ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

1339. ღმერთსა მისცეს დიდი მადლი, სთქვეს: “ გვიყოო, რაცა სჯობდა; “აწღა ვცანით, უარესსა პირი თქვენი არ გაბრჭობდა;” ინდოთ მეფე ხელ-განპყრობით მხიარული ამას ჰხმობდა; ქვაბს შევიდეს მხიარულნი, ასმათ რასმე მასპინძლობდა.

1340. ტარიელ ეტყვის ავთანდილს: “ისმინე სიტყვა ასები, “გიამბობ რასმე ამბავსა, მოამბედ ნუ გენასები: “მე ოდეს ქვაბნი წაუხვენ, დავხოცენ დევთა დასები, “მას აქათ მათი აქა ძეს საჭურჭლე ძვირ-ნაფასები.

1341. “მე აგრე არა მინახავს, მართ ვითა არა მდომია, “მოდი და გავხსნათ, შევიგნეთ, საჭურჭლე თუ რა ზომია;” იამა, ადგეს ორნივე, არცა ქვე ასმათ მჯდომია, დაჰლეწეს კარი ორმოცი, მათგან არ ზედან ომია.

1342. ჰპოვეს საჭურჭლე უსახო, კვლავ უნახავი თვალისა, მუნ იდვა რიყე თვალისა, ხელ-წმიდათ განათალისა, ჩნდის მარგალიტი, ოდენი ბურთისა საბურთალისა, – ვინცა ჰქმნა რიცხვი ოქროსა, ვერვისგან დანათვალისა!

1343. იგი სახლი ორმოცივე შიგან იყო გატენილი; ჰპოვეს ერთი ზარადხანა, აბჯრისათვის ახლად ქმნილი; მუნ აბჯარი ყოვლი ფერი ასრე იდვა, ვითა მწნილი, შიგან ერთი კიდობანი დაბეჭდილი, არ გახსნილი.

1344. ზედა ეწერა: “აქა ძეს აბჯარი საკვირველიო, “ჯაჭვ-მუზარადი, აბჯარი, ხმალი, ბასრისა მჭრელიო; “თუ ქაჯნი დევთა შეებნენ, იყოს დღე იგი ძნელიო, “უმის ჟამისოდ ვინც გაჰხსნას, არის მეფეთა მკვლელიო”.

1345. კიდობანი გაჰხსნეს, ჰპოვეს მუნ აბჯარი სამი ტანი, რასაცა ვით შეიმოსენ მეომარნი სამნი ყმანი: ჯაჭვნი, ხმალი, მუზარადი საბარკული მათი გვანი, ზურმუხტისა ბუდებითა იყვნეს, ვითა ლუსკუმანი.

1346. თვითომან თვითო ჩაიცვეს, თავის თავს გამოსცდიდიან, ჯაჭვ-მუზარადსა, აბჯარსა მართ ვერა ვერ მოჰკიდიან; ხმალი რკინისა მოჰკრიან, ვით ბანბის მკედსა სჭრიდიან, მართ უღირს ყოვლად ქვეყნად, შევატყევ, არ გაჰყიდიან.

1347. სთქვეს: “ესე ნიშნად გვეყოფის, ვართო კარგითა ბედითა; “ღმერთმან მოგვხედნა თვალითა, ზეგარდმო მონახედითა;” აიღეს იგი აბჯარი თავის თავისა ქედითა, თვითო მათ ერთი ფრიდონის საძღნობლად შეჰკრეს ღვედითა.

1348. ოქროც რამე წაიტანეს, მარგალიტი ღარიბები, გამოვიდეს, გამობეჭდეს ორმოცივე საჭურჭლები; ავთანდილ სთქვა: “ამას იქით დავმაგრო ხმალთა ნები, “ამას ღამე არსად წავალ, რა გათენდეს არ დავდგები”.

1349. აქა, მხატვარო, დაჰხატე ძმად უმტკიცესი ძმობილნი, იგი მიჯნურნი მნათობთა, სხვისა ვერვისგან სწრობილნი; ორნივე გმირნი მოყმენი, მამაცობისა ცნობილნი, რა ქაჯეთს მივლენ, გასინჯოთ ომი ლახვართა სობილნი.

ტარიელისა და ავთანდილის წასვლა ფრიდონისას

1350. რა გათენდა, გაემართნეს, წაიტანეს ასმათ თანა, ნურადინის ქვეყანამდი შეისვიან მათ უკანა, მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა; ავთანდილ კმა ყოლაოზად, სხვამცა ვინღა წაიტანა.

1351. იარეს და ზედან შეჰხვდეს ნურადინის მეჯოგეთა, ჯოგი ნახეს, მოეწონათ, ფრიდონისთვის ეაგეთა; მუნ ავთანდილს ინდო ეტყვის: “გაქნევ კარგთა სიშმაგეთა, “მოდი, ფრიდონს გავლაღობნეთ, ჯოგსა მისსა მოვადგეთა.

1352. “ჯოგი წაუღოთ, მოსრულსა ესმის ჯოგისა წაღებად, “გამოემართვის საომრად, ველთა სისხლისა დაღებად, “ანაზდათ გვიცნობს, გაჰკრთების, გულსა შეჰლამის დაღებად, – “ამოა კარგი ლაღობა, ლაღსა შევეიქმს ლაღებად”.

1353. დაიწყეს პყრობა ტაიჭთა, ფრიდონის უკეთესებსა; მუნ მეჯოგეთა ფანოსი შეექმნათ, ეკრა კვესებსა, უყივლეს: “ვინ ხართ, მოყმენო, ვინ იქმთ საქმესა ზესებსა? “ჯოგი მისია, ვინ მტერსა ჰკრავს ხმალსა, არ აკვნესებსა”.

1354. მათ მშვილდები დაიწვადეს, მეჯოგეთა გაეკიდნეს; მეჯოგენი მიიზახდეს, ხმანი მათნი გაადიდნეს: “გვიშველეთო, გვიშველეთო, მეკობრეთა ამოგვწყვიდნეს!” ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, ფრიდონს ჰკადრეს, არ დაჰრიდნეს.

1355. შეეკაზმა ფრიდონ, შესჯდა, შეკაზმული გამოვიდა; ხმა შეიქმნა, შეიყარნეს, რაზმი ველთა დაჰფარვიდა; იგი მზენი მოეგებნეს, ვის ზამთარი ვერ დაჰზვრიდა, დაეხურათ ზარადები, პირსა მათსა უფარვიდა.

1356. რა ტარიელ ფრიდონ იცნა: – “აწ ვნახეო, ვინცა მინა,“ მუზარადი მოიხადა, გაიღიმა, გაიცინა; ფრიდონს უთხრა: “რასა ჰლამი, ჩვენი მოსვლა რას გეწყინა? “პურად ავი მასპინძელი მოგვეგები ომად წინა”.

1357. ფრიდონ ფიცხლად გარდაიჭრა, დავარდა და თაყვანი-სცა; იგინიცა გარდაუხდეს, მოეხვივნეს, აკოცისცა; ფრიდონ ღმერთსა ხელ-აღპყრობით უსაზომო მადლი მისცა; დიდებულნი აკოცებდეს, იცნობდიან იგი ვისცა.