... (W-17), XVII ს.

1258. მე როშაქს ვჰკადრე გამიშვი კულავ ადრე თქუენი მხლებელი აწ გულანშაროს ქალაქსა ვარ საქმის რასმე მდებელი მან გამომიშვა აქ სადმე ლარი მიც წასაღებელი თანა წავიტან წაცავალ მე მათი ზედა მსწრებელი

1259. მათ კაცთა დიდად იამა ესე ამბავი მონისა მე გავიგონე შერემშრა ნაკადი ცრემლთა ფონისა მენიშნა ყოვლი ნიშანი ვიცან ჩემისა ღონისა ცოტაი ლხენა მომეცა მსგავსად დრამისა წონისა

1260. მოვიყუანე იგი მონა ახლოს დავსუი ჩემსა წინა ვჰკითხე მითხარ რას იტყოდი გაგონება მეცა მინა მან იგივე კულავ მიამბო რაცა მუნით მომესმინა ამ ამბავმან გამაცოცხლა სულმობრძავი დამარჩინა

1261. მე ორნი შავნი მონანი მყუანან სავსენი გრძნებითა უჩინოდ მივლენ წამოვლენ მათითა ჴელოვნებითა მოვასხენ ქაჯეთს გავგზავნენ ვარქვი თუ ნუ დასდგებითა მაცნობეთ მისი ამბავი თქუენითა მოქმედებითა

1262. მას დღე მოვიდეს მიამბეს ფიცხლა ებიჯა გზისადა მიუგვრიაო მეფისა ზღვას იქით წამავლისადა ვერვის შეუდგმან საჭურეტად თვალნი მართ ვითა მზისადა ქუე დაუწინდავს საცოლედ როსან ცოტასა ყმისადა

1263. როსანს შევრთოთო დულარდუხტს მეფესა უბრძანებია ჯერ ქორწილობად არა მცალს აწ გული ცეცხლნადებია შემოვბრუნდები შევისძლობ ვინ ცისა მზედ ნაქებია ციხეს დაუსვამს ხადუმი ერთაი უახლებია

1264. ყოვლი მცოდნელი გრძნებისა მას თანა წაუტანია მით რომე გზაა საჭირო მტერნი საომრად მზანია ქუე დაუყრია მოყმები ვინც უფრო გულოვანია დაეყოვნების წასრულა ჯერთო ცოტაი ხანია

1265. ქაჯთა ქალაქი აქამდის მტერთაგან უბრძოლველია ქალაქსა შიგან მაგარი კლდე მაღალი და გრძელია მას კლდესა შუა გვირაბი ასაძრომელი ხურელია მუნ არის მარტო მნათობი მისთა შემყრელთა მწუელია

1266. გვირაბის კარსა ნიადაგ მოყმე სცავს არ პირნასები ათი ათასი ჭაბუკი დგას ყველაკაი ხასები ქალაქის კართა სამთავე სამათას სამათასები გულო გაგსაჯა სოფელმან არ ვიცი და გლახ რას ები

1267. ესე ამბავი ავთანდილ პირმზემან მაგარ ვადამან რა მოისმინა იამა სხვად არა გააცხადა მან შესწირა ღმერთსა მადლობა ტურფამან დანაბადამან ამბავი ჩემი სალხინო მითხარო ვისმანღა დამან

1268. ყმამან უთხრა საყუარელო კმა ხარ ჩემთვის სასურველად მე ამბავი სანატრელი მომასმინე არ პირბნელად მაგრა საქმე ქაჯეთისა გამაგონე უფრო მრთელად ქაჯნი ყველა უჴორცოა რამან შექმნა ჴორციელად

1269. მის ქალისა სიბრალული ამანთებს და მიდებს ალსა მაგრამ ქაჯნი უჴორცონი რას აქნევენ მიკვირს ქალსა ფატმან უთხრა მამისმინე მართლად გხედავ მანდა მკრთალსა არ ქაჯნია კაცნიაო მინდობიან კლდესა სალსა

1270. ქაჯნი სახელად მით ჰქუიან არიან ერთად კრებულნი კაცნი გრძნებისა მცოდნენი ზედა გაჴელოვნებულნი ყოველთა კაცთა მავნებნი იგი ვერვისგან ვნებულნი მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი დაწბილებულნი

1271. იქმენ რასმე საკვირველსა მტერსა თვალთა დაუბრმობენ ქართა აღსძვრენ საშინელთა ნავსა ზღვა ზღვა დაამხობენ ვითა ჴმელსა გაირბენენ წყალსა წმიდად დააშრობენ სწადდეს დღესა ბნელად იქმენ სწადდეს ბნელსა ანათობენ

1272. ამისთვის ქაჯად უჴმობენ გარეშემონი ყველანი თვარა იგიცა კაცნია ჩვენებრვე ჴორციელანი ავთანდილ მადლი უბრძანა ცეცხლნი დამივსენ ცხელანი დიდად მიამნეს ამბავნი სიტყუანი აწინდელანი

1273. გულითა ღ~თსა ადიდებს ავთანდილ ცრემლთა მდენელი თქუა ღ~თო გმადლობ რომელი ხარ ჭირთა მომალხენელი ყოფილი მყოფი უთქუმელი ყურთაგან მოუსმენელი წყალობა თქუენი იჩქითად არს ჩვენი გარ მომფენელი

1274. მის ამბისა ცნობისათვის ცრემლით ღმერთსა ადიდებდა ფატმან ეჭუდა თავისათვის ამად ცეცხლსა კულავ იდებდა ყმა ნამუსსა ინახევდა სიყვარულსა იფერებდა ფატმან ყელსა ეხვეოდა პირსა მზესა აკოცებდა

1275. მას ღამით ფატმან იამა ავთანდილ თანა წოლითა ყმა უნდოგუარად ეხუევის ყელსა ყელითა ბროლითა ჰკლავს თინათინის გონება ძრწის იდუმლითა ძრწოლითა გული მხეცქმნილი გასჭრია მჴეცთავე თანა რბოლითა

1276. ავთანდილ მალვით ცრემლსა წვავს დენად სისხლ ნართავისად შიგან მელნისა მორევსა ცურავს გიშრისა ნავი სად იტყუის თუ მნახეთ მიჯნურნო იგი ვინ ვარდია ვისად უმისოდ ნეხვთა ზედა ვზი ბულბული მგზავსად ყუავისად

1277. მუნ ცრემლნი მისგან ნადენნი ქუათაცა დასალბონია გიშრისა ტევრსა აგუბებს ვარდისა ველსა ფონია ფატმან მას ზედა იხარებს მართ ვითა იადონია თუ ყუავი ვარდთა იშოვნის თავი ბულბული ჰგონია