... (H-742), XIX ს.

1185. მითხრა შენ ჩემთვის, დედაო ხარ უმჯობესი დედისა. რას აქნევ ჩემსა ამბავსა ზღაპარი არის ყბედისა. ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა. თუ რაცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა.

1186. ვსთქვი უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა. მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა. ხმობა უნდა ჟამიერად სააჯოსა ყოვლსა თხრობა. რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა.

1187. ავიყვანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვჰთქვი უქი. სურვილმან და მზემან მისმან ძლივ დავმალი მისი შუქი. ჩამოვბურე მრავალ კეცი სტავრა მძიმე არ სუბუქი. ცრემლსა ჰსეტყვს და ვარდსა აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი.

1188. მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით. მოუკაზმე სახლი ერთი შიგან დავსვი მეტად მალვით. არვის უთხარ სულიერსა შევინახე ფარვით კრძალვით. ერთი ზანგი ვამსახურე მე შევიდი ვნახი ხალვით.

1189. ვით გიამბო საკვირველი მე გლახ მისი ყოფა ქცევა. დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა. შევეხვეწი დასდუმდიო წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა. აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა.

1190. შინა შევიდი მას წინა ედგის ცრემლისა გუბები. შიგან მელნისა მორევსა ეყრდნის გიშრის შუბები. მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები. შუა ძოწსა და აყიყსა ჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1191. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან. თუმცა მეკითხა ვინა ხარ ეგრე გასრული რისაგან. მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან. მას ხორციელი არ გასძლებს სხვა კიდეგანი ქვისაგან.

1192. არად უნდის საბურავი არცა წოლა საგებლითა. მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა. მკლავი მისი სასთაუნალად მიიდვის და მიწვის მითა. ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1193. სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა. ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირ ფასისა. მაგრა მისი არა ვიცი ქნილი იყო რაგვარისა. სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.

1194. მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაჰყო ხანი დიდი. ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა შესმენისა მქონდა რიდი. ვსთქვი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი. ესე მეყო საგონებლად კვლავ შევიდი კვლავ გავიდი.

1195. ვსთქვი თუ არ უთხრა რა უყო ჩემგან რა მოეგვარების. არცა რა ვიცი რა უნდა რა ვისგან მოეხმარების. ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს ვეღარა მომეფარების. ვითა დავმალო ნათელი ვინ მზესა დაედარების.

1196. მე გლახ მარტომან რა უყო მიმატებს ცეცხლთა დებასა. მო და გავანდო ნუ შევალ უსენის შეცოდებასა. არ გამამჟღავნოს ვაფიცო თუ მამცემს იმედობასა. სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა.

1197. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა ველაღობე ველაციცე. მერმე ვუთხარ გითხრობ რასმე მაგრა პირველ შემომფიცე. არვის უთხრა სულიერსა საფიცარი მამეც მტკიცე. ფიცი ჰფიცა საშინელი თავიცაო კლდეთა ვიცე.

1198. რაცა მითხრა სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა. არა ბერსა არა ყმასა მოყვარესა არცა მტერსა. მერე ვუთხარ ყველაკაი უსენს კაცსა ლმობიერსა. მოდი მომყევ აქა სადმე მო გიჩვენებ მზისა ფერსა.

1199. ადგა ამყვა და წავედით შევლენით კარნი სრისანი. უსენ გაჰკვირდა გაცაჰკრთა რა შუქნი ნახნა მზისანი. ჰსთქვა რა მიჩვენე რა ვნახე რანია ნეტარ რისანი. თუ ხორციელი არისმცა თვალნიმცა მრისხვენ ღმერთისანი.

1200. ვსთქვი თუ არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა. რაცა არ გითხარ მის მეტი მაქვს არა მეცნიერობა. მე და შენ ვკითხოთ ვინ არის ვისგან სჭირს ისი ხელობა. ნუთუ რა გვითხრას ვიაჯნეთ ქნას დიდი ლმობიერობა.

1201. მივედით გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა. ვკადრეთ თუ მზეო სახმილი გვედების შენგან ალისა. გვითხარ რა არის წამალი მთვარისა შუქ ნამკრთალისა. რას შეუქნიხარ ზაფრანად შენ ფერად მსგავსი ლალისა.

1202. რაცა ვკითხეთ არა ვიცით ესმა ანუ არ ისმენდა. ვარდი ერთგან შეეწება მარგალიტსა არ აჩენდა. გველნი მოშლით მოეკეცნეს ბაღი შეღმა შერაშენდა. მზე ვეშაპსა დაებნელა ზედა რამცა გაგვითენდა.

1203. ვერა დავყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა. ვეფხი ავაზა პირ ქუშად ზის წყრომა ვერ უგრძენითა. კვლაცა ვაწყინეთ ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა. არა ვიციო მიმიშვით ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1204. დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ. რაცა გვეთქვა შევინანეთ სხვამცა რაღა შევიწამეთ. ძლივ ვიაჯეთ დადუმება დავადუმეთ დავაამეთ. ჩვენ მივართვით ხილი რამე მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.