... (W-17), XVII ს.

1160. რა გიამბო ქება მისი რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა არა მართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა ვინმცა ვით ქნა ნახაზობა მე თუ დამწუავს აჰა მზა ვარ არღა უნდა ამას მზობა

1161. ესე სიტყვა დაასრულა ფატმან იკრნა პირსა ჴელი ავთანდილსცა აეტირნეს გარდმოყარნა ცრემლნი ცხელი ერთმანერთი დაავიწყდა მისთუის დახდეს ვითა ხელი ღვარმან ზედათ მონადენმან გააწყალნა ფიფქნი თხელი

1162. მოიტირეს ყმამან უთხრა ნუღარ გასწყვედ გაასრულე ფატმან იტყუის მივეგებე გული მისთვის ვაერთგულე გარდუკოცნე ყოვლი ასო თავი მათი მოვაძულე ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა შევეკვეთე გავესულე

1163. ვჰკადრე მითხარ ვინ ხარ მზეო ანუ შვილი ვისთა ტომთა იმა ზანგთა სით მოჰყუანდი შენ პატრონი ცისა ჴომთა მან პასუხი არა მითხრა მე სიტყუათა ესე ზომთა ასნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა

1164. რა მივაჭირვე კითხვითა მეტითა საუბარითა გულ ამოჴრჩვინვით ატირდა მით რამე ჴმითა წყნარითა ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა მისი მჭვრეტელი დავიწვი გავჴე გულითა მკუდარითა

1165. მითხრა შენ ჩემთუის დედაო ხარ უმჯობესი დედისა რას აქნევ ჩემსა ამბავსა ზღაპარი არის ყბედისა ღარიბი ვინმე შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა სხვა რაცა მკითხო ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა

1166. ვთქვი უჟამოდ არ წესია მოყუანა და მზისა ხმობა მომყუანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა ჴმობა უნდა ჟამიერად სააჯოსა ყოვლსა თხრობა რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა

1167. ავიყვანე იგი პირმზე ნაქები და ვერ ვთქუი უქი ჩამოვბურე მრავალკეცი სტავრა მძიმე არ სუბუქი სურვილმან და მზემან მისმან ძლივ დავმალე მზისა შუქი ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს წამწამთაგან მოქრის ბუქი

1168. მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით მოუკაზმე სახლი ერთი შიგან დავსვი მეტად მალვით არვის უთხარ სულიერსა შევინახე ფარვით კრძალვით ერთი ზანგი ვამსახურე მე შევიდი ვნახი ხალვით

1169. ვით გიამბო საკვირველი მე გლახ მისი ყოფა ქცევა დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა შევეხვეწი დადუმდიო წამერთ ჰქონდის ჩემი თნევა აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ ჰაი ჰაი ვაგლახ მე ვა

1170. შინა შევიდი მას წინა ედგის ცრემლისა გუბები შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრის შუბები მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები

1171. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან თუმცა მეკითხა ვინა ხარ და ეგრე გასრული რისაგან მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან მას ჴორციელი რა გასძლებს სხვა კიდეგანი ქუისაგან

1172. არად უნდის საბურავი არცა წოლა საგებლითა მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა ძლივ ვაჭამეთ ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა

1173. სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა მაგრა მისი არა ვიცი ქნილი იყო რაგვარ რისა სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა

1174. მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა შესმენისა მქონდა რიდი ვთქუი თუ უთხრობ ვიცი დარბაზს გამამჟღავნებს ისი ფლიდი ესე მეყოს საგონებლად შევიდი თუ გამოვიდი

1175. ვთქუი თუ არ ვუთხრა რა უყო ჩემგან რა მოეგვარების არცა რა ვიცი რა უნდა რა ვისგან მოეჴმარების ქმარი რა მიგრძნობს მოცამკლავს ვერღარა მომეფარების ვითა დავმალო ნათელი ვინ მზესა დაედარების

1176. მე გლახ მარტომან რა უყო მიმატებს ცეცხლთა დებასა მო და გავანდო ნუ შევალ უსენის შეცოდებასა არ გამამჟღავნოს ვაფიცო თუ მამცემს იმედებასა სულსა ვერ წასწყმედს ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა

1177. მიველ მარტო ქმარსა ჩემსა ველაღობე ველაციცე მერმე უთხარ გითხრობ რასმე მაგრა პირველ შემომფიცე არვის უთხრა სულიერსა საფიცარი მამეც მტკიცე ფიცი ფიცა საშინელი თავიცაო კლდეთა ვიცე

1178. რაცა მითხრა სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა არა ბერსა არა ყმასა მოყუარესა არცა მტერსა მერე უთხარ ყველაკაი უსენს კაცსა მლმობიერსა მოდი მამყევ აქა სამე მე გიჩუენებ მზისა ფერსა

1179. ადგა ამყვა და წავედით შევლენით კარნი სრისანი უსენ გაჰკვირდა გაცაკრთა რა შუქნი ნახნა მზისანი თქუა რა მიჩვენე რა ვნახე რანია ნეტარ რისანი თუ ჴორციელი არისცა თვალნიმცა რისხვენ ღმრთისანი