ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1377. “შიგნითა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად, “თქვენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი მზგავსად გმირისად, “კლიტეთა დავლეწ, გავახვამ ნახოთ გაღება კარისად: – “თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ჰბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”

1378. ტარიელ უთხრა: “მე თქვენი ვცან გმირთა მეტი გმირობა, “თქვენსა ძალ-გულსა თქვენივე ჰგავს თათბირობა, პირობა; “ვიცი, გწადთ ომი ფიცხელი, არ ცუდი ხმალთა ღირობა, – “კაციმცა მაშინ თქვენ გახლავს, რა ომმან ჰქმნას გაჭირობა;

1379. “მაგრა იყვენით ჩემთვისცა საქმისა რასმე რჩევითა: “ხმა ესმას ჩემსა ხელ-მქმნელსა, ზედა გარდმოდგეს, მზე ვითა, “თქვენ გქონდეს ომი ფიცხელი, უომრად მნახოს მე ვითა! “ესე მე დამსვრის, ნუ უბნობთ სიტყვითა თქვენ სათნევითა.

1380. “მაგა თათბირსა ესე სჯობს, ვქმნათ ჩემი მონახსენები: “გავიყოთ კაცი ას-ასი, რა ღამე ჩნდეს ნათენები, “სამთავე სამგნით მივმართოთ, ფიცხლავ დავსხლიტოთ, ცხენები; “მოგვეგებვიან, ვემცრობით, ჩვენ ხმალსა მივცეთ მძლე ნები.

1381. “ფიცხლა შევებნეთ, შევსჯარნეთ, ვერ მოგვასწრებენ კარებსა, “სამთაგან ერთი შევუვალთ, სხვა გარეთ ვცემდეთ ბარებსა, “მან ერთმან შიგნით შიგანი მივსცეთ სისხლისა ღვარებსა, “ხელი კვლავ ვხადოთ აბჯარსა, მას ჩვენგან მძლედ ნახმარებსა“.

1382. ფრიდონ უთხრა: “შემიგია, გამიგია, ვიცი მე რა, “მაგა ცხენსა ჩემეულსა მოასწრობენ კარსა ვერა, “ოდეს გიძღვენ, არ ვიცოდი, ქაჯეთს გვინდა ქაჯთა მზერა, “თვარა ყოლა არ გიძღვნიდი, ჩემი გითხრა სიძუნწე რა.”

1383. ფრიდონ ლაღი ამხანგობს საუბართა ესოდენთა, ამაზედან გაიცინეს მათ წყლიანთა, სიტყვა-ბრძენთა, ერთმანერთსა ელაღობნეს ლაღობათა, მათთა მშვენთა, გარდაჰხდეს დაეკაზმნეს, უკეთესთა შესხდეს ცხენთა.

1384. კვლავ ერთმანერთსა მიუგეს სიტყვები არ პირ-მკვახები, დაასკვნეს იგი თათბირი, ტარიას განაზრახები, გაიყვეს კაცი ას-ასი, ყველაი გმირთა სახები, ცხენებსა შესხდეს, აიღეს მათ მათი ჩაბალახები.

1385. იგი ჭაბუკნი შუქითა ვნახენ, მზისაცა მეტითა, მათ სამთა შვიდნი მნათობნი ჰფარვენ ნათლისა სვეტითა; ტარიელ შავსა ზედან ჰზის ტანითა მით წერწეტითა, დაჰლივნეს მტერნი ომითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა.

1386. ჩემი აწ ესე ნათქვამი მათი სახე და დარია, რა ზედა სწვიმდენ ღრუბელნი და მთათა ატყდეს ღვარია, მოვა და ხევთა მოჰგრაგნის, ისმის ზათქი და ზარია, მაგრა რა ზღვათა შეერთვის, მაშინ ეგრეცა წყნარია.

1387. თუცა ფრიდონ და ავთანდილ სიკეთე-მიუწდომნია, მაგრა ტარიას შემმელი არ ვისგან მოსანდომნია, – მზე მნათობთაცა დაჰფარავს, არცაღა ნათლად ხომლნია, აწ იყურები, მსმენელნო, გესმნეს ფიცხელი ომნია.

1388. სამთავე სამათ გაიყვეს, თვითომან თვითო კარები, თანა ჰყავთ კაცი სამასი, ყველაი გმირთა დარები, მას ღამით უქმნეს სადარნო, უცრუო, ანაჩქარები, გათენდა, გაჩნდეს, მიჰმართეს, თავის-თავ ჰქონდათ ფარები.

1389. პირველ ამოდ მოდიოდეს მგზავრთა რათმე მაგიერად, მათ შიგანთა ვერა უგრძნეს, ვერცა დაჰხვდეს გულ-ხმიერად, გულსა შიში არა ჰქონდათ, ამოდ დგეს და ნებიერად; მიდგეს, გარე მუზარადნი დაიხურეს ჟამიერად.

1390. ანაზდად ცხენი გაჰქუსლეს, მათრახმან შეჰქმნა წრიალი; რა ჰნახეს, კარნი გაახვნეს, ქალაქით გაჰხდა ზრიალი; სამთავე სამგნით მიჰმართეს, თავსა მით უყვეს რიალი, იკრეს ნობსა და დაბდაბსა, შეიქმნა ბუკთა ტკრციალი.

1391. მაშინ ქაჯეთს მოიწია უსაზომო რისხვა ღვთისა: კრონოს, წყრომით შემხედველმან, მოიშორა სიტკბო მზისა; მათვე რისხვით გარდუბრუნდა ბორბალი და სიმგრგვლე ცისა, ველნი მკვდართა ვერ იტევდა, გადიადდა ჯარი მკვდრისა.

1392. კაცსა უკრავად დაჰბნედდის ხმა ტარიელის ხაფისა, აბჯარსა ჰფრეწდის, გაცუდდეს სიმაგრე ჯაჭვ შან-ქაფისა; სამგნითვე კართა შესჯარნეს, ჭირნი არ ჰნახეს კაფისა; რა ქალაქს შეჰხდეს, შეიქმნა სიკრეხე ციხეს სწრაფისა.

1393. ავთანდილ და ლომი ფრიდონ შიგნით ერთად შეიყარნეს, მტერნი სრულად აეწყვიტნეს, სისხლი მათნი მოეღვარნეს, იყივლეს და ერთმანერთი ჰნახეს, დიდად გაეხარნეს, სთქვეს: “ტარიელ რა იქმნაო?” მისად ჭვრეტად თვალნი არნეს.

1394. ერთმანცა არა იცოდა, ვერა სცნეს ტარიელისა, ციხესა კარსა მიჰმართეს, რიდი არ ქონდათ მტერისა, მუნ ჰნახეს რიყე აბჯრისა, ნალეწი ხმალთა წვერისა, ათი ათასი ნობათი, უსულო, მზგავსი მტვერისა.

1395. ციხისა მცველი ყველაი იდვა მართ ვითა სნეული, თავით ფერხამდი დაჭრილი აბჯარი მუნ დახეული, ციხისა კარნი განხმულნი, კართა ნალეწი სრეული, სცნეს ნაქმრად ტარიელისად, სთქვეს: “საქმე არს მის ეული”.

1396. გზანი დაჰხვდეს შეკაზმული, შევიდეს და გაძვრეს ხვრელსა; ჰნახეს, მზისა შესაყრელად გამოეშვა მთვარე გველსა, მუზარადი მოეხადა, ჰშვენის აკვრა თმისა ლელსა, მკერდი მკერდსა შეეწება, გარდაეჭდო ყელი ყელსა.