... (Q-376), XIX ს.

1385. ტარიელ უთხრა მე თქუჱნი, ვჰსცან გმირთა მეტი გმირობა. თქუჱნსა ძალგულსა თქუჱნივე, ჰგავს თათბირობა პირობა. ვიცი გწადსთ ომი ფიცხელი, არ ცუდი ჴრმალთა ღირობა. კაციმცა მაშინ თქუჱნ გახლავსთ, რა ომმან ჰქმნას გაჭირობა:-

1386. მაგრამ იყუჱნით ჩემთჳსცა, საქმისა რასმე ჰრჩევითა. ჴმა ესმას ჩემსა ხელმქმნელსა, ზედა გადმოდგეს მზე ვითა. თქუჱნ გქონდესთ ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა. ესე მე დამსურის ნუ უბნობთ, სიტყჳთა თქუჱნ სათნევითა:-

1387. მაგა თათბირსა ესე ჰსჯობს, ვჰოთ ჩემი მონახსენები. გავიყოთ კაცი ას ასი, რა ღამე ჰსჩნდეს ნათენები. სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლად დავჰსწკიპოთ ცხენები. მოგვეგებვიან ვემცრობით, ჩუჱნ ჴრმალსა მივჰსცემთ მძლე ნები:-

1388. ფიცხლად შევებნეთ შევჰსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა. სამთაგან ერთი შეუვალთ, სხუა გარეთ ვჰსცემდეთ გარებსა. მან ერთმან შიგნით მყოფნი და, მისცეს სისხლისა ღუარებსა. ჴელი კულავ მივჰყოთ აბჯარსა, მას ჩუჱნგან მძლედ ნახმარებსა:-

1389. ფრიდონ უთხრა შემიგია, გამიგია ვიცი მე რა. მაგა ცხენსა ჩემეულსა, მოასწრობენ კართა ვერა. ოდეს გიძღუჱნ არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა. თუარა ყოლა არ გიძღუნიდი, გითხრა ჩემი სიძუნწე რა:-

1390. ფრიდონ ლაღი ამხანგობს, საუბართა ესოდენთა. ამაზედან გაიცინეს, მათ წყაროებრ სიტყუა ბრძენთა. ერთმანერთსა ალაღობნეს, ლაღობით მსმენთ მომალხენთა. გარდახდეს და დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა:-

1391. კულავ ერთმანერთსა მიუგეს, სიტყუანი არ პირმკუახები. დაასკუნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები. გაიყუჱს კაცი ასასი, ყუჱლაჲ გმირთა სახები. ცხენებსა შესხდეს აიღეს, მათ მათი ჩაბალახები:-

1392. იგი ჭაბუკნი შუქითა, ვნახენ მზისაცა მეტითა. მათ სამთა შჳდნი მნათობნი, ჰფარუჱნ ნათლისა სვეტითა. ტარიელ შავსა ზედა ზის, ტანითა მით წერწეტითა. დალივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭურეტელნი ჭურეტითა:-

1393. ჩემი ესე ნათქუამი, მათი სახე და დარია. რა ზედა ჰსწჳმდეს ღრუბელი, და მთათა აღტყდეს ღუარია. მოვა და ჴევთა მოგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია. მაგრამ რა ზღუათა შეერთჳს, მაშინ ეგრეცა წყნარია:-

1394. თუცა ფრიდონ და ავთანდილ, სიკეთე მიუწთომნია. მაგრამ ტარიას შებმანი, არ ვისგან მოსანდომნია. მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ჴომნია. აწ იყურებდით მჰსმენელნო, გესმნეთ ფიცხელნი ომნია:-

1395. სამთავე სამად გაიყუჱს, თჳთომან თჳთო კარები. თანა ჰყუათ კაცი სამასნი, ყუჱლაი გმირთა დარები. მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო ანაჩქარები. გათენდა შესხდეს მიმართეს, თავის თავს ჰქონდათ ფარები:-

1396. პირუჱლ ამოდ მიდიოდეს, მგზავრთა ვიეთთმე მაგიერად. მათ შიგნითთა ვერა უგრძნეს, ვერცა დახუდეს გულჴმიერად. გულსა შიში არა ჰქონდათ, ამოდ ჰსდგეს და ნებიერად. მიდგეს გარე მუზარადნი, დაიხურეს ჟამიერად:-

1397. ანაზდად ცხენნი გაჰქუსლეს, მათრახმან შეჰქმნა წრტიალი. რა ნახნეს კარნი გაახუნეს, ქალაქით გაჰხდა ზრიალი. სამთავე სამგნით მიმართეს, თავსა მით უყუჱს რიალი. იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქნა ბუკთა ტკრციალი:-

1398. მაშინ ქაჯეთს მოიწია, უსაზომო რისხუა ღუთისა. კრონოს წყრომით შემხედუჱლმან, მოიშორვა სიტკბო მზისა. მათვე რისხჳთ გარდუბრუნდათ, ბორბალი და სიმგრგულე ცისა. ველნი მკუდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკუდრისა:-

1399. კაცსა უკრავად დაბნედდის, ჴმა ტარიელის ხაფისა. აბჯარსა ჰფრეწდის გაცუდდეს, სიმაგრე ჯავშან ქაფისა. სამგნითუჱ კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ნახეს კაფისა. რა ქალაქს შეჰჴდეს შეიქნა, სიხარკე ციხეს ჰსწრაფისა:-

1400. ავთანდილ და ლომი ფრიდონ, შიგნით ერთად შეიყარნეს. მტერნი სრულად აეწყჳტნეს, სისხლნი მათნი მოეღუარნეს. უყივლეს და ერთმანერთი, ნახეს დიდად გაეხარნეს. ჰსთქუჱს ტარიელ რა იქნაო, მისად ჭურეტად თუალნი არნეს:-

1401. ერთმანცა არვინ იცოდა, ვერც რა ჰსცნეს ტარიელისა. ციხისა კარსა მიმართეს, რიდი არ ჰქონდათ მტერისა. მუნ ნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ჴრმალთა წვერისა. ათი ათასი ნობათი, უსულო მჰსგავსი მტვერისა:-

1402. ციხისა მცუჱლნი ყოველნი, იდუა მართ ვითა სნეული. თავით ფერხამდინ დაჭრილნი, აბჯარნი მუნ დახეული. ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული. ჰსცნეს ნაქმრად ტარიელისად, ჰსთქუჱს საქმე არს ეს მისეული:-

1403. გზანი დაჰხუდეს შეკაფულნი, ავიდეს და აძურეს ჴურელსა. ნახეს მზისა შესაყრელად, გამოეშო მთუარე გველსა. მუზარადი მოეხადა, ჰშუჱნის აკვრა თმასა ლელსა. მკერდი მკერდსა შეეწებათ, გარდაეჭდო ყელი ყელსა:-

1404. ეხვეოდეს ერთმანერთსა, ჰკოცნიდეს და ცრემლნი ღუარნეს. ამას ჰგუანდეს ოდეს ერთგან, მუშთარ ზუალ შეიყარნეს. მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაჰშუჱნდეს და შუქნი არნეს. აქანამდის ჭირნახულთა, ამას იქით გაიხარნეს:-