ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1281. “მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი, “განაღამცა მას იახლე, მისი ეტლი არ თუ წბილი! “მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი, – “თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდეს ტკბილი.

1282. “მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რადგან სულსა, “მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; “მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა; “ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა.

1283. “წადი, ინდოეთს მიჰმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, “მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელ-აღუპყრობელსა, “გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, “მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლ-შეუშრობელსა.

1284. “რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; “სცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად; “შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასაყივარად! “ვირე ცოცხალ-ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1285. “აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა, “გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, “ესეღა დამრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა, – “რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა”.

1286. ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი, რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი; თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა წვერი, ალვისაგან სული მოჰქრის, ყორნის ფრთათა მონაბერი.

1287. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი, წამ ერთ მიჰხდა ფატმანისსა, დღე იარა არ მრავალი; რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი, ხელ-აღპყრობით ღმერთსა ჰმადლობს, ცნობა სრული, არა მთრვალი

1288. ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი, “დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი; “წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი, “ფიცხლავ ქაჯეთს მოვიყვანო, მათი მომსპობ-ამწყვედელი”.

1289. ხათუნმან უთხრა: “ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების, “მოეშორების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების; “ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, “თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისვლა გაგიძნელდების”.

1290. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მასთანა ხლებულნი, უბრძანა: “მკვდარნი აქამდის, აწღა ვართ დაცოცხლებულნი, “რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გაახლებულნი, “ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახებულნი!

1291. “მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არ ნაცქაფავი; “მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი; “მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლავ უფრო გასახაფავი; “თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1292. “ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები, “მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები; “აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები, “ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი, ამად გეძუნწები.

1293. “სახლი არ მახლავს, არ ძალ-მაქვს გაცემა საბოძვარისა;” მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა; უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, “ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან ძმად ნაფიცარისა”.

წიგნი ავთანდილისაგან მიწერილი ფრიდონის წინაშე

1294. დასწერა: “ფრიდონ მაღალო, სვე-სრულო მეფეთ მეფეო, “ლომისა მზგავსო ძალ-გულად, მზეო, შუქ-მოიეფეო, “მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, “უმცროსმან ძმამან შორი-შორ სალამი დავიყეფეო!

1295. “ჭირნი ვნახე და მოცამხვდა ნაცვალი ჭირნახულისა, “კარგა მოხდომა საქმისა, ჩემისა გაზრახულისა: “მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა, “დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.

1296. “იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია; “მუნ მისვლა მიჩანს თამაშად, თუცა გზა საომარია, “ნარგისთა წვიმა ბროლისა სწვიმს, ვარდი ნაწვიმარია; “ჯერ ქალსა ქაჯნი არ ახლავნ, მაგრა სპა უამარია.

1297. “გულ-მხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, “სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების; “რაცა მოგინდეს, უცილო იქმთ, იგი არ აგცილდების, “არ თურე კაცმან დაგიდგას, ვეჭვ, კლდეცა დაგილბილდების.

1298. “აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე, “გზა-გზა ყოვნა აღარა მცალს, პატიმრად ა იგი მთვარე, “ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა გაიხარე, – “ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.

1299. “ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია, “ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამისთვის სრულია, “ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია, – “მზგავსი ყველაი მზგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია”.