას უშენომან გულმან შენგან დალახრულმან. გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1340. შენმან მზემან აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე. ჩემი მეთქვა გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე. აწ რა მესმა შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე. ჩემი ყველა აქანამდის ჭირი ლხინსა შევაწონე.