ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1300. ესე უსტარი დასწერა, შეჰკრა და წაცახვია მან, მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან; შესთვალა ზეპირ, რაც ჰხამდა სრულად, მართ ვითა ჰგია მან; მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

1301. მონახა ჰპოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა, გამოემართა იგი მზე პირითა სავსე მთვარისა; მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულ-მწუხარისა; მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლასა ღვარისა.

1302. ფატმან, უსენ და მონანი სტირან ცრემლითა ცხელითა, იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ, დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა “რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა? “დაცაგვმარხენო ხელითა, ჩვენისა დამმარხველითა!”

წასვლა ავთანდილისა გულანშაროით და ტარიელის შეყრა

1303. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა, პირ-მხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა; მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა, ხელ-განპყრობილი გულითა არს, ღვთისა საესავითა.

1304. მოწურვილ-იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსვლა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა საროს ტანისა; სულ-ჰთქმნა, რა ჰნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

1305. აგრგვინდა ცა და ღრუბელი ცროდეს ბროლისა ცვარითა; ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა, უბრძანა: “გიჭვრეტ თვალითა, გულ-ტკბილად შემხედვარითა, “მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა”.

1306. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი; ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი; სადაცა ნახის, დაჰხოცის ლომ-ვეფხი მოშამბნარენი.

1307. ქვაბნი გამოჩნდა, იამა, იცნა, სთქვა: “იგი კლდენია, “სადაა ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია; “ღირს-ვარმცა ვნახო პირის-პირ, ვუამბო, რაცა მსმენია, “არ მოსრულ-იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!

1308. “თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაჰზმიდა, “მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა, “სჯობს თუ, შამბ-შამბ წავიარო,” იგონებდა, იხედვიდა, ესე სთქვა და მიუქცია, მინდორთაკენ წამოვიდა.

1309. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელ-დებით უყივის ხმითა მით სიხარულითა; ცოტაი წარვლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა, შამბისა პირსა ტარიელ დგას ხმლითა მომახულითა.

1310. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხმალსა სისხლი სცხებოდა; შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ხლებოდა, ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა, შეჰხედნა, იცნა, გაიქცა, მისკენ მირბოდა, ხლტებოდა.

1311. ხმალი გასტყორცა ტარიელ, მიჰმართა მისსა ძმობილსა; ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა, მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელ-გარდაჭდობილსა, ხმა შაქრის ფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

1312. ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები: – სისხლისა ცრემლმან შეჰღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვასა წყარო ცრემლისა მოჰრწყავს ნაკადი ბევრები – “რადგან შენ გნახე, რა მგამა პატიჟი მჭირდეს მე რვები”.

1313. ტარიელ სტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა, გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა!“ ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გიამებოდა, “აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდი ჭკნებოდა”.

1314. ტარიელ უთხრა: “ჰე, ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია, “ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, ნახვა შენია; “სხვად ნუ ჰყოს ღმერთმან წამალი, არცა-რა მოგისმენია, – “კაცმანმცა სოფელს ვით ჰპოვა, რაც არა საქმე ზენია!”

1315. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დაწყნარდა, მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა; რა ტარიელ ჰნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1316. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გაცაშალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან, ფერითა მკრთალამან, სულნი გაექცნეს, მოსდრიკნა თავი გიშრისა ტალამან, მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.

1317. ავთანდილ უჭვრეტს ტარიელს, უსულოდ ქვე მდებარესა, შეჰფრინდა, შველად მიჰმართა მას, ტკბილად მოუბარესა, ვერა, ვერ არგო დამწვარსა, სრულად ცეცხლ-ნადებარესა, მისთა ნიშანთა სიცოცხლე მართ მისი მიიბარესა.

1318. ავთანდილ დასჯდა ტირილად, ტირს ხმითა შვენიერითა, ყორანსა გაჰგლეჯს ხშირ-ხშირად, აფრთხობს ბროლისა ჭერითა, გაჰხეთქა ლალი, გათლილი ანდამატისა კვერითა, მუნით წყარონი გამოჰხდეს, ძოწსა ვამსგავსე ფერითა.