... (H-742), XIX ს.

1304. ფატმან მივიდა ავთანდილს ხმა ესმა მისგან ოხისა. იტყოდა მამკლავს უცილოდ ტანი ალვისა მო ხისა. გვერდსა დაისვა ბალიში მისცა მისისა ნოხისა. ვარდისა ბაღსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა.

1305. ავთანდილ ბრძანა ჰე ფატმან ვიცი ეს საქმე შენია. დაჰკრთები ამა ამბავსა მართ ვითა გველ ნაკბენია. მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია. ჩემნი მამკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია.

1306. გგონივარ ვინმე ვაჭარი პატრონი ქარავანისა. მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა. თავადი სპისა დიდისა მათისა შესაგვანისა. მაქვს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე ზარდახანისა.

1307. შენ გიცი კარგი მოყვარე ერთგული მისანდობელი. მათ უვის ერთი ასული მზე ხმელთა მანათობელი. იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი. მან გამამგზავნა დავაგდე პატრონი მათი მშობელი.

1308. რომე შენ ქალი გყოლია მე ძებნად მისვე ქალისად. მივლია ყოვლი ქვეყანა მის მზისა მონაცვალისად. მისთვის გაჭრილი მინახავს წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად. გამცუდებელად თავისად მის გულისა და ძალისად.

1309. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა. ამბავი ტარიელისგან შემოსვა ვეფხის ტყავისა. უბრძანა შენ ხარ წამალი ჯერ შენგან უნახავისა. ღონე წამწმისა ხშირისა ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.

1310. მოდი და ფატმან მეწიე ვეცადნეთ მისა რგებასა. უშველოთ იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა. ვინცა ჰსცნობს კაცი ყველანი ჩვენსა დაიწყებს ქებასა. ნუთუ კვლავ მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

1311. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული. ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი ჩვენგან ცნეული. მანცა გვაცნობოს მართალი ვქმნათ მისი გამორჩეული. ღმერთმან ჰქმნას ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული.

1312. ფატმან ჰსთქვა ღმერთსა დიდება საქმენი მომხვდეს მორანი. დღეს რომე მესმნეს ამბავი უკვდავებისა სწორანი. მოგვარა მონა გრძნეული შავი მართ ვითა ყორანი. უბრძანა ქაჯეთს გაგგზავნი წა გზანი გისხენ შორანი.

1313. აწ გამოსჩნდების სახმრობა ჩემი შენისა გრძნებისა. ფიცხლად დამივსო სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა დებისა. მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა. მან უთხრა ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა.

წიგნი ფატმანისა ნესტან დარეჯანის წინაშე მიწერილი.

1314. ფატმან ჰსწერს აჰა მნათობო სოფლისა მზეო ზენაო. შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო ამაზრზენაო. სიტყვა მჭევრო და წყლიანო ტურფაო ლამაზ ენაო. ბროლო და ლალო ორივე კვლავ ერთგან შენათხზენაო.

1315. თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე. მე ეგრეცა ვსცან მართალი მით გულსა მოვალხენიე. შენთვის ხელქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე. ორნივე მიხუდეთ წადილსა იგი ვარდობდეს შენ იე.

1316. მოსრულა შენად საძებრად მისი ძმად შეფიცებული. ავთანდილ მოყმე არაბი არაბეთს შიგან ქებული. სპასპეტი როსტენ მეფისა ვერვისგან დაწუნებული. შენ სწერდი შენსა ამბავსა ლაღი ბრძნად გაგონებული.

1317. ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა. ვცნათ ამბავი ქაჯეთისა მოსრულანცა ქაჯნი შინა. მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა. ვინ არიან მცველნი შენნი ან თავადი მათი ვინა.

1318. რაცა იცი მანდაური მოგვიწერე გაამჟღავნე. მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე. შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე. ღმერთსა უნდეს მოყუარენი შესაფერნი შეგაზავნე.

1319. წადი უსტარო ისწრაფე თუ მუხლი გქონდეს მალები. დაგნატრი მიხვალ დაგხვდების ბროლი სათი და ლალები. ბედად შენ მჯობ ხარ უსტარო გნახვენ დამწველის თვალები. შენს უკან ჩემი სიცოცხლე თუ გესმის არ გებრალები.

1320. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა. ესე წიგნი მიართვიო ქალსა მზისა დასაგვანსა. მან გრძეულმან მოლი რამე წამოისხა ზედან ტანსა. მასვე წამსა გარდიკარგა გარდაფრინდა ბანის ბანსა.

1321. წავიდა ვითა ისარი კაცისა მშვილდ ფიცხელისა. რა ქაჯეთს შეჰხდა ქმნილ იყო ოდენ ბინდ ბანდი ბნელისა. უჩინლად შევლო სიმრავლე მოყმისა კართა მცველისა. მას მზესა ჰკადრა სალამი მისისა სასურველისა.

1322. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი. შევიდა ზანგი პირ შავი თმა გრძელი ტან ნაბდიანი. იგი მზე დაჰკრთა ეგონა სამოსი რამე ზიანი. შეჰსცვალა ვარდი ზაფრანად ლაჟვარდის ფერად იანი.