... (H-742), XIX ს.

1111. დიდ ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოებენ. იყიდიან გაჰყიდიან მოიგებენ წააგებენ. გლახა თვე ერთ გამდიდრდების სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ. უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1112. მე ვარ მებაღე უსენის ვაჭართა უხუცესისა. ესეცა გკადრო ამბავი საქმე მისისა წესისა. თვით ესე ბაღი მისია თქვენი სადგომი დღესისა. პირველ მას მართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1113. რა შემოვლენ დიდ ვაჭარნი მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან. უჩვენებენ რაც ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან. უტურფესა სეფედ დასხმენ ფასსა მუნვე დაუთვლიან. მათ მაშინვე ააზატებს ვითა სწადდეს და სყიდიან.

1114. თქვენებრთა საბატიოთა მათ მართებს გამოსვენება. დამყენებელთა უბრძანებს მართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის რას მარგებს მისი ხსენება. გამოგება და წაყვანა მას მართებს თქვენი ქენება.

1115. ფატმან ხათუნ შინა არის ხათუნი და ცოლი მისი. პურად კარგი მასპინძელი საყვარელი არ თუ მქისი. მას ვაცნობო მოსვლა თქვენი წაგიყვანოს ვითა თვისი. წინა კაცსა მოგაგებებს ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი.

1116. ავთანდილ უთხრა წადიო აგრე ჰქმენ რაცა გწადიან. მებაღე მირბის იხარებს ოფლი მკერდამდის ჩადიან. ხათუნსა უთხრა ამბავი მე ესე დამიქადიან. ყმა მოვა მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

1117. ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა. საროსა მზგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა. ჰშვენის ჯუბა და მოხვევნა ძოწეულისა რიდისა. მე მიხმო მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა.

1118. ფატმან ხათუნს გაეხარნეს გააგება მონა ათი. მოუკაზმეს ქარვანსრანი დააყენა ბარგი მათი. შემოვიდა ღაწვი ვარდი ბროლ ბალახში მინა სათი. მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი ლომსა თათი.

1119. ზარი გახდა შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად. იქით აქათ იჯრებოდეს უჭვრიტოთო ამას სრულად. ზოგნი ნდომით შეფრფინვიდეს ზოგნი იყვნეს სულ წასულად. მათთა ცოლთა მოიძულვეს ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

მისვლა ავტანდილისა ფატმანისას ფატმანის მიგებება და სიხარული

1120. ფატმან ცოლი უსენისა გაეგება კართა წინა. მხიარულად უსალამა სიხარული დაიჩინა. ერთმანერთი მოიკითხეს შევიდეს და დასხდეს შინა. ფატმან ხათუნს მოსვლვა მისი შევითვატყე არ ეწყინა.

1121. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე არ ყმაწვილი მაგრა მზმელი. ნაკვთად კარგი შავ გრემანი პირ მსუქანი არ პირხმელი. მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული ღვინის მსმელი. დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი.

1122. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა მიმღებელთა თქვეს თუ ვარგა. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს ღმერთო არ დაჰკარგა. ჰსვეს და ჭამეს დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ გა.

1123. დილასა ლარი ყველაი უჩვენა გაახსნევინა. ტურფანი სეფედ გარდასხეს ფასიცა დაათვლევინა. ვაჭართა უთხრეს წაიღეთ აჰკიდა გააწევინა. ჰსთქვა ვითა გინდა ვაჭრობდით ნუ გაამჟღავნებთ მე ვინა.

1124. ყმა ვაჭრულად იმოსების არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა ზოგჯერ იყვის ფატმანისსა. ერთგან სხდიან უბნობდიან საუბარსა არა მქისსა. ფატმანს ჰკვლიდა უმისობა რამინისა ვითა ვისსა.

ფათმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაგზავნა.

1125. ჰსჯობს სიშორე დიაცისა ვისგან ვითა დაითმობის. გილიზღებს და შეგიკვეთებს მიგინდობს და მოგენდობის. მართ ანაზდად გიღალატებს გაჰკვეთეს რაცა დაესობის. მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

1126. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა. სიყვარული მეტის მეტი მოემატა ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა. იტყვის რა ვქმნა რა მერგების აწვიმებდა ცრემლთა ღვრიდა.

1127. მიღმა უთხრა ვაი თუ გასწყრეს შეხედვაცა დამიძვირდეს. თუ არა ვსთქვა გავსძლებ ცეცხლი არა უფრო გამიხშირდეს. ვჰსთქვა და მოვკვდე ანუ დავრჩე ერთი რამე გამიპირდეს. მას მკურნალმან როგორ ჰკურნოს თუ არ უთხრას რაცა სჭირდეს.

1128. დაწერა წიგნი საბრალო მის ყმისა მისართმეველი. მისისა მიჯნურობისა მისთა პატიჟთა მცნეველი. მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი შემარხეველი. უსტარი შესანახავი არ ცუდად დასახეველი.