ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1319. პირსა იხოკს, ღაწვთა სისხლი ჩასდიოდა მისსა მჭვრეტსა: “რაცა ვქმენო, არ უქმნია არცა შმაგსა, არცა რეტსა; “წყალი სწრაფით რად დავასხი ცეცხლსა ძნელად დასაშრეტსა! “ჩქარად ეცეს, ვერ გაუძლებს გული ლხინსა მეტის-მეტსა.

1320. “მე მოვკალ ჩემი მოყვარე, რა მმართებს გაწბილებულსა, “თავსა ვაბრალებ საქმესა, არ დასმით გაგონებულსა! “ცრუ კაცი კარგა ვერა იქმს საქმესა გაძნელებულსა, “თქმულა: სიწყნარე გმობილი სჯობს სიჩქარესა ქებულსა.”

1321. უცნობო-ქმნილი ტარიელ ძეს მზგავსად ნატუსალისად, ავთანდილ ადგა, გამოვლნა შამბნი საძებრად წყალისად; მან ჰპოვა სისხლი ლომისა, მოაქვს სავსებლად ალისად, მკერდსა დაასხა, გავეჰხდა ლაჟვარდი ფერად ლალისად.

1322. ავთანდილ მკერდსა დაასხა მას ლომსა სისხლი ლომისა; ტარიელ შეჰკრთა, შეიძრა რაზმი ინდოთა ტომისა, თვალნი აღახვნა, მიეცა ძალი ზე-წამოჯდომისა, ლურჯად ჩანს შუქი მთვარისა, მზისგან შუქ-ნაკრთომისა.

1323. ზამთარი ვარდთა გაახმობს, ფურცელნი ჩამოსცვივიან, ზაფხულის მზისა სიახლე დასწვავს, გვალვასა ჩივიან, მაგრა მას ზედა ბულბულნი ტურფასა ხმასა ჰყივიან, სიცხე სწვავს, ყინვა დააზრობს, წყლულნი ორჯერვე სტკივიან; –

1324. აგრევე გული კაცისა მოსაგვარებლად ძნელია, ჭირსა და ლხინზედ ორზედვე, ზედან მართ ვითა ხელია, მიწყივ წყლულდების, საწუთრო მისი აროდეს მრთელია, – იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისი მტერია.

1325. ტარიელ ჰნახა ნაწერი კვლავცა მკვლელისა მისისა, იკითხავს, თუცა აშეთებს კითხვა წიგნისა მისისა; დაუყვის ცრემლმან სინათლე, ბნელად ჩანს შუქი დღისისა; ავთანდილ ადგა, დაუწყო თხრობა სიტყვისა მქისისა;

1326. იტყვის თუ: “ნაქმრად არ ვარგა კაცისა გასწავლულისა, “აწ რადღა გვმართებს ტირილი, ჰხამს, დავსხდეთ ქმნად ღიმილისა; “ადეგ, წავიდეთ საძებრად მის მზისა წარხდომილისა, “ადრე მიგიყვან, მიყვანა არს შენგან მონდომილისა.

1327. “ვითა გვმართებს გახარება, პირველ აგრე გავიხარნეთ, “მერმე შევსხდეთ, გავემართნეთ, ქაჯეთისკენ თავნი ვარნეთ, “ხმალნი ჩვენნი ვიწინამძღვრნეთ, მათნი ზურგნი დავიყარნეთ, “უჭირველად შემოვიქცეთ, იგი მძორთა დავადარნეთ”.

1328. მერმე ტარიელ ამბავსა ჰკითხავს, აღარა ბნდებოდა, შეჰხედნის, თვალნი ამართნის, შავ-თეთრი ელვა ჰკრთებოდა, მართ ვითა ლალსა, მზისაგან მას ფერი ეზარდებოდა, ვინ ღირსა, თუმცა წყალობით ცა მიწყივ მობრუნდებოდა.

1329. ავთანდილს მადლი უბრძანა, ქმნა უყო საუბარისა: “მე შენი ქება ვითა ვთქვა, ბრძენთაგან საქებარისა! “ვითა ზე მთისა წყარომან, მოჰრწყე ყვავილი ბარისა, “დამწყვიდე დენა ცრემლისა, ნარგიზთა ნაგუბარისა.

1330. “მე ვერა გიყოფ ნაცვალსა, ღმერთი გარდგიხდის ციერი, “ზეგარდმოთ მისთა შემოგზღოს მუქაფა ჩემმაგიერი!” შესხდეს და შინა წავიდეს, მათ ლხინი ჰქონდათ ძლიერი; აწ გავეაძღო სოფელმან ასმათ, ადრიდგან მშიერი.

1331. ქვაბისა კარსა ასმათი მარტო ზის, არ ბარგოსანი, შეჰხედნა, იცნა ტარიელ, თანა ყმა ჭარმაგოსანი, ორნივე ტურფად იმღერდეს ვით იადონი მგოსანი; მაშინვე იცნა, ავარდა შიშველი, პერანგოსანი.

1332. აქამდის მიწყივ ენახა ქვაბს მისვლა მოტირალისა, აწ გაუკვირდა დანახვა სიცილით მომღერალისა, ზარ-აღებული ავარდა, ცნობა უძს, ვითა მთვრალისა, არ იცის სმენა ამბისა, ჯერ მისგან სასურვალისა.

1333. მათ რა ჰნახეს, შემოჰყივლეს სიცილით და კბილთა ჩენით: “ჰე, ასმათო, მოგვივიდა მოწყალება ღვთისა ზენით, “ვპოვეთ მთვარე დაკარგული, რაცა გწადდა, იგი ვქმენით, “აწ გავხედით ბედისაგან ცეცხლთა შრეტით, ჭირთა ლხენით!”

1334. ავთანდილ ცხენსა გარდაჰხდა ასმათის მოსახვეველად, მან მიჰყო ხელი ალვასა, შტო მოჰყვა მოსარხეველად, ყელსა და პირსა აკოცებს, არის ცრემლისა მფრქვეველად, “ რა სცანო რა ჰქმენ, მიამბე? ვტირ შენი მოაჯე ველად”.

1335. ავთანდილ ასმათს უსტარი მისცა მისისა ზრდილისა, ალვისა შტო დამჭკნარისა, მთვარისა ფერ-მიხდილისა, “უთხრა თუ: “ჰნახე ნაწერი მის პატიჟ-გარდახდილისა, “მზე მოგვეახლა, მოგვეცა ჩვენ მოშორება ჩრდილისა”.

1336. ასმათ რა ნახა უსტარი, სცნა მისი დანაწერობა, გაჰკვირდა, ზარმან აიღო, ათრთოლებს, ვითა ხელობა, ტერფით თხემამდის გაუხდა მას მეტი საკვირველობა, იტყვის: “რა ვნახე, რა მესმის, არსმცა ამისი მრთელობა?!”

1337. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, ეგე ამბავი მრთელია, “ლხინი მოგვეცა, მოგვშორდა ყოველი ჭირი ძნელია, “მზე მოგვეახლა, უკუნი ჩვენთვის აღარა ბნელია, “ბოროტსა სძლია კეთილმან, – არსება მისი გრძელია!”

1338. ინდოთ მეფე მხიარული ასმათს რასმე უბრძანებდა, ერთმანერთსა ეხვეოდეს, სიხარული ატირებდა; ვარდსა ზედა ყორნის ბოლო ნამსა თხელსა აპკურებდა, – კაცსა ღმერთი არ გასწირავს, თუცა კაცი შეიგებდა.