... (H-742), XIX ს.

1165. ამა ქალაქსა წესია დღესა მას ნავროზობასა. არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი არცა ვინ წავა გზობასა. ყველანი სწორად დავიწყებთ კაზმასა ლამაზობასა. დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა დარბაზობასა.

1166. ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა. მათ საბოძვრისა ბოძება მართებს მსგავსისა ჩვენისა. ათს დღემდის ისმის ყოველგან ხმა წინწილისა ებნისა. მაედანს მღერა ბურთობა დგრიალი ცხენთა დგენისა.

1167. ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა წაუძღვების უსენ წინა. მათთა ცოლთა მე წავასხამ მაწვეველი არათ მინა. დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით მდიდარი თუ გლახა ვინა. დარბაზს ამოდ გავიხარებთ მხიარული მოვალთ შინა.

1168. დღე მოვიდა ნავროზობა დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით. ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს ავავსეთ ავივსენით. ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით. კვლავ დავსხედით გახარებად მუნებურნი არ ვიყვენით.

1169. ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გაველ ჟამსა. გავიტანე ხათუნები მათი ჭმევა ჩემგან ხამსა. მამყვებოდეს მომღერალნი იტყოდიან ტკბილსა ხმასა. ვიმღერდი და ვყმაწვილობდი ვიცვალებდი რიდე თმასა.

1170. აქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი ნატიფად გებულნი. მაღალნი ყოვლგნით მხედველნი ზღვა ზედან წაკიდებულნი. მუნ შევიტანენ ხათუნნი იგი ჩემთანა ხლებულნი. კვლავ დავიდევით ნადიმი დავსხედით ამოდ შვებულნი.

1171. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდ დურად. სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად. რა შემატყვეს გაიყარა სხდომილ იყო რაცა პურად. მარტო დავრჩი სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1172. უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი ზღვასა. ვიხედვიდი ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა. შორს ამიჩნდა ცოტა რამე მოცურვედა შიგან ზღვასა. მფრინველად ვჰსთქვი ანუ მხეცად სხვას ვამზგავსე მემცა რასა.

1173. მე შორიდამ ვერად ვიცან მამეახლა იყო ნავი. ორთა კაცთა ტანად შავთა თვით პირიცა ედვა შავი. იქით აქეთ მოსდგომოდეს ახლოს უჩნდა ოდენ თავი. გამოვიდეს გამიკვირდეს იგი უცხო სანახავი.

1174. გამოზიდნეს იგი ნავი გამოიღეს ბახსა წინა. მიიხედნეს მოიხედნეს ვინ გვიჭურეტსო სადა ვინა. ვერა ნახეს სულიერი ვერცა რამან შეაშინა. მე იდუმალ ვიხედვიდი სულ ღებული ვიყავ შინა.

1175. მით ნავიდაღმან მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა. ახადეს ქალი გარდმოხდა უცხოთა რათმე ტანითა. თავსა რიდითა შავითა ქვეშეთ მოსილი მწვანითა. მზესა სიტურფით ეყოფის იყოს მისითა გვანითა.

1176. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ შემოადგეს სხივნი კლდესა. ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა ზესა. დავიწუხენ თვალნი ყოლა ვერ შევადგენ ვითა მზესა. უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

1177. მოვიხმენ ოთხნი მონანი ჩემსა წინაშე მდგომელნი. ვუჩვენე ხედავთ ინდოთა ტყვედ ყვანან შუქნი რომელნი. ჩაეპარენით ჩადითო წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი. მოგყიდონ ფასი მიეცით რისაცა იყვნენ მდომელნი.

1178. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ წაგვარეთ და დახოცენით. მოიყვანეთ ისი მთვარე ჰქმენით კარგად ეცადენით. ჩემნი ყმანი ზედა დაღმან ჩაეპარნეს ვითა ფრენით. დაევაჭრეს არ მოჰყიდეს შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1179. მე სარკმელთა გარდავადეგ რა შევიგენ არ მოჰყიდეს. შეუზახენ დახოცენით დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს. იგი ზღვასა შეასრივნეს შემოადგეს ქალსა ჰსცვიდეს. ჩავეგებე გამოვგვარე ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.

1180. რა გიამბო ქება მისი რა სიტურფე რა ნაზობა. ვფიცავ რომე იგი მზეა არა მართებს მზესა მზობა. ვინ გაიცდის შუქთა მისთა ვინმცა ვით ჰქმნას ნახაზობა. მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ არღა უნდა ამას მზობა.

1181. ესე სიტყვა დაასრულა ფატმან იკრნა პირსა ხელნი. ავთანდილსცა აეტირნეს გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი. ერთმანერთი დაავიწყდეს მისთვის გახდეს ვითა ხელნი. ღვარმან ზედათ მონადენმან გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1182. მოიტირეს, ყმამან უთხრა ნუღარ გასწყვედ გაასრულე. ფატმან იტყვის მივეგებე გული მისთვის ვაერდგულე. გარდუკოცნე ყოვლი ასო თავი ამად მოვაძულე. ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა შევეკვეთე გავესულე.

1183. ვკადრე ვინ ხარ მითხარ მზეო ანუ შვილი ვისთა ტომთა. ამა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ პატრონი ცისა ხომთა. მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა. ას ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა.

1184. რა მივაჭირვე კითხვითა მეტითა საუბარითა. გულ ამოხვრჩით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა. ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა. მისი მჭვრეტელი დავიწვი გავხე გულითა მკვდარითა.