... (H-742), XIX ს.

1264. მე ვარო მონა მეფისა მაღლისა ქაჯთა მფლობლისა. მათ მიხვდა ცემა სენისა მათისა დამამხობლისა. მოგვიკვდა შემწე ქვრივისა შემწყნარებელი ობლისა. აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის უმჯობესად მშობლისა.

1265. დულარდუხტ არის დიაცი მაგრა კლდე ვითა ლოდია. ვისცა არ დაჰკოდს ყმა მისი ვერავის დაუკოდია. მას უსხენ წვრილნი ძმის წულნი როსან და ერთი როდია. აწ იგი ქაჯეთს ხელმწიფედ ქვე ჰზის მორჭმული წოდია.

1266. გვესმა ამბავი ზღვათ იქით სიკვდილი დისა მათისა. შეიჭირვებდეს ვეზირნი დაშალეს ქნა ხალვათისა. ვითა ვკადროთო დავსება პირისა ხმელთა მნათისა. როშაქ მონაა თავადი მონისა ბევრ ათასისა.

1267. როშაქ ბრძანა მოცავინ მკლავს მე ტირილსა არ დავხვდები. მინდორს წავალ ვიმეკობრებ ალაფითა ავივსები. შინა მოვალ შოებული ადრე ზედა მოვესწრები. მეფე დისა დატირებად წავიდოდეს წაცავჰყვები.

1268. გვითხრა მისთა ხელისათა წავალ თანა წამომყევით. წაგვიტანა მონა ასი ყველაკაი მისგან რჩევით. დღისით მზისით ვმეკობრობდით ღამეთაცა ვიყვით თევით. დია ვლეწეთ ქარავანი ლარი ჩვენკენ გარდმოვდევით.

1269. მინდორ მინდორ მოვდიოდით ჩვენ ღამესა დია ბნელსა. დიდი რამე სინათლენი გამოგვიჩნდეს შუა ველსა. ვთქვით თუ მზეა ნუთუ ზეცით ჩამოჭრილი ზედან ხმელსა. დაბნეული მივეცენით გონებასა ჩვენსა მსჯელსა.

1270. ზოგთა ჰსთქვეს არის ცისკარი ზოგთა თქვეს არის მთვარეო. მას დარაზმულთა მივმართე ახლოსცა ვნახეთ ბარეო. შორს მოუარეთ მივედით შემოვადეგით გარეო. მით ნათლიდაღმე გამოხდა ხმა ჩვენი მოუბარეო.

1271. გვითხრა ვინ ხართ ცხენოსანნო თქვენ სახელნი თქვენი თქვენით. გულანშაროთ მოციქული ქაჯეთს მივალ მერიდენით. ეს რა გვესმა მოვადეგით ალყად გარე მოვერტყენით. პირმზე რამე ცხენოსანი გავიცადეთ თვალით ჩვენით.

1272. უჭვრიტეთ პირსა მნათობსა ელვათა მოელვარებსა. მისი ციმციმი მზისაებრ ეფინებოდა არებსა. ძვირ ძვირად გვეუბნებოდა სიტყვასა რასმე წყნარებსა. კბილთაგან შუქი შეადგის ზედა გიშრისა სარებსა.

1273. კვლავ ვეუბენით მას მზესა ტკბილ მოუბრითა ენითა. არ მონა იყო ტყუოდა ჩვენ ესე შევიგენითა. როშაქ შეატყო ქალობა გვერდსა წაუდგა ცხენითა. აღარ გაუშვით დაჭირვა ვკადრეთ ხელითა ჩვენითა.

1274. კვლავ ვკითხეთ გვითხარ მართალი საქმე შენ მზეებრ ნათელისა. ვისი ხარ ვინ ხარ სით მოხვალ მანათობელი ბნელისა. მან არა გვითხრა გაუშვა წყარო ცრემლისა ცხელისა. რა საბრალოა გავსილი მთვარე ჩანთქმული გველისა.

1275. არცა რა ცხადი ამბავი არცა რა დასამალავი. არა არ გვითხრა ვინ იყო ან ვისგან ნამუხთალავი. ქუშ ქუშად გვეუბნებოდა კუშტი თავისა მკრძალავი. ვითა ასპიტი მჭვრეტელთა მისთა თვალითა მლალავი.

1276. გვიბრძანა თუ ნუ ჰკითხავთ აწ თურე არ სათქმელია. ამისა საქმე უცხოა საამბობლადცა ძნელია. ბედი მეფისა ჩვენისა არსთაგან სანატრელია. მით რომე ღმერთი მას მისცემს რაც უფრო საკვირველია.

1277. ესე ღმერთსა მისაგვრელად მისად ჩვენთვის მოუცდია. მიუტანოთ არმაღანად დაგვიმადლებს მეტად დია. თუ დავმალავთ დავმჟღავნდებით მეფე ჩვენი ამაყია. პირველ მათი შეცოდება მერმე დიდი აუგია.

1278. მივამოწმენით თათბირნი არ კიდე გავაკიდენით. დავბრუნდით ქაჯეთს მივმართეთ მასწინა მოვეკიდენით. არცარა ვკადრეთ ხელდახელ არცა თუ წავეკიდენით. იგი ჰსტირს ღაწვსა გულმდუღრად ჩარცხის ცრემლისა კი დენით.

1279. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი კვლავ ადრე თქვენი მხლებელი. აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი. მან გამამიშვა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი. თანა წავიტან წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი.

1280. მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა. მე გავიგონე შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა. მ[ე]ნიშნა ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა. ცოტაი ლხენა მომეცა მსგავსი დრამისა წონისა.

1281. მოვიყვანე იგი მონა ახლოს დავსვი ჩემსა წინა. ვკითხე მითხარ რას იტყოდი გაგონება მეცა მინა. მან იგივე კვლავ მიამბო რაცა მუნით მამესმინა. ამ ამბავმან გამაცოცხლა სულ მობრძავი დამარჩინა.

1282. მე ორნი შავნი მონანი მყვანან სავსენი გრძნებითა. უჩინოდ მივლენ წამოვლენ მათითა ხელოვნებითა. მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ ვარქვი თუ ნუ დასდგებითა. მაცნობეთ მისი ამბავი თქვენითა მოქმედებითა.

1283. სამ დღე მოვიდეს მიამბეს ფიცხლა ებიჯა გზისადა. მიუგვჰრიაო მეფისა ზღვას იქით წამავლისადა. ვერვის შეუდგმან საჭვრეტად თვალნი მართ ვითა მზისადა. ქუე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა.