... (H-742), XIX ს.

1092. ავთანდილის მაქებელთა ათასიმცა ენა უნდა. ვერცა მათ სთქვეს ნაომრობა როგორ ტურფად დაუშვენდა. ქარავანმან იზრიალა სთქვეს უფალო მადლი შენდა. მზემან შუქნი შემოგვადგნა ღამე ბნელი გაგვითენდა.

1093. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა პირსა ფერხსა ხელსა. ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა. მისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა ვითა ხელსა. შენგან დავრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა.

1094. ყმამან უთხრა მადლი ღმერთსა შემოქმედსა არსთა მხედსა. ვისგან ძალნი ზეციერნი გააგებენ აქა ქნადსა. იგი იქმნას ყველაკასა იდუმალსა ზოგსა ცხადსა. ჰხამს ყოვლისა დაჯერება ბრძენი ჯერა მოწევნადსა.

1095. ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი. მე გლახ რა ვარ მიწა ცუდი თავით ჩემით რამცა ვქენი. აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი გავასრულე რაცა ვთქვენი. ნავი სრულად საქონლითა მომიღია ვითა ძღვენი.

1096. ამოა კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს. ამხანაგთათვის ეჯობნოს ვინცა მას თანა ხლებოდეს. მიულოცვიდენ აქებდენ მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს. ჰშვენოდეს დაკოდილობა ცოტაი რამე ვნებოდეს.

1097. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს არა ხვალეს. მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს. მათსა ნავსა გარდმოიღეს ნავი სრულად გარდმოსცალეს. დალეწეს და ზოგი დაწვეს შეშა დრამად არ გაცვალეს.

1098. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა. შენგან ვართ გამაგრებულნი ჩვენ ვიცით ჩვენი ფლიდობა. რაცა გვაქვს იგი შენია ამას არ უნდა ცილობა. რასაცა მოგვცემ გვიბოძე გვიქნია აქა ყრილობა.

1099. ყმამან შესთვალა ჰე ძმანო წეღანცა მოგისმენია. ღმერთსა შეესმა, ნაკადი რაცა თქუენ თვალთა გდენია. მან დაგარჩინნა მე რა ვარ მე, გლახ რა მამილხენია. რა გინდა მომცეთ რას ვაქნევ მე ვარ და ჩემი ცხენია.

1100. მე თუცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი. ჩემსაცა მქონდა ურიცხვი უსახო ლარ საგებელი. რას ვაქნევ თქვენსა რასგინდა ოდენ ვარ თქვენი მხლებელი. სხვაგან რამე მიძს სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1101. აწე რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი. რაცა ვის გინდა წაიღეთ არვისი ვიყო მლალავი. ერთსა ვიაჯი მიაჯეთ სააჯო არ საკრძალავი. საქმე რამე მიძს თქვენშია თავისა დასამალავი.

1102. ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქუენსა პატრონობასა. თვით თავადია ჩვენი ჰსთქვით ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ დავიწყებ ჩუბაჩობასა. თქვენ შემინახეთ ნამუსი თქვენსა და ჩემსა ძმობასა.

1103. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს მეტად დია. მოვიდეს და თაყვანისცეს ჰკადრეს ჩვენი იმედია. რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა იგი თქვენვე გიაჯია. მას ვმსახუროთ ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია.

1104. მუნით წავიდეს იარეს არ თურე ხანსა ზმიდიან. მიხვდეს ტაროსსა ამოსა ნიადაგ ამოდ ვლიდიან. შეფრფინვიდიან ავთანდილს ქებასა შეასხმიდიან. მას მარგალიტსა მას ყმასა კბილთა ფერსა სძღვნიდიან.

ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა ზღვის პირს რომ გავიდა.

1105. ზღვა გაიარა ავთანდილ მივა ტანითა მჭევრითა. ნახეს ქალაქი მოცული გარე ბაღისა ტევრითა. გვარად უცხონი ყუავილნი ფერითა ბევრის ბევრითა. მის ქვეყანისა სიტურფე რა გაიგონო შენ რითა.

1106. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა. ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვა დაჯდა სკამითა. მოასხეს კაცნი მზიდავნი დამზადებულნი დრამითა. იგი ყმა ვაჭრობს თავადობს და თავს მალავს ამითა.

1107. მოვიდა მისი მებაღე ბაღსა იახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა ელვათა მკრთომელსა. ავთანდილ უხმო ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა. მისნი ხართ ვისნი ხართ რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა.

1108. წვრილად მითხარ ყველაკაი ყმა მას კაცსა ეუბნების. რა ლარია უფრო ძვირად ან იეფად რა იხსნების. ჰკადრა ვხედავ პირი შენი მზისა პირად მემეცნების. რაცა ვიცი მართლად გკადრებ მრუდი არა არ გემცნების.

1109. ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა. თვით გულანშაროს ქალაქი სავსე ტურფითა მრავლითა. აქ ძეს ტურფა ყველაი ზღვა ზღვა ნავითა მავლითა. მელიქ სურხავი ხელმწიფობს სავსე სვითა და დავლითა.

1110. აქა მოსულითა გაყმდების კაცი თუც იყო ბერები. სმა გახარება თამაში ნიადაგ არს სიმღერები. ზამთარ და ზაფხულ ჰსწორად გვაქვს ყვავილი ფერად ფერები. ვინცა გვიცნობენ გვნატრიან იგინცა ვინა მტერები.