... (H-742), XIX ს.

1284. როსანს შევრთოთო დულარდუხტს მეფესა უბრძანებია. ჯერ ქორწილოთ არა მცალს აწ გული ცეცხლ ნადებია. შემოვიქცევი შევისძლობ ვინ ცისა მზედ ნაქებია. ციხეს დაუსვამს ხადუმი ერთაი უახლებია.

1285. ყოვლნი მცოდნენი გრძნებისა მას თანა წაუტანია. მით რომე გზაა საჭიროა მტერნი საომრად მზანია. ქვე დაუყრია მოყმები ვინც უფრო გულოვანია. დაეყოვნების წასრულა ჯერეთ ცოტაი ხანია.

1286. ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია. ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია. მას კლდესა შიგან გვირაბი ასაძრომელი ხვრელია. მუნ არის მარტო მნათობი მისთა შემყრელთა მწველია.

1287. გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირ ნასები. ათი ათასი ჭაბუკი დგას ყველა კაი ხასები. ქალაქის კართა სამთავე სამათას სამათასები. გულო გაგსაჯა სოფელმან არ ვიცი და გლახ რას ები.

1288. ესე ამბავი ავთანდილ პირ მზემან მაგარ ვადამან. რა მოისმინა იამა სხვა არა გააცხადა მან. შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან. ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან.

1289. ფატმანს უთხრა საყვარელო კმა ხარ ჩემთვის სასურველად. მე ამბავი სანატრელი მამასმინე არ პირბნელად. მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად. ქაჯნი ყველა უხორცოა რამან შექმნა ხორციელად.

1290. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა. მაგრა ქაჯნი უხორცონი რას აქნევენ მიკვირს ქალსა. ფატმან უთხრა მამისმინე მართლად გხედავ მანდა მკრთალსა. არ ქაჯნია კაცნიაო მინდობია კლდესა სალსა.

1291. ქაჯნი სახელად მით ჰქვიან არიან ერთად კრებულნი. კაცნი გრძნებისა მცოდნენი ზედან გახელოვნებულნი. ყოველთა კაცთა მავნებნი იგი ვერვისგან ვნებულნი. მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი დაწბილებულნი.

1292. იქმენ რასმე საკვირველსა მტერსა თვალსა დაუბრმობენ. ქართა აღძვრენ საშინელთა ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ. ვითა ხმელსა გაირბენენ წყალსა წმიდად დააშრობენ. ჰსწადდეს დღესა ბნელად იქმენ სწადდეს ბნელსა ანათობენ.

1293. ამისთვის ქაჯად უხმობენ გარეშემონი ყველანი. თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ხორციელანი. ავთანდილ მადლი უბრძანა ცეცხლნი დამივსენ ცხელანი. დიდად მიამნეს ამბავნი სიტყვანი აწინდელანი.

1294. გულითა ღმერთსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი. ჰსთქვა ღმერთო გმადლობ რომელი ხარ ჭირთა მამალხენელი. ყოფილი მყოფი უთქმელი ყურთაგან მოუსმენელი. წყალობა თქვენი იჩქითად არს ჩვენი გარმომფენელი.

1295. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა. ფატმან ეჭვდა თავისათვის ამად ცეცხლსა კვლავ იდებდა. ყმა ნამუსსა ინახვიდა სიყვარულსა იფერებდა. ფატმან ყელსა ეხვეოდა პირსა მზესა აკოცებდა.

1296. მას ღამით ფატმან იამა ავთანდილთანა წოლითა. ყმა უნდო გვარად ეხვევის ყელსა ყელითა ბროლითა. ჰკლავს თინათინის გონება ძრწის იდუმლითა ძრწოლითა. გული მხეც ქმნილი გასჭრია მხეცთავე თანა რბოლითა.

1297. ავთანდილ მალვით ცრემლსა წვავს დენად სისხლ ნართავისად. შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავისად. იტყვის თუ მნახეთ მიჯნურნო იგი ვინ ვარდი ავისად. უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მგზავსად ყვავისად.

1298. მუნ ცრემლნი მისგან ნადენი ქვათაცა დასალბონია. გიშრისა ტევრსა აგუბებს ვარდისა ველსა ფონია. ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია. თუ ყვავი ვარდსა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია.

1299. გათენდა ბანად წავიდა მზე სოფელს შუქ ნაკიდები. დიაცმან უძღვნა მრავალი კაბა ყაბაჩა რიდები. მრავალი ფერი სუნნელი ტურფა პერანგი წმიდები. რაცა გწადდესო ჩაიცვი მე ნურას დამერიდები.

1300. ავთანდილ ჰსთქვა საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა. სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა. მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა. მოემატა დაშვენება დაემგზავსა ლომი მზესა.

1301. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად. ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად არ პირ ბნელად. ფატმან ნახა გაუკვირდა ვაჭრულისა უმოსელად. შემოჰსცინნა აგრე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად.

1302. ფატმან მისსა შვენებასა მეტის მეტად ჰკვირდებოდა. მან პასუხი არა გასცა თავისწინა ღიმდებოდა. შეეტყვების არ მიცნობსო რა რეგვნად და რაგვარ ხმობდა. თუცა რასმე იფერებდა მეტი არა გავიდოდა.

1303. პური ჰჭამეს გაიყარნეს ყმა მივიდა მისსა შინა. ღვინო სმული მხიარული დაწვა ამოდ დაიძინა. საღამო ჟამს გაიღვიძა შუქი ველთა მოაფინა. ფატმან უხმო მოდი მნახე მარტო ვარო თავისწინა.