... (W-17), XVII ს.

1278. გათენდა ბანად წავიდა სოფელსა შუქნაკიდები დიაცმან უძღუნა მრავალი კაბა ყაბაჩა რიდები მრავალი ფერი სულნელი ტურფა პერანგი წმიდები რაცა გწადდესო ჩაიცვი მე ნურას ნუ მერიდები

1279. ავთანდილ თქუა საქმე ჩემი გავაცხადო ამა დღესა სამოსისა ვაჭრულისა ცმა აქამდის დაეწესა მას დღე ყოვლი საჭაბუკო შეიმოსა ტანსა მხნესა მოიმატა დაშვენება დაემგზავსა ლომი მზესა

1280. ფატმანს პური შეეკაზმა ავთანდილის საწვეველად ყმა შევიდა მოკაზმული მხიარულად არ პირბნელად ფატმან ნახა გაუკუირდა ვაჭრულისა უმოსელად შემოსცინა ეგე სჯობსო შენთვის ხელთა სასურველად

1281. ფატმან მისსა შვენებასა მეტის მეტად ჰკვირდებოდა მან პასუხი არა გასცა თავისწინა ღიმდებოდა შეეტყუების არ მიცნობსო ეგრე ვითა ყოვნდებოდა თუცა რასმე იფერებდა მეტი არა გავიდოდა

1282. პური ჭამეს გაიყარნეს ყმა მივიდა მისსა შინა ღვინო სმული მხიარული დაწვა ამოდ დაიძინა საღამო ჟამს გაიღუიძნა შუქი ველთა მოაფინა ფატმან იჴმო მოდი მნახე მარტო ვარო თავისწინა

1283. ფატმან მივიდა ავთანდილს ჴმა ესმა მისგან ოხისა იტყოდა მომკლავს უცილოდ ტანი ალვისა მოხისა გვერდსა დაისვა ბალიში მისცა მისისა ნოხისა ბაღისა ვარდსა უჩრდილობს ჩრდილი წამწამთა ქოხისა

1284. ავთანდილ ბრძანა ჰე ფატმან ვიცი ეს საქმე შენია დაჰკრთები ამა ამბავსა მართ ვითა გველ ნაკბენია მაგრა აქამდის მართალი შენ ჩემი არა გსმენია ჩემნი მომკლველნი წამწამნი შავნი გიშრისა ხენია

1285. გგონივარ ვინმე ვაჭარი პატრონი ქარავანისა მე ვარ სპასპეტი მაღლისა მეფისა როსტევანისა თავადი სპისა დიდისა მათისა შესაგუანისა მაქუს პატრონობა მრავლისა საჭურჭლე მგზავსი ხანისა

1286. შენ გიცან კარგი მოყვარე ერთგული მისანდობელი მათ უვის ერთი ასული მზე ჴმელთა მანათობელი იგია ჩემი დამწველი და ჩემი დამადნობელი მან გამომგზავნა დავაგდე პატრონი მათი მშობელი

1287. რომე შენ ქალი გყოლია მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქუეყანა მის მზისა მონაცვალისად მისთვის გაჭრილი მინახავს წევს ლომი ფერ ნამკრთალი სად გამცუდებელად თავისად მის გულისა და ძალისად

1288. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა ამბავი ტარიელისა შემოსვა ვეფხის ტყავისა უბრძანა შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა ღონე წამწმისა ხშირისა ყორნის ფრთებ ნაფუშავისა

1289. ფატმან უთხრა არ ვიცოდი პირველ შენი ცეცხლთა დება მაგრამ ავად არ მოგიხდა ჩემი ხელის შემოდება ჩვენ მზე ვჰპოვეთ დაკარგული მაზედ ვქენით ვალის დება ღ~თნ ადრე მას შეგყაროს ვისგანაც გაქუს გულის დება

1290. ავთანდილ თავი დადრიკა სიცილით მოლიზღარემა ფატმან რქუა ჩემთვის დაგბადა ტურფამან არემარემა შენგან გამოჩნდა ნათელი შუქნი მოჰფინა მთვარემა ესე ყუელაი უსტარმან ქნა ჩემმა შესაწყნარემა

1291. ვითაც დაედვა იმედი თინათინს მზისა დაროსა ებრძანა შუქნი მთვარემან სამ წლამდი სხვაგან აროსა მისნი ვერ მჭვრეტნი ყვავილნი დააზროს დაამჭკნაროსა მერმე მოვიდეს მნათობი მნათობსა შეეყაროსა

1292. უამბო ყველა არაბთა სიდიდე როსტევანისა მეფობა თინათინისა მზეებრ შუქმონავანისა მართ მიჯნურობა თავისი და ჭირნი ცეცხლთა წვანისა ან ძებნა ტარიელისა და პოვნა გმირთა გვანისა

1293. იმა პირმზისა სახელი ნესტან დარეჯან ჴმობილი, ინდოთ მეფისა ასული ქალი წყნარი და ლმობილი ტარიელ მისთვის მხეცქმნილი თვალთა ცრემლ გაუხმობილი. მე ძმა ვარ მისი დღეთაგან შენცა იქნები დობილი

1294. ქალსა შენ აქებ გინახავ და მეტად მოგწონებია ტარიელ სარო პირად მზე ვინც მოუთვალოს ზნებია იცოდე მასთან სხვა კაცი არსად არ სახსენებია ვეჭუ რომე ვარგოთ მე და შენ თუ ღ~თისა ძალთა ნებია

1295. ფატმან შეწუხდა მათისა ამბისა გაგონებული ჰკადრა თუ მისსა მიჯნურსა გექნები დაწუნებული მე თქუენი ჭირი ჭირად მჩანს ვით გულსა ცეცხლი გზნებული გავგზავნოთ ქალსა ვაცნობოთ ამბავი მოსურვებული

1296. მოდი და ფატმან მეწიე ვეცადნეთ მისსა რგებასა უშველოთ იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა ვინცა სცნობს კაცი ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა ნუთუ კულავ მიხუდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა

1297. მომგვარე ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული ქალსა ვაცნობოთ ყველაი ამბავი ჩუენგან ცნეული მანცა გვაცნობოს მართალი ვქნათ მისი გამორჩეული ღ~თნ ქნას ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული