... (Q-296), XVIII ს.

1388. სჯობს დადექით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა ქალაქს შემავალსა სავაჭროთა შევეკაზმვი ვიქ საქმესა მე მუხთალსა ერთსა ჯორსა გარდავჰკიდებ მუზარადსა ჯაჭვსა ჴრმალსა

1389. სამთავე შესვლა არ ვარგა თუ გვიგრძნან არს სათუები მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები მალვით ჩავიცვამ აბჯარსა გავჩნდები გავეცრუები ღმერთმან ქმნას უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები

1390. შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად თქვენ გარეთ კართა ეცენით ყოველნი მზგავსად გმირისად კლიტეთა დავლეწ გავახვამ ნახოთ გაღება კარისად თურა სხვა სჯობდეს თქვენ ბრძანეთ ვარ მრჩევლად ამა პირისად

თათბირი ტარიელისა სამთაგავე ციხეში შესხდომა და აღება

1391. ტარიელ უთხრა მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა თქვენსა ძალ–გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა პირობა ვიცი გწადს ომი ფიცხელი არ ცუდი ჴმალთა ღირობა კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს რა ომმან ქმნას გაჭირობა

1392. მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა ჴმა ესმას ჩემსა ჴელ ქმნილსა ზედა გარდმოდგეს მზე ვითა თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი უომრად მნახოს მე ვითა ესე მე დამსვრის ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა

1393. მაგა თათბირსა ესე სჯობს ვქმნათ ჩემი მონახსენები გავიყოთ კაცი ას–ასი რა ღამე ჩნდეს ნათენები სამთავე სამგნით მივმართოთ ფიცხლად დავსხლიტოთ ცხენები მოგვეგებვიან ვემცრობით ჩვენ ჴრმალთა მივსცემთ მძლენები

1394. ფიცხლა შევებნეთ შევსჯარნეთ ვერ მოგვასწრებენ კარებსა ამათაგან ერთი შევუვალთ სხვა გარეთ ვსცემდეთ გარებსა მან ერთმან შიგნით შიგანნი მივსცნეთ სისხლისა ღვარებსა ჴელი კვლავ ვხადოთ აბჯარსა მას ჩენგან მძლედ ნახმარებსა

1395. ფრიდონ უთხრა შემიგია გამიგია ვიცი მე რა მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრებენ კართა ვერა ოდეს გიძღვენ არ ვიცოდი ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა თვარა ყოლა არ გიძღვნიდი ჩემი გითხრა სიძუნწე რა

1396. ფრიდონ ლაღი ამხაანგობს საუბართა ესოდენთა ამაზედან გაიცინეს მათ წყლიანთა სიტყვა ბრძენთა ერთმანეთსა ელაღობნეს ლაღობათა მათთა მშვენთა გარდახდეს და დაეკაზმნეს უკეთესთა შესხდეს ცხენთა

1397. კვლავ ერთმანეთსა მიუგეს სიტყვები არ პირ მკუახები დაასკვნეს იგი თათბირი ტარიას განაზრახები გაიყვეს კაცი ას ასი ყუელაი გმირთა სახები ცხენებსა შესხდეს აიღეს მათ მათი ჩაბალახები

1398. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ მზისაცა მეტითა მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა ტარიელ შავსა ზედან ზის ტანითა მით წერწეტითა დალივნეს მტერნი ომითა ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა

1399. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია რა ზედა წვიმდენ ღრუბელნი და მთათა აღატყდეს ღვარია მოვა და ჴევთა მოგრაგნის ისმის ზათქი და ზარია მაგრა რა ზღვათა შეერთვის მაშინ ეგრეცა წყნარია

1400. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე მიუწვდომნია მაგრა ტარიას შებმელი არ ვისგან მოსანდომნია მზე მნათობთაცა დაჰფარავს არღარა ნათლად ჴომნია აწ იყურებდით მსმენელნო გესმის ფიცხელი ომნია

1401. სამთავე სამად გაიყვეს თვითომან თვითო კარები თანა ჰყუა კაცი სამასი ყუელაი გმირთა დარები მას ღამით უქმნეს სადარნო უცრუო ანაჩქარები გათენდა გაჩნდეს მიმართეს თავის თავ ჰქონდა ფარები

1402. პირველ ამოდ მიდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად მათ შიგანთა ვერა უგრძნეს ვერცა დახვდეს გულ ხმიერად გულსა შიში არა ჰქონდა ამოდ დგეს და ნებიერად მიდგეს გარე მუზარადნი დაიხურნეს ჟამიერად

1403. ანაზდად ცხენი გაქუსლეს მათრახმან შექმნა წრიალი რა ნახეს კარნი გაახვნეს ქალაქით გაჴდა ზრიალი სამთავე სამგნით მიმართეს თავის მით უყვეს რიალი იკრეს ნობსა და დაბდაბსა შეიქმნა ბუკთა ტკრციალი

1404. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღმრთისა კრონოზს წყრომით შემხედველმან მოიშორვა სიტკბო მზისა მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა ველნი მკვდართა ვერ იტევდა გადიადდა ჯარი მკვდრისა

1405. კაცსა უკრავად დაბნედდის ჴმა ტარიელის ჴაფისა აბჯარსა ფრეწდის გაცუდდა სიმაგრე ჯავშან ქაფისა სამგნითვე კართა შესჯარნეს ჭირი არ ნახეს კაფისა რა ქალაქს შეჴდეს შეიქმნა სიხარკე ციხეს სწრაფისა

1406. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს მტერნი სრულად აეწყვიდნეს სისხლი მათნი მოეღვარნეს უყივლეს და ერთმანეთი ნახეს დიდად გაეხარნეს თქვეს ტარიელ რა იქმნაო მისად ჭვრეტად თვალნი არნეს