ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1358. ფრიდონ უთხრა: “რასა სდეგით, მოგელოდი უწინარე, “მე მზა ვარო, სამსახური თქვენი რამცა დავიზარე;” ჰგვანდა, თუმცა შეყრილ-იყვნეს ორნი მზენი, ერთი მთვარე, ერთმანერთი დაამშვენეს, გაემართნეს, იქცეს გარე.

1359. ფრიდონის სახლსა გარდაჰხდეს ორნივე, ტურფად გებულსა, ახლოს დაისვამს ავთანდილს, მისსა ძმად შეფიცებულსა, ტარიელ დასჯდა საჯდომსა, ოქსინო გარდაგებულსა; მათ უძღვნეს იგი აბჯარი ფრიდონს, ჭაბუკად ქებულსა.

1360. უთხრეს: “ჯერ ჟამად არა გვაქვს სხვა შენთვის არმაღანია, “მაგრა ტურფანი მრავალნი ქვე სადმე გვისხენ სხვანია;” მან დასდვა პირი მიწასა, არ დააყოვნა ხანია: “ჩემთვის ამისი ბოძება არს თქვენი შესაგვანია”.

1361. გამოისვენეს მას ღამით ფრიდონის მასპინძლობითა, – აბანოს ჰბანა, აავსნა შესამოსლისა ძღნობითა, დაჰმოსნა ტურფა ტურფითა, ერთმანერთისა მჯობითა, თვალ-მარგალიტი ღარიბი უძღვნა ოქროსა გობითა.

1362. უთხრა თუ: “ესე სიტყვაა ავისა მასპინძელისა, “ჰგავს, მომწყენოდეს სტუმრობა თქვენ ბრძნისა, ვითა ხელისა, “მაგრა აწ ყოვნა არ ვარგა, წავლა სჯობს გზისა გრძელისა, “თუ ქაჯნი მოგვესწრებიან, საეჭვი არს სიძნელისა.

1363. “დიდთა რას ვაქმნევთ ლაშქართა, კარგნი გვინდა და ცოტანი, “სამასი კაცი გვეყოფის, წავიდეთ მართ მეოტანი; “ჩვენ ქაჯეთს ქაჯთა საომრად დავაგნეთ ხრმალთა კოტანი, “მას ადრე ვპოებთ, ვისიცა მოგვკლავს ალვის ამო ტანი.

1364. “ქაჯეთს ერთხელ კვლაც ვყოფილვარ, ნახავთ, თქვენცა გემაგ- “ყოვლგნით კლდეა, გარეშემო მტერი ვერა მოადგების; | რების; “თუ იდუმალ არ შევუვალთ, ცხადად შებმა არ ეგების, – “მით ლაშქარი არად გვინდა, რაზმი მალვით ვერ მოგვყვების”.

1365. იგინიცა დაემოწმნეს ამა მისსა ნაუბარსა, მუნ დააგდეს ქალი ასმათ, ფრიდონ მისცემს საჩუქარსა, თვით სამასსა ცხენოსანსა წაიტანდეს, გმირთა დარსა, – ბოლოდ ღმერთი გაუმარჯვებს ყოვლსა, პირველ შენაზარსა.

1366. ზღვა გაიარეს სამთავე, ერთგან ძმად შეფიცებულთა; ფრიდონ გზა იცის, იარეს, დღისით და ღამით რებულთა; ფრიდონ სთქვა: “ვახლავთ არეთა ჩვენ, ქაჯეთს მიახლებულთა, “აქათგან ღამით სვლა გვინდა, მით არას გამჟღავნებულთა”.

1367. ამა ფრიდონის თათბირსა სამნივე ერთგან ჰზმიდიან, რა გაუთენდის, დადგიან და ღამით ფიცხლად ვლიდიან; მივიდეს, აჩნდა ქალაქი, მცველთა ვერ დასთვალვიდიან, გარე კლდე იყო, გუშაგთა ხმა ჯარვით გაადიდიან.

1368. გვირაბის კარსა ჭაბუკი ათი ათასი მცველია; მათ ლომთა ნახეს ქალაქი, მთვარე დგას მუნ ნათელია; სთქვეს: “ვითათბიროთ, ვითა სჯობს, აწ გამორჩევა ძნელია, – “ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქმნელია”.

თათბირი ფრიდონისა, ავთნდილისა და ტარიელისა ქაჯეთის ციხეს რომ მიადგეს

1369. ფრიდონ სთქვა: “ვიტყვი სიტყვასა, ვეჭვ, ჩემი არ დამცდა- “ჩვენ ცოტანი ვართ, ქალაქი დიდთაგან საომარია, |რია, “პირს-პირ ომი არ ძალ-გვაქვს, არ ჟამი საკვეხარია, “ათას წელ ვერსით შევუვალთ, თუ ზედ დაგვიხშან კარია.

1370. “ჩემსა სიმცროსა გამზრდელნი სამუშაითოდ მზრდიდიან, “მასწავლნეს მათი საქმენი, მახლტუნებდიან, მწვრთნიდიან, “ასრე გავიდა საბელსა, რომ თვალნი ვერ მომკიდიან, “ვინცა მჭვრეტდიან ყმაწვილნი, იგიცა ინატრიდიან.

1371. “აწ ვინცა იცით უკეთა შეტყორცა საგდებელისა, “მას ერთსა ბურჯსა გარდვაგდოთ წვერი საბლისა გრძელისა; “მას ზედა გავლა ადვილად მიჩანს, მართ ვითა ველისა, “თქვენ ჭირად გიყო შიგნთა პოვნა კაცისა მრთელისა.

1372. “აბჯრითა გავლა არად მჩანს, ჭირად გატანა ფარისა, “შიგან ჩავხტები კისკასად, ვეცემი მზგავსად ქარისა, “ლაშქართა დავხოც, გავახვამ, – ნახოთ გაღება კარისა – “თქვენცა მუნ მოდით, სადაცა გესმად ზრიალი ზარისა”.

1373. ავთანდილ უთხრა: “ჰე, ფრიდონ, მოყვასნი ვერ გიჩივიან, “ლომთა მკლავთაგან იმედი გაქვს, არა წყლულნი გტკივიან; “სთათბირობ ძნელთა თათბირთა, მტერთა ივაგლახ-ივიან, “მაგრა თუ გესმის, გუშაგნი რა ახლო ახლო ჰყივიან!

1374. “რა გახვიდოდე, გუშაგთა ესმას აბჯრისა ჩხერება, “გიგრძნობენ, თოკსა მოჰკვეთენ, ამისი ჰხამს დაჯერება; “წაგიხდეს ცუდად ყველაი, დაგრჩეს ცუდი-ღა ფერება, – “ეგე თათბირი არ ვარგა, სხვებრ ვქმნათ თავის ტერება.

1375. “სჯობს, დადეგით დამალულნი თქვენ ადგილსა იდუმალსა, “ისი კაცნი არ იჭირვენ მგზავრსა, ქალაქს შემავალსა – “სავაჭროდა მოვეკაზმი, ვიქმ საქმესა მე მუხთალსა, “ერთსა ჯორსა გარდავკიდებ მუზარადსა, ჯაჭვსა, ხმალსა.

1376. “სამთავე შესვლა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუვები, “მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები, “მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები, – “ღმერთმან ჰქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები.