... (Q-296), XVIII ს.

1331. ავთანდილ დაჯდა ტირილად ტირს ჴმითა შვენიერითა ყორანსა გაგლეჯს ხშირ ხშირად აფრთხობს ბროლისა ჭერითა გახეთქა ლალი გათლილი ანდამატისა კვერითა მუნით წყარონი გამოხდეს ძოწსა ვამზგავსე ფერითა

1332. პირსა იხოკს ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა რაცა ვქმენო არ უქმნია არცა შმაგსა არცა რეტსა წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა ჩქარად ეცეს ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის მეტსა

1333. მე მოვკალ ჩემი მოყვარე რა მმართებს გაწბილებულსა თავსა ვაბრალობ საქმესა არ დასმით გაგონებულსა ცრუ კაცი კარგად ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა თქმულა სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა

1334. უცნობო ქმნილ ტარიელ ძევს მსგავსად ნატუსალისად ავთანდილ ადგა გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად მან პოვა სისხლი ლომისა მოაქვს სავსებლად ალისად მკერდსა დაასხა გავეხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად

1335. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა ტარიელ შეკრთა შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა თვალნი აახვნა მიეცა ძალი ზე წამოჯდომისა ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა მზისგან შუქ ნაკრთომისა

1336. ზამთარი ვარდთა გააჴმობს ფურცელნი ჩამოსცვივიან ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს გვალვასა ჩივიან მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ჴმასა ყივიან– სიცხე სწვავს ყინვა დააზრობს წყლულნი ორჯელვე სტკივიან

1337. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია ჭირსა და ლხინსა ორსავე ზედა მართ ვითა ხელია მიწყივ წყლულდების საწუთრო მისი არ ოდეს მრთელია იგი მიენდოს სოფელსა ვინცა თავისი მტერია

1338. ტარიელ ნახა ნაწერი კვლაცა მკვლელისა მისისა იკითხავს თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა დაუყვის ცრემლმან სინათლე ბნელად ჩანს შუქი დღისისა ავთანდილ ადგა დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა

1339. იტყუის თუ ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლულისა აწ რადღა გვმართებს ტირილი ხამს დავსხდეთ ქმნად ღიმილისა ადეგ წავიდეთ საძებრად მის მზისა წარხდომილისა ადრე მიგიყვან მიყვანა არს შენგან მონდომილისა

1340. ვითა გვმართებს გახარება პირველ აგრე გავიხარნეთ მერმე შევსხდეთ გავემართნეთ ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ ჴმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ მათნი ზურგით დავიყარნეთ უჭირველნი შემოვიქცეთ იგი მძორთა დავადარნეთ

1341. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს აღარა ბნდებოდა შეხედნის თვალნი ამართნის შავთეთრი ელვა ჰკრთებოდა მართ ვითა ლალსა მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა ვინ ღირს ა თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა

1342. ავთანდილს მადლი უბრძანა ქნა უყო საუბარისა მე შენი ქება ვითა ვთქვა ბრძენთაგან საქებარისა ვითა მზე მისთა წყარომან მორწყო ყვავილი ბარისა დამწყვიდე დენა ცრემლისა ნარგიზთა ნაგუბარისა

1343. მე ვერა გიყო ნაცვალსა ღმერთი გარდგიხდის ციერი ზე გარდმო მისით შემოგზღოს მუქაფა ჩემ მაგიერი შესხდეს და შინა წავიდეს მათ ლხინი ჰქონდა ძლიერი აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ ადრითგან მშიერი

1344. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის არ ბარგოსანი შეხედნა იცნა ტარიელ თანა ყმა ჭარმაგოსანი– ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი მგოსანი– მაშინვე იცნა ავარდა შიშველი პერანგოსანი

1345. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისლვა მოტირალისა აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა ზარაღებული ავარდა ცნობა უც ვითა მთრვალისა არ იცის სმენა ამბისა ჯერთ მისგან სასურვალისა

1346. მათ რა ნახეს შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით ჰე ასმათო მოგვივიდა მოწყალება ღმრთისა ზენით ვჰპოვეთ მთვარე დაკარგული რაცა გვწადდა იგი ვქენით აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით ჭირთა ლხენით

1347. ავთანდილ ცხენსა გარდახდა ასმათის მოსახვეველად მან მიჰყო ჴელი ალვასა შტო მოჰყვა მოსარხეველად ყელსა და პირსა აკოცებს არის ცრემლისა მფრქვეველად რა სცანო რა ჰქმენ მიამბე ვტირ შენი მოაჯე ველად

1348. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა ალვისა შტო დამჭნარისა მთვარისა ფერ მიხდილისა უთხრა თუ ნახე ნაწერი მის პატიჟ გარდახდილისა მზე მოგვეახლა მოგვეცა ჩვენ მოშორვება ჩრდილისა

1349. ასმათ რა ნახა უსტარი ცნა მისი დანაწერობა გაკვირდა ზარმან აიღო ათრთოლებს ვითა ჴელობა ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა იტყვის რა ვნახე რა მესმის არსმცა ამისი მრთელობა

1350. ავთანდილ უთხრა ნუ გეშის ეგე ამბავი მრთელია ლხინი მოგვეცა მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია მზე მოგვეახლა უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია ბოროტსა სძლია კეთილმან არსება მისი გრძელია