... (H-742), XIX ს.

1205. უსენ იტყვის ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს. ესე ღაწვნი მზისად კმარან კაცთაგანმცა ვით იკოცნეს. უმართლეა ვერა მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს. მე თუ შვილნი მირჩევნიან ღმერთმან იგი დამიხოცნეს.

1206. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი წამოვედით სულთქმით ახით. შეყრა გვიჩნდა სიხარულად გაყრა დიდად ვივაგლახით. ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით იგი ვნახით. გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

1207. რა გარდახდა ხანი რამე გამოვიდა ღამე დღენი. უსენ მითხრა არ მინახავს ძოღანდიდგან მეფე ჩვენი. მივაზირებ წავალ ვნახავ უდარბაზო უძღვნა ძღვენი. მოვახსენე დია ღმერთო ბრძანებაა ეგე თქვენი.

1208. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები. დავვედრე დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთვრალები. ამა ქალისა ამბავსა მამკალ თუ არ ეკრძალები. კვლავ შემამფიცა არ ვიტყვი თავსაცა მეცეს ხრმალები.

1209. უსენ მოვიდა ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი. უსენ არიფი მეფისა და მეფე მისი მდომელი. წინა მივიდა შეიძღვნა ძღვენი მიართვა რომელი. აწ ნახო მთვრალი ვაჭარი ცქაფი უწრფელი რომელი.

1210. რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი. კვლავ შესვეს და კვლავ აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდა იგი ფიცნი რა მუსაფნი რა მაქანი. მართლად თქმულა არა მართებს ყვავსა ვარდი ვირსა რქანი.

1211. უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს მთვრალსა. დია მიკვირს საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა. მარგალიტსა დიდროანსა უმზგავსოსა ჰპოვებ ლალსა. ვერ გარდვიხდი თავმან ჩემან ძღვენთა შენთა ნაათალსა.

1212. თაყვანიჰსცა უსენ ჰკადრა ჰე მაღალო ხელმწიფეო. ზეცით შუქთა მამფენელო მარჩენელო არსთა მზეო. რაცა სხვა მაქვს ვისი არის ოქრო გინდა საჭურჭლეო. დედის მუცლით რა გამამყვა მბოძებია თქვენგან მეო.

1213. ამას გკადრებ თავმან თქვენმან არა გმართებს მადლი ძღვნისა. სხვა რამე მყავს სასძლო თქვენი შესართავი თქვენის ძისა. მას უცილოდ დამიმადლებთ ოდეს ნახოთ მგზავსი მზისა. მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა.

1214. რას ვაგრძელებდე გატეხა ფიცი სიმტკიცე სჯულისა. უამბო პოვნა ქალისა მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად იამა მიეცა ლხინი გულისა. [უ]ბრძანა დარბაზს მოყვანა სრულ ქნა უსენის თქმულისა.

1215. მე აქა ჩემსა ამოდ ვჯექ მუნამდის არ მიკვნესია. შემოდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია. თანა ჰყვა მონა სამოცი ვით ხელმწიფეთა წესია. მოვიდეს დია გავკვირდი ვთქვი რამე საქმე ზესია.

1216. მისალამეს ფატმან მითხრეს ბრძანებაა მზისა სწორთა. დღეს რომელი უსენ შესძღვნა ქალი მსგავსი მზეთა ორთა. აწ მომგვარე წავიყვანო ვლა არ გვინდა გზათა შორთა. ესე მესმა და დამტყდეს ცანი რისხვით ეცა გორთა.

1217. მე გაკვირვებით კვლავ ვჰკითხე რა ქალი გინდა რომელი. მათ მითხრეს უსენ შემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი. არას მარგებდა დაესკვნა დღე ჩემი სულთა მხდომელი. ავთრთოლდი ავდეგ ვეღარა ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

1218. შეველ ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ დასხმულად. ვკადრე მზეო ბედმან შავმან ვით მიმუხთლა ჰხედავ სრულად. ცა მობრუნდა რისხვით ჩემკენ იავარმყო ამფხვრა სრულად. შემასმინეს მეფე გითხოვს ვარ ამისთვის გულ მოკლულად.

1219. მან მითხრა დაო ნუ გიკვირს ეგე რაზომცა ძნელია. ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს გიკვირდეს ავი რა საკვირველია. სხვადასხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია ძველია.

1220. თვალთათ ვითა მარგალიტი გარდმოყარა ცრემლი ხშირი. ადგა ასრე გულ უშიშრად ვეფხი იყო ანუ გმირი. ლხინი ლხინად არად უჩნდა მართ აგრევე ჭირად ჭირი. მთხოვა გარე აჯიღითა მოიბურა ტანი პირი.

1221. შევე საჭურჭლეს რომელსა ფასი არ დაედებოდა. თვალ მარგალიტი ავიღე რაც ოდენ ამეღებოდა. თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა. მივე მას წელთა შევარტყი შავ გული ვისთვის ჰკვდებოდა.

1222. ვარქვი ჩემო განღა სადმე გეხმარების ესე გვარი. მათ მონათა ხელთა მივეც იგი ტურფა მზისა დარი. ჰსცნო მეფემან მოეგება ჰკრეს ტაბლაკსა გაჰხდა ზარი. იგი მივა თავ მოდრეკით წყნარი არას მოუბარი.

1223. ზედა მოატყდა მჭვრეტელი გახდა ზათქი და ზარები. ვერ იჭირვიდეს სარაგნი მუნ იყო არ სიწყნარები. იგი რა ნახა მეფემან საროსა მსგავსი ნარები. გაკრთომით უთხრა ჱე მზეო აქა ვით მოიგვარები.

1224. ვით მზემან მისნი მჭვრეტელნი შექნა თვალისა მფახველად. მეფემან ბრძანა გამხადა ნახული მე უნახველად. ღვთისაგან კიდე ვინც იყო კაცი ამისად მსახველად. მართებს ამისთა მიჯნურსა ხელნი თუ რბოდეს ახ ველად.