... (H-742), XIX ს.

1225. გვერდსა დაისვა ეუბნა ტკბილითა საუბარითა. მითხარო ვინ ხარ ვისი ხარ მოსრული ვისთა გვარითა. მან არა გასცა პასუხი პირითა მზისა დარითა. თავ მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ზის ცნობითა წყნარითა.

1226. არ ისმენდა მეფისასა რასა გინდა უბრძანებდა. სხვაგან იყო გული მისი სხვასა რასმე იგონებდა. ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა. მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა რასამცა ვინ იაზრებდა.

1227. მეფე ბრძანებს რა შევიგნათ გული ჩვენი რათ იხსნების. ამ ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქნების. ან ვისიმე მიჯნურია საყვარელი ეგონების. მისგან კიდე არვისად ჰსცალს ვეღარცავის ეუბნების.

1228. ანუ არის ბრძენი ვინმე მაღალი და მაღლად მხედი. არცა ლხინი ლხინად უჩანს არცა ჭირი ზედან ზიდი. ვით ზღაპარი ასრე ესმის უბედობა თუნდა ბედი. სხვაგან არის სხვაგან ფრინავს გონება უც ვითა ტრედი.

1229. ღმერთმან ჰქნას შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული. მე დავახვედრო ისი მზე და მისთვის დამზადებული. მან ათქმევინოს ნუთუ რა ჩვენცა ვსცნოთ გაცხადებული. მუნამდის მთვარე შუქ კრთომით ჯდეს მზისა მოშორვებული.

1230. ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა გულოვანსა. უებროსა ზნედ და თვალად შვენიერსა პირსა ტანსა. მაშინ ლაშქარს წასრულიყო მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა. მამა მისთვის ამზადებდა მას მნათობსა დასაგვანსა.

1231. მოიღეს ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა. მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა. დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა. მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1232. მეფემან ბრძანა მოკაზმეთ საწოლი უფლის წულისა. დაუდგეს ტახტი ოქროსა წითლისა მაღრიბულისა. ადგა თვით დიდი ხელმწიფე პატრონი სრისა სრულისა. მას ზედა დასვა იგი მზე ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1233. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომლად მცველად კარისა. ხელმწიფე დაჯდა ნადიმად მსგავსად მათისა გვარისა. უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზის დარისა. ჰსცემენ ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისა.

1234. გააგრძელეს ნადიმობა სმა შეიქნა მეტად გრძელი. ქალი პირ მზე ბედსა ეტყვის რა ბედი მიც ჩემი მკვლელი. სადაური სად მოსრულ ვარ ვის მივხვდები ვისთვის ხელი. რა ვქმნა რა ვჰყო რა მერგების სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი.

1235. კვლაცა იტყვის ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა. ვეცადო რას ნუთუ ღმერთმან მე მამრიოს ჩემსა მტერსა. სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა. რა მისჭირდეს მაშინ უნდა გონებანი გონიერსა.

1236. ხადუმნი უხმნა უბრძანა ისმინეთ მოდით ცნობასა. მოღორებულხართ დამცდარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა. დამცდარა თქვენი პატრონი ჩემსა თუ ლამის სძლობასა. ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა.

1237. არ ვარგ ვარ თქვენად დედოფლად ჩემი გზა კიდეგანია. მაშოროს ღმერთმან მამაცი პირად მზე სარო ტანია. სხვასა რას მნუკავთ საქმესა ჩემნი საქმენი სხვანია. თქვენთანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.

1238. უცილოდ თავსა მოვიკლავ გულსა დავიცემ დანასა. თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა. ესე ჰსჯობს მოგცე საჭურჭლე მძიმე მარტყია ტანასა. მე გამაპარეთ გამიშვით თვარა დავიწყებთ ნანასა.

1239. შემოიხსნა მარგალიტი შემოერტყა რაცა თვალი. მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი ერთობ ლალი. მისცა უთხრა გამომიღეთ გეაჯები გულ მხურვალი. მე გამიშვით ღმერთსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი.

1240. მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა მძიმისა. დავიწყდა შიში მეფისა ვითა ერთისა გზირისა. გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა. ნახე თუ ოქრო რასა იქს კვერთხი ეშმაკთა ძირისა.

1241. რა ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა. დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა. შესდის და გასზდის აკლია ემდურვის ეტლთა რბენასა. კვლავ აქა სულსა დააბამს დაუშლის აღმაფრენასა.

1242. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი. ერთმან ტანსა აიხადა მისცა მისი ჩასაცმელი. სხვანი კარნი გამოარნეს იჯარვოდა დარბაზს მსმელი. დარჩა მთვარე გველისაგან გავსებული ჩაუნთქმელი.

1243. მონანიცა გარდეხვეწნეს გაიპარნეს მასვე თანა. ქალსა კარსა დამირეკა ფატმანობა ჩემი ბრძანა. გავე ვიცან მოვეხვივე გამიკვირდა მეცა განა. შინა ყოლა არ შემომყვა რად მაწვეო შემანანა.

1244. მიბრძანა თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა. მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა. ვეღარ დამმალავ გამიშვი ფიცხლად გამგზავნე ცხენითა. სადამდის ჰსცნობდეს ხელმწიფე კაცთა მამწევდეს რბენითა.